„კავკასიის უნივერსიტეტის“ პირველკურსელთა წვეულებაზე რამდენიმე სტუდენტი შეუძლოდ გახდა – დაწყებულია გამოძიება
„გამოძიება დაწყებულია 124-ე მუხლით“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც „კავკასიის უნივერსიტეტის“ პირველკურსელთა მისასალმებელ წვეულებაზე სტუდენტების შესაძლო მოწამვლის ფაქტზე დავსვით კითხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი ეხება ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.
შემთხვევა გუშინ ღამით, Welcome party-ზე მოხდა, სტუდენტებისგან გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციების თანახმად, “ვიღაცამ მათრობელა ნივთიერება სასმელში შეურია და გოგონები ცუდად გახდნენ, ადგილზე არაერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული”.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიდასტურებს, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში 5-მდე პირია გადაყვანილი.
მომხდარზე რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა “კავკასიის უნივერსიტეტმაც”:
“კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც. მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას”, – წერია უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.