„ორშაბათს სკოლაში არ უნდა მოხვიდეთო“ – შეჩერდება თუ არა სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლაში?, რას ითხოვენ მშობლები და რა პასუხი აქვს სამინისტროს
სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში დიდი ალბათობით სასწავლო პროცესი შეჩერდება. სკოლა ავარიულია და როგორც მოსწავლეების მშობლებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს უთხრეს, სამხარაულის დასკვნაში წერია, რომ შენობის მეოთხე კატეგორიის დაზიანება აქვს.
სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა დღეს, 6 ნოემბერს, საპროტესტო აქცია სკოლასთან გამართეს, რის შემდეგაც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მათ სკოლაში შეხვდნენ. მშობლებისთვის სამინისტროს შეთავაზებები არასერიოზულია. შეხვედრიდან გამოსულები კი ამბობენ რა უთხრეს მშობლიურ სკოლაზე შეხვედრის დროს:
“ორშაბათს სკოლაში არ უნდა მოხვიდეთო. სამინისტრო მე, მშობელს მთავაზობს, ფართი მოვიძიო! მეტი სერიოზულობა მართებთ. ჩვენ მხოლოდ პირველ ცვლაში სწავლაზე ვართ თანახმა, შესაბამისი პირობებით”, – თქვა შეხვედრიდან გამოსულმა მშობელმა.
სკოლის კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი, მარი გაბედავა კი ამბობს, რომ სამინისტრო მოსწავლეებისთვის, თავდაპირველად 51-ე სკოლის მეორე ცვლაში გადასვლას, ასევე ონლაინ სწავლებასაც განიხილავდა, თუმცა მშობლებმა დისტანციურ სწავლაზე უარი თქვეს:
“მშობლების დიდი წინააღმდეგობის გამო, უკან დაიხიეს მეორე ცვლაზე და ონლაინ/ჰიბრიდულ სწავლებაზე. სკოლას დაავალეს! ახლა! გამოაცხადონ ბაზრის კვლევა. მშობლებმაც მოიძიეთ ფართიო. მათ შორის, სტუ-ს ფართიც უნდა შეფასდესო. ორშაბათს რას ვაკეთებთ, მაგაზე პასუხი არ აქვს სამინისტროს ოღონდ!”.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრის შემდეგ მედიას მხოლოდ ის უთხრა, რომ ახლა სამუშაო პროცესია და მშობლებთან კომუნიკაციას გააგრძელებენ:
მოსწავლის მშობელი, მარი გაბედავა იმასაც ჰყვება, თუ რა პირობებში და როგორ შეიტყვეს, რომ მათი შვილები მშობლიურ სკოლაში ვეღარ ივლიდნენ:
“გუშინ, 5 ნოემბერს, გაკვეთილების მერე ვეკუას სკოლის (42-ე საჯარო) მშობლებს დამრიგებლებმა გამოგვიგზავნეს ორწინადადებიანი მესიჯი, რომ რადგან სკოლა ავარიულია, უნდა გადავიდნენ 51-ე სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში. ოღონდ ეს გადასვლა როდის უნდა მოხდეს, მაგაზე დამრიგებელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია. ანუ, შემდეგ კვირაში, შემდეგ სემესტრში, თუ შემდეგ წელს. ამ დონეზე არის ქაოსი.
აქამდე გვქონდა ინფორმაცია, რომ მომავალი სასწავლო წლიდან უნდა გადასულიყვნენ სტუ-ს მეორე კორპუსში, პირველ ცვლაში. გუშინ გვითხრეს, რომ სამინისტრო ვერ დაითანხმეს ამაზე (რაც გვაცნობეს, როგორც შეთანხმებული და გადაწყვეტილი).
ზოგადად არის ქვეყნის და ნებისმიერი მთვრობის სირცხვილი, რომ ბავშვებს 2 ცვლაში უწევთ სწავლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის არ არის პრიორიტეტული არც ბავშვი, არც განათლება, არც ოჯახი და სხვათა შორის, არც ეკონომიკის განვითარება. თითოეულ ამ საკითხზე ცალკე დიდი სტატია შეიძლება დაიწეროს, დეტალური დასაბუთებით, რატომ.
ახლა კონკრეტულად ამ ამბავს რომ მივუბრუნდეთ. ვეკუაში სწავლობდა ჩემი და, 90-იანების ბოლოს და მაშინვე არ იყო შენობა კარგ ფორმაში, როგორც ყველამ უკვე იცის. იმაზე არაფერს ამბობს სამინისტრო, რატომ არიან ამ სკოლაში აქამდე – როგორ იყო სკოლა უსაფრთხო სექტემბერში და ახლა გახდა ასე საშიში. არც ერთ მშობელს არ უნდა, რომ თავისი შვილი ფიზიკური საფრთხის ქვეშ იყოს სკოლაში და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემი ჯგუფელი ლალი კალანდაძე ჩემზე მეტად ნერვიულობს ჩემს შვილზე. სწორედ ესაა უღირსობა, რომ ასე აყენებს საკითხს – ან ფიზიკური უსაფრთხოება, ან ყველაფერი დანარჩენი და ამაზეც მშობლებს ანამუსებს აქეთ.
მეორე – ვეკუა არის თბილისში ორი საუკეთესო, აკადემიურად ვიწროდსპეციალიზებული საჯარო სკოლიდან ერთ-ერთი. ამ სკოლაში მოსახვედრად ძალიან რთული გამოცდები აქვთ ბავშვებს ჩასაბარებელი და ეროვნულ გამოცდებზე მეტია მგონი კონკურსი ფიზიკაში და მათემატიკაში. მაგრამ როგორც მშობელი, გარწმუნებთ, რომ ჩვეულებრივ საჯარო სკოლებზე მეტი მოთხოვნაა ყველა სხვა დანარჩენ საგანშიც. ეს სკოლა საჯარო სკოლების სისტემის ნაღებია.
ახლა, ნოემბერში, ამ უკიდურესად მოტივირებულ ბავშვებს ეუბნებიან, რომ უნდა გადავიდნენ სხვა სკოლაში მეორე ცვლაში, 2 საათიდან ალბათ 8 საათამდე. უნდა აურიონ დღის განრიგი, დალაგებული აქტივობები, და ცხოვრება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ განათლების სამინისტრომ და მთავრობამ ვითომ ვერ იშოვეს ამხელა ქალაქში უსაფრთხო სივრცე, რომ ნორმალური დღის განრიგი შესთავაზონ სწავლისთვის.
მშობლები და ბავშვები ვითხოვთ უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გარემოს, სადაც ბავშვები შეძლებენ ისწავლონ. ძალიან საბაზისო მოთხოვნაა მგონი”, – წერს მარი გაბედავა, 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი.
-
დღეს სკოლებში ძალადობის, ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება
by ARIS.GE-განათლება
-
„ბულინგი არ არის ასაკით განპირობებული ბავშვური კინკლაობა – სკოლას სჭირდება ანტიბულინგის პოლიტიკის შემუშავება“
by განათლებული ბლოგი
-
2027 წლიდან საქართველოში, შესაძლოა, ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა დაიწყოს
by ARIS.GE-განათლება