GE

13 წლამდე პირებისთვის TIK TOK განკუთვნილი არ არის – რა სააფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის საყვარელი აპლიკაცია

ჩინური კომპანიის Bytedance-საპლიკაციაTikTok მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისდამი განსაკუთრებული ინტერესი პანდემიის დროს გაჩნდა. აპლიკაცია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მოქალაქეების უკეთ ინფორმირების, ინტერნეტის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე თითოეული მათგანის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა TikTok-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები შეისწავლა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში არასრულწლოვანთა უფლებების შესახებაცაა საუბარი.

რა მონაცემებს აგროვებს აპლიკაცია ჩვენ შესახებ?

აპლიკაციის იმ მომხმარებლებისთვის, რომელებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს „სხვა ქვეყნებისთვის“ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, დაბადების თარიღი (როცა ხდება ამ მონაცემის მითითება), ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი.

Google Play -ში დაფიქსრებული მონაცემებიდან გამომდინარე, აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში ჩაწერის და მისი გამოყენების დროს მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებზე და ფუნქციებზე წვდომას:

მოწყობილობისა და აპლიკაციის ისტორია (Device & app history) – აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში ჩაწერილი და მიმდინარე და გააქტიურებული აპლიკაციების/პროგრამების შესახებ.  მაგალითად თქვენ თუ მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ  Facebook, viber და  whatsapp აპლიკაციები tik tok -ის აპლიკაციას შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის მიღება. აპლიკაციისთვის მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორიაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;

მიკროფონი – აუდიო ჩაწერა (Microphone-record audio) – აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის მიკროფონის გამოყენებით ნებისმიერ დროს განახორციელოს ხმის ჩაწერა, დამატებითი დადასტურების გარეშე. აპლიკაციის საშუალებით მიკროფონის პირველი გამოყენების დროს, იგი გეკითხებათ მოწყობილობის მიკროფონის გამოყენების ფუნქციაზე წვდომის მიღების შესახებ. მაგალითად, როდესაც პირველად გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის საშუალებით ვიდეოს ჩაწერას, აპლიკაცია მოგთხოვთ თქვენი მოწყობილობის მიკროფონისა და კამერის გამოყენების უფლებას. თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციას მისცეთ უფლება, დამატებითი დადასტურების გარეშე, შემდგომში გამოიყენოს თქვენი მოწყობილობის მიკროფონი. აპლიკაციას მიკროფონის გამოყენების ფუნქციაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;

ტელეფონის მეხსიერება (Storage) – მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია განახორციელოს მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების წაკითხვა/დათვალიერება, ჩაწერა, წაშლა ან რედაქტირება. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ სურათები ან ვიდეოგამოსახულებები, აპლიკაციას შეუძლია მათი დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომისათვის დამატებით გეკითხებათ ტელეფონში აპლიკაციის საშუალებით პირველი ვიდეო/აუდიო გამოსახულების შენახვის დროს. შესაბამისად, აპლიკაციას შეგიძლიათ მისცეთ უფლება დამატებითი დადასტურების გარეშე შემდგომში წვდომა ჰქონდეს თქვენს ტელეფონში ჩაწერილ სურათებზე ან ვიდეო გამოსახულებებზე. აპლიკაციას თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;

მაიდენტიფიცირებელი მონაცემები – ანგარიშის დამატება ან წაშლა (Identity – add or remove accounts) – აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობაში ანგარიშების (Account) დამატება, ამოშლა და მათი პაროლების წაშლა. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილია Facebook-ის მობილური აპლიკაცია, ამ წვდომის საშუალებით TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ Facebook-ის რომელი ანგარიში არის დარეგისტრირებული ტელეფონში. ასევე, შეუძლია ამ ანგარიშის პაროლის წაშლა. აპლიკაციისთვის მოწყობილობაში ანგარიშის დამატების ან წაშლის ფუნქციაზე წვდომის გათიშვა  შეუძლებელია;

კამერა – ფოტო და ვიდეო გადაღება (Camera – take pictures and videos) – მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს კამერაზე წვდომა (სურათების და ვიდეოს გადაღება) დამატებითი დადასტურების გარეშე. მაგალითად, TikToK-ის აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის კამერის საშუალებით ვიდეო ან ფოტო გამოსახულება ჩაიწეროს, მაშინაც კი, როდესაც აპლიკაციას არ იყენებთ. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის კამერით გადაღების ფუნქციაზე წვდომის მისაღებად დამატებით შეგეკითხებათ აპლიკაციის საშუალებით ვიდეო ან ფოტო გამოსახულების პირველი გადაღების დროს. მაგალითად, როდესაც პირველად გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის საშუალებით ვიდეოს ჩაწერას, აპლიკაცია მოგთხოვთ მოწყობილობის კამერისა და მიკროფონის გამოყენების უფლებას. შესაბამისად, აპლიკაციას შეგიძლიათ მისცეთ, შემდგომში დამატებითი დადასტურების გარეშე, თქვენი მოწყობილობის კამერით ვიდეო და ფოტო გამოსახულების გადაღების შესაძლებლობა. აპლიკაციისთვის კამერით გადაღების ფუნქციაზე წვდომა შეიძლება გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან

Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაცია (Wi-Fi connection information) – აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში უკაბელო ქსელთან წვდომისა და უკაბელო მოწყობილობის დასახელების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს სახლში გაქვთ უკაბელო მოწყობილობა (Wi-Fi) ინტერნეტთან კავშირისათვის, რომელსაც თქვენი მოწყობილობა უკავშირდება, TikToK-ის აპლიკაცია კითხულობს თქვენი უკაბელო მოწყობილობის დასახელებას. გარდა ამისა, მას აქვს წვდომა ყველა უკაბელო მოწყობილობის (Wi-Fi) დასახელებებთან, რომელებიც ოდესმე გამოგიყენებიათ და მათ შესახებ მონაცემები თქვენს მოწყობილობაშია შენახული. აპლიკაციისთვის თქვენი მოწყობილობის Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;

კონტაქტები – კონტაქტების წაკითხვა (Contacts – read your contacts) – მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია წაიკითხოს მოწყობილობაში ყველა საკონტაქტო მონაცემი. მაგალითად, თუ მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ თქვენი ნაცნობების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, ელფოსტის მისამართები და სხვა საკონტაქტო მონაცემები, TikTok-ის აპლიკაცია კითხულობს ყველა ამ მონაცემს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენს ტელეფონში შენახულ საკონტაქტო მონაცემებზე წვდომის მისაღებად დამატებით შეგეკითხებათ თქვენს ტელეფონში შენახული კონტაქტების TikTok-ში მოძებნის დროს. შესაბამისად, შეგიძლიათ აპლიკაციას მისცეთ აღნიშნული უფლება. აპლიკაციას თქვენს ტელეფონში შენახულ საკონტაქტო მონაცემებზე წვდომა შეიძლება გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის მიერ მომხმარებელთან დაკავშირებით შეგროვებული მონაცემების შენახვა შესაძლოა განხორციელდეს სინგაპურში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე, ხოლო აღნიშნული მონაცემები ინახება იქამდე, სანამ მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას ან იქამდე სანამ კომპანიას აქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის მიერ მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა, მითითებულია, რომ ინტერნეტის საშუალებით მონაცემთა გადაცემა არასდროს არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სხვადასხვა გზით, მაგალითად დაშიფვრის გამოყენებით, ახდენს მონაცემთა დაცვას, ის არ იძლევა გარანტიას აპლიკაციის საშუალებით გადაცემული მონაცემების სრულ უსაფრთხოებაზე.

დაცულია თუ არა არასრულწლოვანთა უფლებები?

კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულია, რომ აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის პირთათვის. რიგ შემთხვევაში, ეს ასაკი შესაძლოა იყოს ნაკლები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. შესაბამისად, კომპანია მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას, რომ აპლიკაციის საშუალებით ხდება მითითებულ ასაკზე ქვემოთ არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება, კომპანიას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected]. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის პერსონალურ მონაცემების დამუშავება სპეციალურ, უფრო მკაცრ სტანდარტებსა და წესებს ექვემდებარება, მსოფლიოში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ კუთხით კეთდება. კერძოდ, რამდენად მარტივი ენით აფრთხილებს აპლიკაცია ბავშვებს მონაცემთა დამუშავების შესახებ და რამდენად სწორად ხდება მშობლის თანხმობის მოპოვება. TikTok-ის შემთხვევა საინტერესოა, რადგან მას შესაძლოა სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნდეს ყველა სხვა აპლიკაციისთვის, რომლებიც ბავშვების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური