GE

20 000 ლარზე მეტი ორი თვით შენობის შეიარაღებული დაცვისთვის – რას ითხოვს ბათუმის საზღვაო აკადემია

ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთის ფილიალის დასაცავად შეიარაღებული დაცვის გამოყოფას ითხოვს. აკადემიის ხელმძღვანელობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს, რომ ფოთში, განახლებული ფილიალის ქონების დასაცავად, ორ თვეში 20 ათას ლარზე მეტია საჭირო.

„გაცნობებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქ. ფოთში, წმინდა გიორგის ქ. N24-ში მდებარე სსიპ “სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიი”, -ის ადმინისტრაციული შენობის და მასში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ნივთების დაზიანების, ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო არის 2020 წლის ბოლომდე შესაბამისი შესყიდვის განხორციელება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 20 750 ლარი. აღსანიშნავია, რომ დაცვის სამსახურმა 24 საათის განმავლობაში უნდა დაიცვას დასაცავი ობიექტი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა, რის გამოც მიზანშეწონილია ობიექტების სათანადო დაცვა ცეცხლსასროლი (სამსახურეობრივ-საშტატო) იარაღის გამოყენებით”, – ნათქვამია ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის პირველი მოადგილის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსადმი გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელბის ვადა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდეა. ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია, მთავრობამ 2019 წელს გადაწყვიტა და ამავე წლის ნოემბერში სამუშაოებისთვის 6 მილიონი ლარი გამოყო.

ამპირის სტილში აგებული ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა 1938 წელს გაიხსნა. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობაში ჯერ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კი კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური