GE

2019 წელს ყველაზე მეტი ბავშვი – თბილისში, ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმში დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კლების ტენდენციით ხასიათდება. უწყების მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 48 296 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 25 029 – ბიჭი და 23 267 – გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტითაა შემცირებული.

2019 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (16 022 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ბავშვი).

დაბადებულთა საერთო რაოდენობაში 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 37.9 პროცენტიდან 38.1 პროცენტამდე გაიზარდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 23.6 პროცენტიდან 24.7 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი შემცირდა 38.2 პროცენტიდან 36.5 პროცენტამდე.

უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.9 წლით განისაზღვრა.

იგივე წლის  მონაცემების მიხედვით საქართველოში  0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) პარალელურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტიც.

2019 წელს ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 1 637 ერთეულით განისაზღვრა, რაც 64.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემებზე. ამასთან, ბუნებრივი კლება  ქ. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის გარდა ყველა რეგიონში დაფიქსირდა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური