2020 წელს სერტიფიცირებული ძიძების რეესტრი განათლების სამინისტრომ უნდა შექმნას
გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო. დოკუმენტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, თუმცა არის გარკვეული მუხლები, რომელიც 2020 წლის 1ივნისს უნდა ამოქმედდეს. მათ შორის ერთ-ერთია კოდექსის 88-ე მუხლი, რაც ძიძების ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ეხება.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ბავშვის მომვლელი ძიძების ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გაუწევს. იგივე უწყება შექმნის სერტიფიცირებული ძიძების რეესტრს.
„ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები
1. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები, აგრეთვე ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“,- ვკითხულობთ ბავშვის უფლებათა კოდექსში.
კოდექსში აღნიშნულია, რომ ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი ფორმის ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვზე ზრუნვის მოკლე ან გრძელვადიან პროგრამებს. მათ შორისა ძიძაც.
„ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოუაროს ერთ ბავშვს ან რამდენიმე ბავშვს (არაუმეტეს 5 ბავშვისა) მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან სახლის გარეთ, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებულ ბავშვის მომვლელს (ძიძას) უფლება აქვს, ბავშვის/ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE