GE

71-ე საჯარო სკოლის დირექტორი: ჩვენს მოსწავლეს H1N1 ვირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის 71-საჯარო სკოლის მშობლები სკოლის ადმინისტრაციისგან სწავლის შეწყვეტას ითხოვენ, რადგან მათი განცხადებით სკოლის მე-4 კლასელ მოსწავლეს ე.წ. „ღორის გრიპი“ დაუფიქსირდა.

სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სკოლაში სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ამ ბავშვს საერთოდ არ დაუდგინდა H1N1. ვესაუბრეთ კლინიკის პედიატრს, ვინც კურირებს ამ თემას, მან თქვა, რომ ეს არის A ტიპის ვირუსი და ექიმებმაც დაგვიდასტურეს, რომ ასეთი ტიპის ვირუსები, რაც დღეს არის მრავლად, შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერს,რომელიც არის გრიპით დაავდებული. არანაირი შეხება ე.წ. ღორის გრიპთან არ არის, თუმცა, სამწუხაროდ, ვრცელდება ხოლმე არასწორი ინფორმაციები.

მიუხედავად ამისა, გუშინ, როცა ეს ამბავი გავიგეთ ჭორის დონეზე, დოკუმენტურად არ გვაქვს დადასტურებული, ჩვენ მაშინვე ჩავატარეთ დეზინფექცია და სველი წესით დამუშავება იმ ოთახების, სადაც ეს ბავშვები იმყოფებოდნენ. ამ ბავშვს, ვისზეც არის საუბარი, ამ კვირაში სკოლაში საერთოდ არ უვლია. ვიცი, რომ კლინიკა, სადაც ეს ბავშვი მკურნალობს აპირებს გააგრძელოს დაკვირვების პროცესი და არ გამორიცხავენ, რომ ორშაბათს სახლში გაწერონ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, H1N1 ვირუსთან დაკავშირებით, მშობლებში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სკოლაში დასწრების მაჩვენებელი შემცირებული იყო.

„გვქონდა საუბარი მშობლებთან და ავუხსენით სიტუაცია. ისეთი დასწრების მაჩვენებელი არ არის, სასურველი რაც იქნებოდა. ალბათ, ჰქონდათ ამის საფუძველი, რადგან ასეთი რამ გაჟღერდა, მავანმა ჩათვალა და უფლებაც აქვს მიიღოს გადაწყვეტილება გამოუშვას თუ არა საკუთარი შვილი სკოლაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პანიკის საფუძველი არ არის აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით, როგორც მე მითხრეს, კლინიკის პედიატრმა და ექიმებმა“, – აცხადებს პაატა ჩორგოლშვილი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური