GE

SANGU – ჩვენ ორიენტირებული ვართ არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ცოდნის ხარისხზე

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით 2008 წელს დაფუძნდა. უნივერსიტეტის ისტორია 11 სტუდენტით იწყება თუმცა დღეს, ამ სასწავლებლის სწავლების სამივე საფეხურზე, 1300 ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. პრეზენტაბელური შენობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და წესრიგი, ეს ის პირველი შთაბეჭდილებაა, რაც უნივერსიტეტში შესვლისას შეგექმნებათ.

აგვისტოს თვეში ქართულ უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსი ჩატარდა. სექტემბერში კი საბჭოს არჩევნები გაიმართა. ახლადარჩეულმა აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, რექტორად ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე დაამტკიცა. Aris.ge-განათლება უნივერსიტეტის გეგმებზე, მის საერო და სასულიერო ღირებულებებზე სწორედ მას ესაუბრა.

– 1918 წელს მაშინ როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა, კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონ მეორემ, უნივერსიტეტის შენობაში პარაკლისი გადაიხადა და ცოდნის-მეცნიერების სანთელი აანთო. 2008 წელს როდესაც დედა უნივერსიტეტში ანთებულ ცოდნის სანთელს ჩაქრობა დაემუქრა – უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება ქართული უნივერსიტეტი დაეარსებინა და კირიონ მეორის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში ანთებული სანთელი სიმბოლურად აქ გადმოეტანა. ის, რომ ქართული უნივერსიტეტი პატრიარქის მიერ არის დაფუძნებული, ჩვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა. თუმცა სასწავლებელი მთლიანად იცავს საერთო კანონმდებლობის წესებს. აქვს განათლების სამივე საფეხური. უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები. ქართულ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის სწავლება შეხამებულია დროის ოპტიმალურ ხარჯვასთან. ძველი სალექციო სისტემის ნაცვლად, დანერგილია თანამედროვე სასწავლო პროგრამები და სალექციო კურსი სრულიად მოდერნიზებულია. ჩვენ ორიენტირებული ვართ არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ცოდნის ხარისხზე.

– ბატონო სერგო, მაინც გკითხავთ, თქვენს უნივერსიტეტში რაიმე ცენზი ან შეზღუდვა ხომ არ არსებობს, სტუდენტების მიღებისას მის რელიგიურ მრწამს თუ ექცევა ყურადღება?

– არანაირი შეზღუდვა რელიგიურ ნიადაგზე. ვიმეორებ, ჩვენ მთლიანად ვემორჩილებით საერო კანონმდებლობას. პირიქით, აქ მართლმადიდებელ სტუდენტებთან ერთად კათოლიკეები, მონოფიზიტები სწავლობენ… გვყავს ირანელი სტუდენტებიც.

“ქართული უნივერსიტეტის” სტრუქტურის მიხედვით უნივერსიტეტის პირველი პირი, დამფუძნებლის ანუ პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ქორეპისკოპოსია, რექტორი კი რიგით შემდეგა. თუმცა რექტორი ამბობს, რომ საპატრიაქრო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უხეშად არასდროს ერევა.

– “მას შემდეგ რაც აკადემიური საბჭო ავირჩიეთ, პატრიაქრმა თავისთან მიგვიწვია და დაგვლოცა. ვკითხეთ, ვისი დანიშვნა სურდა რექტორად. უწმინდესმა კი გვიპასუხა – ვისაც თქვენ აირჩევთ მე იმას მივცემ ლოცვა-კურთხევასო. საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით ერთხმად გამომიცხადეს ნდობა.

– ბატონო სერგო, გარდა რექტორის სტატუსისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანიც ბრძანდებით, ლექციებსაც კითხულობთ?

– ლექციებსაც ვკითხულობ. თუმცა დამატებით ანაზღაურებას არ ვიღებ. ჩვენი უნივერსიტეტის დებულების მიხედვით, აკადემიური საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია, ანაზღაურების გარეშე, კვირაში სამი საათი ლექცია ჩაატაროს.

– ზოგადად, აკადემიურ პერსონალზე რას გვეტყვით?

– ქართული უნივერსიტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები ამა თუ იმ დარგში ავტორიტეტული პროფესორ-მასწავლებლები არიან – როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ამასთან, სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები, ლექციებს კითხულობენ წამყვანი უცხოელი სპეციალისტებიც. არ მინდა რომელიმე მათგანი გამოვყო რომ შემდეგ ვინმე არ გავანაწყენო.

– რამდენად კონკურენტუნარიან კადრებს ზრდის დღეს საპატრიარქოს სასწავლებელი? თუ ადევნებთ თვალს, რამდენად მაღალია თქვენი კურსდამთავრებულების დასაქმების პროცენტი?

– დასაქმების პრობლემა მთლიანად ქვეყანაშია. ჩვენი სასწავლებელი სტუდენტს აძლევს საკმარის ცოდნას იმისთვის, რომ აქედან გასულს დასაქმების პრობლემა არ შეექმნას. ჩვენი ეკონომისტების 80% დასაქმებულია. ფსიქოლოგები ჯერ არ გაგვიშვია. ბევრმა, ბაკალავრიატი დაამთავრა სწავლა მაგისტრატურაში გააგრძელა და ჯერ არ მუშაობს. გვყავს დოქტორანტებიც, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე არიან დღევანდელ მთავრობაში წარმოდგენილი. მათ შორის ორი მინისტრის მოადგილეა. ჩვენი დოქტორანტები არიან ქალბატონი ლია გიგაური (განათლების მინისტრის მოადგილე) და ბატონო ალექსანდრე ბარამიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე).

– არის თუ არა თქვენთან სწავლის საფასური სახელმწიფო სასწავლებლების სწავლის საფასურის იდენტური?

– დიახ, ქართულ უნივერსიტეტში სწავლების ერთი წლის ღირებულება 2250 ლარს შეადგენს, ოდნავ მეტია სამართლის მიმართულებაზე.

– წელს შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?

– მოგეხსენებათ, წელს აბიტურიენტების რიცხვმა რამდენიმე ათასით იკლო. 550 ვაკანტური ადგილი გვქონდა გამოცხადებული და 450 პირველკურსელი მივიღეთ. თუმცა არ ვთვლით, რომ ეს ცუდი მაჩვენებელია.

– ბატონო სერგო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან რამდენად კოორდინირებული ურთიერთობა გაქვთ და რა კუთხით საჭიროებთ მის დახმარებას?

– ყველაფერი, რასაც ამ შენობაში ხედავთ, საპატრიარქოს კუთვნილებაა, თვითონ შენობაც, ავეჯიც, ლაბორატორიებიც… თუ რიამეს საჭიროებაა, პატრიარქი სტუდენტებისთვის არაფერს იშურებს. სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. ხელს ნამდილად არაფერში გვიშლიან. აკრედიტაცია-ავტორიზაციის საკითხს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.

– სექტემბრის თვეში თამარ სანიკიძემ სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი მოითხოვა თქვენი უნივერსიტეტისთვის – რას მოხმარდება ეს თანხა?

– ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოვიდეს და ნახოს რაში იხარჯება თანხები. გვაქვს უამრავი სახელობითი სტიპენდიები, მათ შორის “წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია”, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია”, “აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდია”, “აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდია”, “წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სტიპენდია” და ასე შემდეგ… ამ თანხის ნაწილი სტიპენდიებს ხმარდება. გვაქვს უამრავი უფასო წრე ჩვენი სტუდენტებისთვის მათ შორის ცეკვის, უცხო ენების, ვუშვებთ ჟურნალ “კარიბჭეს”. ვატარებთ უამრავ სამეცნიერო ღონისძიებას და კონფერენციას.

– და ბოლოს, უნივერსიტეტის სამომავლო გეგემბზე რას გვეტყვით?

– რამდენიმე მიმართულების დამატებას ვგეგმავთ. უახლოეს მომავალში შევიტანთ განცხადებს აკრედიტაციის საბჭოში. უნივერსიტეტი კიდევ ერთი კორპუსის საჭიროების წინაშეა. ამის შესახებ მისი უწმინდესობა ინფორმირებულია და მისი დებულებით უნივერიტეტისთის ახალი შენობაც უკვე გათვალისწინებულია.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური