GE

თუ ატესტატის მოპოვებას ექსტერნატის ფორმით გეგმავთ, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებთ – ცვლილება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით ცვლილება შევიდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.

კერძოდ, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-9 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 – მე-11 პუნქტები:

„4. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია რეგისტრირებულ აბიტურიენტთა სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) კომპაქტური დისკის (CD) მეშვეობით, დაცული ფორმით გაუგზავნოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და იმავე ფორმით მიიღოს ინფორმაცია, ირიცხებიან თუ არა სიაში მითითებული პირები საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებად.

5. საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა ან ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავს.

6. თუ არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავს, იგი ვალდებულია ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართოს ცენტრს განცხადებით. პირი ვალდებულია, არსებობის შემთხვევაში, განცხადებას დაურთოს დოკუმენტი ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე.

7. განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გამოცდებზე დაშვების მიზნით პირს მოსთხოვოს ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტის ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე წარმოდგენა.

8. თუ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ცენტრს ეცნობება, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული პირები ირიცხებიან საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებად, ცენტრი ვალდებულია აღნიშნულ პირებს განუსაზღვროს ვადა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლედ რიცხულობის თაობაზე დოკუმენტის წარმოსადგენად.

9. ამ მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს პირს, რომელიც განისაზღვრება ცენტრის სამართლებრივი აქტით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პორცესისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის აბიტურიენტთა დაშვების პროცესის ტექნოლოგიურად უზრუნველსაყოფად.

10. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე წვდომა ექნებათ ცენტრის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ცენტრის საქმისწარმოებას, ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის ცენტრში დადგენილი წესით რეგისტრაციის, განაწილების, შენახვის და შესაბამისი კორესპონდენციების ცენტრიდან გაგზავნის მიზნებისათვის. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე წვდომა ექნებათ ასევე ცენტრის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ აბიტურიენტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვას, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი რეგისტრაციისა და გამოცდებზე დაშვების საკითხის შესაფასებლად. ზემოთ მითითებულ პირთა მიერ დასახელებული მიზნებითა და ფარგლებში მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილება რეგლამენტირებულია ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.

11. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ცენტრში შეინახება 1 წლის განმავლობაში და შემდეგ განადგურდება, ხოლო ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვის ვადები განისაზღვრება ცენტრის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურით“.

ალექსანდრე წულაძის მიერ 5 მარტს ხელმოწერილი ბრძანება უკვე ძალაშია.

ასევე იხილეთ:

მე-11 კლასის მოსწავლეები 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან – NAEC-ის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური