GE

აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში

აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა გაიზარდა და 17 500-ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი იქნება.

ამის შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში წერია, რომელში განხორციელებული ცვლილებებიც 3 ნოემბრით თარიღდება.

გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის მიერ ხელმოწერილ ცვლილებებში ჩანს, რომ „აფხაზური ენის პოპულარიზაციას” 2025 წელს ნოლი ლარი აქვს განსაზღვრული, ისევე, როგორც გასულ წელს. ხოლო 2023 წელს, აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიმართულებით მხოლოდ 4 900 ლარი იყო გამოყოფილი.

მზარდია გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ – ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება. კერძოდ, თუ გასულ წლებში 43 4850 ლარსრ შეადგენდა, ახლა ფინანსური დახმარებისთვის 54 5500 ლარია გამოყოფილი.

ამასთან 6 000 ლარია განსაზღვრული პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერისთვის სკოლებში.

რამდენი პირის ფინანსური უზრუნველყოფისთვის არის განსაზღვრული ზემოაღნიშნული თანხები ბიუჯეტში ნაჩვენები არ არის, თუმცა როგორ არის განაწილებული სხვადასხვა პროგრამებზე ბიუჯეტი, დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში წერია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიზანია აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ბიუჯეტი კი “ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების მხარდაჭერას, აფხაზური ენის პოპულარიზაციას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, ინკლუზიური განათლებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას, არაფორმალური დისტანციური სწავლების მხარდაჭერას, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში, სასტიპენდიო კონკურსებს, ახალგაზრდების წახალისებას, მოტივაციის გაზრდას და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური