მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
საქართველოში ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველი უახლეს საპარლამენტო ანგარიშში წერს (საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ – 2025), გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა.
“სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა”, – წერია ომბუდსმენის ანგარიშში.
სახალხო დამცველი წერს, რომ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა:
“სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა”.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს და ითხოვს, რომ განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ.
გარდა ამისა, ომბუდსმენი ითხოვს, რომ შემუშავდეს და დამტკიცდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები.
ასვე იხილეთ:
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
ისწავლეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს შინაურ ცხოველს – მოვლა-პატრონობის წესი და ვალდებულებები დამტკიცდა
by ინფოLIFE
-
ხელფასი 2 400, 3 490 და 3 960 ლარია – მანდატურის სამსახური სპეციალისტებს ეძებს
by ინფოLIFE