GE

ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც განისაზღვრება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისათვის და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის პირის გამოძახების პროცედურები.

ამასთან, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, შეტყობინების/უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ეს შეტყობინება/უწყება დაექვემდებარება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღეს, გამოქვეყნებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.

ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში.

ამასთან, პროექტის მიხედვით, პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება ჩაბარდეს ზემოაღნიშნული შეტყობინება/უწყება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

როგორ ჩამოყალიბდება ცვლილებები კანონში:

„11. პირის გამოძახება, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ხორციელდება როგორც შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ასევე ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინება).

12. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, პირის გამოძახება ხდება ამ ნაწილით
განსაზღვრული შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით;
ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება უკუკავშირით ან/და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით;
გ) პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი
დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − შეტყობინების/უწყების
ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;
დ) ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული წესით შეტყობინების/უწყების საჯაროდ
გამოქვეყნებით.

13. თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ა“–„გ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ
განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია,
სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო, მის ოფიციალურ ვებგვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში, პირი, ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში.

14. ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინება/უწყება
შესაძლოა ჩაბარდეს, როგორც წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან პირს, ასევე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ოჯახის წევრები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“.

„22. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, პირის გამოძახება ხდება ამ ნაწილით განსაზღვრული შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი
დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − შეტყობინების/უწყების
ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;
ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით;
გ) ამ მუხლის მე-23 ნაწილით გათვალისწინებული წესით შეტყობინების/უწყების საჯაროდ
გამოქვეყნება.

23. თუ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, ამ მუხლის მე-22 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი ორგანო, მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.

ამ შემთხვევაში, პირი, ვალდებულია მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში
გაწვევისათვის გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10
კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელ ორგანოში.

24. ამ მუხლის მე-22 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინება/უწყება
შესაძლოა ჩაბარდეს, როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირს, ასევე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური