აშშ ქართულ განათლებაში დამატებით 7 მილიონ დოლარს ჩადებს
საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიან პროექტს განახორციელებს.
Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) – პროექტი საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას გულისხმობს
„USAID იწყებს ახალ, მასშტაბურ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და “ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.
ინიციატივის შესახებ აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ამავე შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით Fulbright-ის ფარგლებში განხორციელდება.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE