სახელმწიფო აუდიტმა ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონულ შესყიდვებში მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული შესყიდვების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად შესყიდვებში ნაკლოვანებები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა.
კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, რიგ შემთხვევებში საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქცია არასაბაზრო ღირებულებითაა შეძენილი იმ კომპანიისგან თუ ფიზიკური პირისაგან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შესაბამის ფაკულტეტებთან.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტმა გამარტივებული შესყიდვის ფორმით შეიძინა 4,0 ათასი ლარის ღირებულების − 150 ცალი სასაჩუქრე ნაჭრის ჩანთა, ერთეულის ღირებულებამ შეადგინა 27,11 ლარი. აღნიშნულ შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული შესაბამისი ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია. მსგავსი მახასიათებლების ხელჩანთის ღირებულება შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე არსებული ინფორმაციით, საშუალოდ, 7.0 ლარს შეადგენს, გადახდილ თანხასთან შედარებით − 20,11 ლარით ნაკლებს. ამასთანავე, მიმწოდებელი, რომლისგანაც შეისყიდეს ჩანთები, არის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მასწავლებელი, პროფესორის აკადემიური ხარისხით. შესაბამისად, უნივერსიტეტმა დაკავშირებული მხარისაგან 3,0 ათასი ლარით ძვირად შეისყიდა საქონელი,” – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
რაც შეეხება გათბობა-გაგრილების სისტემის შესყიდვის ნაწილს, როგორც აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ, ბაზრის კვლევის პროცედურები ფაქტობრივად განხორციელებულია ფორმალურად, ვინაიდან კვლევაში მონაწილე კომპანიები ერთმანეთთან დაკავშირებულია, ასევე შესასყიდი საქონლის ტექნიკური აღწერილობა მორგებულია კონკრეტული სასაქონლო მოდელის ან მწარმოებელი კომპანიის პროდუქციაზე, რითაც უკონკურენტო პირობებში გაიმარჯვა მონაწილე პრეტენდენტმა.
„უნივერსიტეტმა ადმინისტრაციული და სასწავლო კორპუსების ზამთარ-ზაფხულის ტიპის კონდიციონერებისა და გაგრილების სისტემით აღჭურვის მიზნით შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრა ფასთა გამოკითხვის საფუძველზე. უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ − შპს „თუშოპმა“ და შპს „ინტერლინკმა“, რომლებმაც წარმოადგინეს შესყიდვის საგნის ფასები, შესაბამისად: 242,6 ათასი და 239,2 ათასი ლარი. ორივე კომპანიის დამფუძნებელია ერთი და იგივე ფიზიკური პირი. აქედან გამომდინარე, ფასთა გამოკითხვის პროცედურებში მათი მონაწილეობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, უნივერსიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი,25 სავარაუდო ღირებულებით − 235,2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა კომპანიამ შპს „ინტერლინკმა“, რომელმაც გაიმარჯვა 234,2 ათასი ლარის ღირებულების სატენდერო წინადადებით. შესყიდვის ყველა ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იყო ერთი კონკრეტული კომპანიის გამარჯვების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
როგორც აუდიტის სამსახური აღნიშნავს სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ანდა დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან არ გაზრდის წინადადების ფასს.
„უნივერსიტეტმა კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით − 8 145,0 ათასი ლარი, ტენდერში მონაწილეობა მიიღო შვიდმა პრეტენდენტმა, დაზუსტების პროცედურის გარეშე დისკვალიფიკაცია მიანიჭა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტს, შპს „ორნამენტს“, რომლის სატენდერო წინადადების ფასი შეადგენდა 6 436,0 ათას ლარს. ხელშეკრულება გაფორმდა მომდევნო უმცირესი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტთან, შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსსთან“, რომლის სატენდერო წინადადების ღირებულება შეადგენდა 6 516,0 ათას ლარს, რაც 80,0 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ღირებულებას”, – აღნიშნულია დასკვნაში.
ასევე აუდიტი აცხადებს, რომ კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვისას არასათანადოდ შემუშავდა საქონლის ჩაბარების ტექნიკური პირობები და არასრულყოფილად განხორციელდა ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტის ანალიზი, რის შედეგად არასრულად და არასაბაზრო ღირებულებით განხორციელდა საქონლის შესყიდვა.
აუდიტის ანგარიშშივე ვკითხულობთ, რომ უნივერსიტეტის საკუთრებაში ირიცხება პორტატული სპექტრომეტრი, რომლითაც შესაძლებელია 80-მდე ქიმიური ელემენტის კონცენტრაციის განსაზღვრა. 2015 წლის მაისში აპარატი მწყობრიდან გამოვიდა. ხელსაწყოს შეკეთებისათვის 2017 წელს უნივერსიტეტმა მიმართა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა მომზადებულიყო დეფექტური აქტი და განესაზღვრათ ჩასატარებელი სამუშაოები. პასუხად ექსპერტებმა აცნობეს, რომ შეკეთებისათვის მიზანშეწონილია მიმართონ სერტიფიცირებულ კომპანიას, ვინაიდან დაკვეთის შესასრულებლად მათ საკუთრებაში არ ჰქონდათ შესაბამისი ლაბორატორი.
„უნივერსიტეტმა გააფორმა ორი ხელშეკრულება მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლობასთან საქართველოში. პირველ შემთხვევაში შესყიდვის საგანს წარმოადგენდა აპარატის დიაგნოსტიკა, ხოლო მეორე შემთხვევაში − მისი შეკეთება, შესაბამისად, 2018 წელს პორტატული სპექტრომეტრის შეკეთებისათვის გახარჯა 57.4 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, აპარატის ღირებულება ბაზარზე 2018 წლისათვის შეადგენდა 11,4 ათას დოლარს (UშD), ანუ 30,6 ათას ლარს, ფაქტობრივად, ორჯერ ნაკლებს. შემსყიდველის განმარტებით, ბაზრის კვლევის ეტაპზე მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მეორადი აპარატის ფასი 14,0 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ფარგლებში მერყეობდა, თუმცა უპირატესობა მიანიჭეს არსებული აპარატის რემონტს”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, შესყიდვების შიდა კონტროლის სისუსტეები. როგორც დაკვნაში ვკითხულობთ შესყიდვების დაგეგმვა არ ხდება სრულყოფილი, ინფორმაციის საფუძველზე და რიგ შემთხვევებში შესყიდული საქონელი არ არის თანხვედრაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოდელთან და წარმოშობის ქვეყანასთან; წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში დეტალურად არ ფიქსირდება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების, დამსწრე პირების, მასპინძელი მხარის რაოდენობისა და მიღებული მომსახურების შესახებ.
აუდიტმა 01.01.2017 – 01.01.2019 წლების პერიოდი და ამ პერიოდში უნივერსიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერით განხორციელებული შესყიდვები მოიცვა.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE