GE

აზარალებს თუ არა ექსკურსიებზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება შიდა ტურიზმს

„ერთი შეხედვით ლოგიკურია, თუ ბავშვები შიდა ტურებს აღარ გააკეთებენ, ტურიზმის შემოსავლის რაღაც ნაწილი დაიკარგება და ამაზე ტურიზმის ადმინისტრაციაც უნდა საუბრობდეს, თუმცა არ საუბრობს“, – ასე აფასებს დღეს მოლაშქრეთა ფედერაციის პრეზიდენტი განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო ექსკურსიებზე დაწესებულ რეგულაციებს და მიიჩნევს, რომ სამინისტროს ასეთი აკრძალვები მხოლოდ მოსწავლეებზე პასუხისმგებლობის მოშორებას ემსახურება.

ანრი რობაქიძე აქცენტს აკეთებს საექსკურსიო ლოკაციის 150 – კილომეტრიან შეზღუდვაზე და ამბობს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია არ საუბრობს ამ პრობლემაზე, რადგან სინამდვილეში ბავშვები მაინც თავისით ივლიან ექსკურსიებზე, ამ მომენტში კი მათზე პასუხისმგებელი უკვე აღარავინ იქნება.

„ამაზე უნდა საუბრობდნენ ტურიზმის ადმინისტრაციაში, რომ ცუდი იქნება თუ ბავშვები აღარ გადაადგილდებიან ერთი ქალაქიდან მეორეში, თუმცა ისინი არ საუბრობენ ამ პრობლემაზე და ამასაც აქვს ახსნა რატომ. სინამდვილეში, ეს პროცენტულობა არ შეიცვლება, ბავშვები მაინც ივლიან ექსკურსიებზე და ვერავინ მათ ამას ვერ აუკრძალავს, ოღონდ ისინი ივლიან სკოლის გარეშე და მათზე პასუხისმგებელი აღარავინ იქნება“, – განაცხადა ანრი რობაქიძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ის ეხმიანება ღამისთევით ექსკურსიის აკრძალვის თემასაც და მიიჩნევს, რომ სამინისტროს შემოღებული რეგულაციები ბავშვებს რეალურად ვერ დაიცავს, რადგან უბედური შემთხვევა ყოველ წამს შეიძლება მოხდეს და მნიშვნელოვნად თვლის, ექსკურსიები პროფესიონალებმა დაგეგმონ.

„უბედური შემთხვევები რამდენიმე წამში ხდება და არა რამდენიმე დღეში, ამიტომ შეზღუდული იქნება თუ არა დღეების რაოდენობა, ეს არაფერს ცვლის. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეების რაოდენობა შევზღუდოთ, არამედ ის, რომ ექსკურსიების აღსრულება პროფესიონალმა ადამიანებმა გადაიბარონ. საქართველოში აქტიურია მოლაშქრეთა კლუბები და არასდროს აზრადაც კი არ მოგვსვლია, რომ აგვეკრძალა ან შეგვეზღუდა სადმე წასვლის დროითი ინტერვალი, ასეთი რამის მაგალითი მსოფლიოში არ გვაქვს. უცხოეთში ბევრად უფრო მარტივადაა საქმე, იქ ექსკურსიებს გეგმავენ პროფესიონალი მოლაშქრეები და ამაში არ ერევიან არც მასწავლებლები და არც დირექტორები“, – ამბობს მოლაშქრეთა ფედერაციის პრეზიდენტი.

აკრძალულია ღამისთევით ექსკურსია – მინისტრის მოადგილე სასკოლო ექსკურსიებზე მიღებული რეკომენდაციების საფუძველს განმარტავს

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებს აეკრძალათ ღამისთევით ქალაქიდან გასვლა და მათ მხოლოდ 1-დღიანი ექსკურსიების მოწყობის უფლება მიეცათ. ამასთან ერთად, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ სკოლიდან საექსკურსიო ლოკაციამდე მანძილი 150 კმ-ს არ აღემატებოდეს. განათლების სამინისტრომ ასევე განსაზღვრა, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარის ან წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, სკოლებს დაევალათ, რომ ექსკურსიაზე თან ახლდეთ ერთი ქმედითუნარიანი პირი, რომელსაც პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლება. სამინისტრომ გადაწყვეტილებით, მკაცრდება კონტროლი ექსკურსიის მონაწილეების გადასაყვან ტრანსპორტზეც.

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური