GE

ბაღებში ლოცვის რიტუალის ჩატარება არატოლერანტობის მაჩვენებელია – ომბუდსმენის რელიგიური საბჭო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭოს რეკომენდაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მოზარდების დისკრიმინაცია არ მოხდეს. ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია მთელი რიგი პრობლემები რასაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდები სასწავლო დაწესებულებებში აწყდებიან

„სახალხო დამცველთან შემოსული საჩივრები და ადრეული განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილება ამბობს, რომ ბაგა-ბაღებში ხშირია ნეიტრალობის დაუცველობის, რელიგიური რიტუალების (ლოცვის) ჩატარებისა და სხვადასხვა აღმსარებლობის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების შემთხვევები. ბაღებში მოწყობილია სალოცავი კუთხეები. არის შემთხვევები, განსაკუთრებით რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, როდესაც ბავშვებს სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საჯარო ლოცვის რიტუალებში რთავენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რელიგიური საბჭო პრობლემების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებით რამდენიმე უწყებას მიმართავს.

საქართველოს პარლამენტს: შევიდეს ცვლილება კანონში – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და მას დაემატოს პუნქტები, რომლებიც ბაგა-ბაღის სივრცეში რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებს დაარეგულირებს.

სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს: სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, გაითვალისწინოს რელიგიური ნეიტრალობის დაცვის მნიშვნელობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურსის მომზადება, რომელიც ადრეული განათლების სპეციალისტებს ბაგა-ბაღებში ტოლერანტული გარემოს შექმნაში დაეხმარება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, ცვლილებები შეიტანოს „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მომზადების ტრენინგმოდულში “ და მასში მეტი დრო დაეთმოს აღმზრდელ-პედაგოგებს შორის ტოლერანტული ცნობიერების ამაღლებას. აქტორებმა, ამ პროცესში, რელიგიათა საბჭოსთან და შესაბამის ექსპერტებთან ითანამშრომლონ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დირექტორებისათვის მოამზადოს სპეციალური ტრენინგმოდული, რომელიც უზრუნველყოფს დირექტორთა კომპეტენციის ამაღლებას ანტიდისკრიმუნაციული, ბულინგისგან თავისუფალი, ტოლერანტული და ინკლუზიური პოლიტიკის გატარების მიმართულებით.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური