GE

„ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან“ – ნინო ლომჯარია

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში ბავშვები ძალადობის პირისპირ მარტო არიან. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ყველა იმ პირს, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე და არ დაიცვა, პასუხისმგებლობა ეკისრება.

„ჩვენ ქვეყანაში ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან: მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით; არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს; სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა; ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას; არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა; არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება; და ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში”,- ვკითხულობთ ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სამართალდამცველებმა 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მამა დააკავეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური