ბავშვებისთვის შეუფერებელი ფილმების განთავსების გამო „რუსთავი2“ და „ჯი-დი-ესი“ დააჯარიმეს
ბავშვთა უფლებების კოდექსის ნორმების დარღვევის გამო, მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „ჯი-დი-ეს თი-ვი“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება მაუწყებლების მიერ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებას. კერძოდ, მაუწყებლებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების მინიჭების წესის აღსრულების ნაწილში. ეს სამართალდარღვევა მაუწყებლებისთვის ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა კომისიაში საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ საეთერო ბადიდან სრულად ამოიღო დარღვევით განთავსებული ფილმები, ხოლო ,,ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ – ნაწილობრივ. ეს უკანასკნელი, ვალდებულია არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალის კანონით აკრძალულ დროს განთავსება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
მსგავსი ფორმით დავის შესაძლებლობა არასრულწლოვნების მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ მიეცათ. კოდექსის თანახმად, მაუწყებლებმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ დღის შემდეგ მონაკვეთებში: 18 წლამდე მოზარდისთვის შეუსაბამო პროგრამა 6-იდან 24 საათამდე, 15 წლამდე 6-იდან 23 საათამდე, 12 წლამდე 6-იდან 21 საათამდე, 7 წლამდე 6-იდან 21 საათამდე. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე, 2020 წელს ძალაში შევიდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილება, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში განთავსებული საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს. მშობლებს აქვთ შესაძლებლობა შვილებს შეუზღუდონ ვირტუალურ სივრცეებთან წვდომა, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE