GE

ჯეჯელავა ბაქსვუდის სკოლას ოლიმპიადის მონაწილეებში უარყოფითი განწყობების შექმნაში ადანაშაულებს

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეების გამოქვეყნებული და გამარჯვებული მანიფესტი, სადაც 3000 ხელმომწერი ოლიმპიადაში გამარჯვებულებისთვის 3-კვირიანი საზაფხულო ბანაკის შენარჩუნებას ითხოვს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გათვალისწინებული არ იქნება. მეტიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბაქსვუდის სკოლას ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეებში, ბანაკის ხანგრძლივობის შემცირებასთან დაკავშირებით, უარყოფითი განწყობების შექმნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა.

„პროვაიდერი არის ბაქსვუდის სკოლა. მას ურჩევნია 21-დღიანი ბანაკის ჩატარება. ბაქსვუდი ცდილობს ბავშვები უარყოფითად განაწყოს. ბაქსვუდს თავისი ინტერესები აქვს და შესაბამისად არის დაინტერესებული, რომ 21-დღიანი ბანაკი ჰქონდეს ნაკლები ბავშვით, ვიდრე სამი  7- დღიანი ბანაკი მეტი ბავშვით. ჩვენ გვყავს 498 ათასი ბავშვი 500 ათასი მოსწავლიდან, რომელიც ბაქსვუდში არასდროს ყოფილა და ისინი  უკმაყოფილოები არიან, რომ არასდროს არ ყოფილან ბანაკში. ერთ მხარეს გვყავს 2000 [მანიფესტზე ხელმომწერები] ბავშვი, რომელიც ამბობს რომ მარტო ჩვენ გვინდა  ამ ბანაკში ყოფნა, მეორე მხარეს გვყავს 498 ათასი ბავში, რომელც ამბობს რომ რამე ბანაკში მეც მინდა. მე ვარ ამ შემთხვევაში 498 ათასი ბავშვის მხარეს,“ – გვითხრა ჯეჯელავამ, თუმცა არ აღუნიშნავს, რომ ეს მისი თქმით, 498 ათასი მოსწავლე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე და გამარჯვებული არ არის და მათი გამარჯვებულებთან ასოცირება არასამართლიანია.

ამის საპასუხოდ მინისტრმა მის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კურორტზე 1 კვირით დაისვენებენ. ამ პროექტისთვის გამოყოფილი ფინანსები კვლავ უცნობია, თუმცა საკურორტო ზონებში სერვისის გამარტივებული ტენდერის გზით შესყიდვის უფლების მინიჭებისთვის ჯეჯელავას უწყებას პრემიერ–მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე აქვს.

„სამკვირიანი ბანაკის ნაცვლად იქნება სამი ერთკვირიანი ბანაკი და ეს იქნება კარგი, სამჯერ მეტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება მონაწილეების რაოდენობის გაზრდის მიზნით მივიღეთ. ეს ერთი კვირაც საკმარისია ყველაფრისთვის. ანაკლიის ბანაკის ბავშვებს ჰკითხეთ და გეტყვიან, რომ ორი დღე არის გაცნობა, შემდეგი სამი დღე აქტიური თანამშრომლობა და ბოლო ორი დღე არის დასამახსოვრებელი. სამჯერ მეტი ბავშვი თუ მიიღებს ბანაკში მონაწილეობას, ვიდრე სამჯერ ნაკლები, ჩვენ გვეყოლება სამჯერ მეტი მოტივირებული ბავშვი“, –  აღნიშნა ჯეჯელავამ.

მარტის თვეში EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ეროვნული სასკოლო ოლიმპიადა აქამდე არსებული ფორმით აღარ იარსებებს. კერძოდ კი, მოსწავლეების ოლიმპიადაში მონაწილეობისა და გამარჯვების მთავარი მოტივატორი – 3-კვირიანი საზაფხულო სკოლა 1 კვირამდე შემცირდა. აღნიშნული მაშინაც დაგვიდასტურეს განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში. ამავე პერიოდში ყოფილმა ბაქსვუდელებმა და წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებმა სპეციალური მანიფესტი შეიმუშავეს, რომელმაც დაწესებული ხელმოწერების შეგროვება მოახერხა. მოსწავლეთა მთავარი მოთხოვნაა #21დღებაქსვუდში.

„არ შეიძლება ამ ემოციის წართმევა ბატონო მინისტრო“ – მოსწავლეთა პეტიცია ალექსანდრე ჯეჯელავას

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური