GE

„არ შეიძლება ამ ემოციის წართმევა ბატონო მინისტრო“ – მოსწავლეთა პეტიცია ალექსანდრე ჯეჯელავას

„ბატონო მინისტრო, რატომ ისვრით ჩვენი განათლების სისტემის ისედაც ცოტა ნათელ წერტილთაგან ყველაზე გამორჩეულს ფანჯრიდან?“ – ამ კითხვით მიმართავს ალექსანდრე ჯეჯელავას გასულ წლებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე ახალგაზრდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ეროვნული სასკოლო ოლიმპიადა აქამდე არსებული ფორმით აღარ იარსებებს. კერძოდ კი, მოსწავლეების ოლიმპიადაში მონაწილეობისა და გამარჯვების მთავარი მოტივატორი – 3 კვირიანი საზაფხულო სკოლა 1 კვირამდე შემცირდა. აღნიშნული დაგვიდასტურეს განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში და ისიც განგვიმარტეს, რომ, მოსწავლეებში პოპულარული ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაც ისევე მიიღებს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას, როგორც ბაზრის სხვა მოთამაშე ორგანიზაციები.

17554024_1159657327493215_1974749892561482083_n„წელს განსხვავებული პრინციპით გვაქვს ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოების საკითხი. საზაფხულო სკოლაში დასვენება 3 კვირიანი აღარ იქნება. ბავშვები ერთი კვირით დაისვენებენ და მათი საზაფხულო სკოლაში წაყვანის მიმართულების ორგანიზებაში სხვებიც ჩაერთვებიან. ჩვენ ბაზრის კვლევას ვატარებთ და შემდეგ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი“, – გვითხრეს სამინისტროში სატელეფონო საუბრისას.

იმის გამო, რომ ცვლილებების მიზეზები და სხვა კონკრეტული დეტალები ამ საუბრისას ვერ მივიღეთ, სამინისტროს წერილობით ორჯერ მივმართეთ, თუმცა ორივე შემთხვევაში ჩვენი კითხვებისგან სრულიად აცდენილი პასუხები მივიღეთ.

სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენით შემცირდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ბიუჯეტი, რამდენი ლარია წელს გამოყოფილი გამარჯვებულთა ბანაკებში გამგზავრებისთვის. ვერ ხსნიან, რამდენად საკმარისი იქნება მოსწავლისთვის ერთი კვირა თანატოლებთან დამეგობრების, დასვენებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის. ასევე ვერ აკონკრეტებენ, რომელია ის ახალი საზაფხულო სკოლები, სადაც გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან.

სამაგიეროდ სამინისტრო საპასუხო წერილში ვრცლად საუბრობს მინისტრის ახალი წამოწყების შესახებ, რომელიც შეჭირვებული და ასევე მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეების ერთკვირიან უფასო დასვენებას გულისხმობს, რაც ჩვენი ინტერესის საგანი საერთოდ არ ყოფილა.

„არაერთ ქვეყანაში არსებობს ერთკვირიანი საზაფხულოი სკოლების/ბანაკების გამოცდილება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეების უფრო მეტ რაოდენობას მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საზაფხულო სკოლებში“, – ასე იმართლებს თავს განათლების სამინისტრო.

გასული წლის მონაცემებით, ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა 3 ნაკადად ჩატარდა და თითოეულის ხანგრძლივობა 3 კვირა იყო.

17458347_10208314026986040_5689178028642209577_nეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეები და მშობლები ამბობენ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მოტივაცია და სტიმული აღარ ექნებათ.

ყოფილმა ბაქსვუდელებმა კი 3 კვირიანი დასვენების მოთხოვნით სპეციალური მანიფესტიც მოამზადეს, რომელსაც უკვე აქვს 3000 ხელმოწერა, რაც მანიფესტით გაჟღერებული მოთხოვნის გათვალისწინების საფუძველია. „ჩვენ გვინდა #21დღებაქსვუდში“ – ასეთია ახალგაზრდების მესიჯი. ე.წ ჰეშთეგიც #21დღებაქსვუდში სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია.

მანიფესტი

მშობელი, ეკა მიქაძე – „ბავშვები ერთ კვირაში ვერანაირ აქტივობას ვერ მოასწრებენ. აბსოლუტურად ფულის გადაყრაა სახელმწიფოს მიერ და იქნება არასრულფასოვანი. ერთკვირიანი ცვალებადობა ბავშვებისთვის არ იძლევა იმის ეფექტს, რა ეფექტიც და რა დანიშნულებაც ამ ბანაკს აქვს. ერთი კვირა მარტო გაცნობას და შეჩვევას უნდა.“

სტეფანე გურგენიძე, მე-11 კლასელი – შარშანაც ვიყავი ბაქსვუდში და ინგლისშიც ბაქსვუდიდან. პირველი ერთი კვირა ძირითადად ეთმობოდა ახალი ურთიერთობების აწყობას, ბავშვებს ვიცნობდი. ბოლო მესამე კვირა კი იყო სასწაული. ასეთი ემოცია მე ჯერ არსად არ მიმიღია. საუკეთესო ადგილად ჩავთვალე მას შემდეგ. ეს ერთ კვირაში არ მოხდება. კატასტროფა შეიძლება ვუწოდოთ ამას ერთკვირიანად რომ აქცევენ ბაქსვუდის ბანაკს. ყველას ძალიან აქვს გული დაწყვეტილი.

პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. ვიცოდი, რომ  ბაქსვუდის შემდეგ, თუკი ვიქნებოდი აქტიური და გამოვიჩენდი თავს, წავიდოდი ინგლისში. ძალიან დიდი სტიმული იყო.  გარდა ამისა, სკოლაში სტიმული მქონდა ამის გამო, რომ სკოლაში კარგად მესწავლა და ასეც იყო. ეს ყველაფერი ახლა დაუკარგავს ბავშვს მონდომებას და ახლა მათ სტიმულიც აღარ ექნებათ და აღარც ისწავლიან“, – უთხრა სტეფანემ EDU.ARIS.GE-ს.

იმის დასტურად, თუ რა გავლენას ახდენს 3–კვირიანი საზაფხული სკოლა მოსწავლეზე, ყოფილი ბაქსვუდელი ანი ლომია საკუთარ ისტორიას ყვება და იმედს იტოვებს, რომ მათი ხმა განათლების მინისტრის პოზიციას შეცვლის:

„მე–10 კლასში, ინგლისურისა და ქართულის ოლიმპიადებზე გასვლისას, არც კი ვიცოდი ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკის არსებობის შესახებ. დამრიგებელმა მითხრა, ეროვნულ ოლიმპიადებში ხომ არ მიიღებდი მონაწილეობასო და მეც მივიღე, ჩემი რა მიდის–მეთქი. მესამე ტურში რომ გადავედი და ამ ამბის ცნობა მოვიდა სკოლაში, გამოცდილმა ბაქსვუდელმა, Konstantineმ მახარა: “ანი, ბაქსვუდში მიდიხარ!” მაშინ ჩვეულებრივი სიტყვა იყო ეს “ბაქსვუდი” ჩემთვის. კოკოს სიხარულიც მიკვირდა. ზაფხულში იმაზეც კი დავფიქრდი, იქნებ აღარ წავიდე ამ ბანაკში–მეთქი. კიდევ კარგი, რომ არ შევცდი და წავედი.

17629849_1726580754299337_2098459902141859211_n„ეს იყო გარემო, რომელიც სულაც არ მაგონებდა ჩემს ყოველდღიურობას. საოცნებო ქვეყანაში მეგონა თავი, რომელში, ზუსტად ვერ წარმომედგინა.
რომ დასრულდა ჩემი პირველი ნაკადი და დადგა გამომშვიდობების მომენტი, ყველა ატირდა. მე შევეცადე, შემენარჩუნებინა “უემოციო გოგოს” პოზიცია და არ მეტირა. არ ვიტირე თავად ბაქსვუდის ტერიტორიაზე. კარგად მახსოვს, თბილისში რომ ჩამოგვიყვანა ავტობუსმა და მამაჩემის მანქანაში ჩავჯექი, სანამ მამა მანქანას დაძრავდა, Dimaმ დამიქნია ხელი, გამომშვიდობების ნიშნად. არ ვიცი, დიმას მიმართ ჩემი დამოკიდებულების, თუ ემოციების საკუთარ თავში საათობით ჩაკეტვის გამო მოხდა ეს, მაგრამ მოხდა, და ავტირდი. ავტირდი კი არა, ავზლუქუნდი. მერე დედას თვალებშიც შევნიშნე სიხარულის ცრემლი. ჩემი ცრემლები სულაც არ იყო სიხარულის. მწარედ ვტიროდი, რადგან მეგონა რომ ბაქსვუდში მოხვედრის ბედნიერება აღარასდროს მექნებოდა, ეს კი ერთ–ერთი უდიდესი ბედნიერება იყო ჩემს ცხოვრებაში.

„მაგრამ ბედნიერი 2016 წელიც დადგა. ისევ გადავედი მესამე ტურში და ისევ მოვხვდი ბაქსვუდში. კვლავ გაოცებული ვიყავი ბავშვებით, აკადემიური ჯგუფით – მენეჯერით, ლიდერებით, “ჰედ–პრეფექტებით”, მზარეულებით, – მთელი პერსონალით. კვლავ მიკვირდა, როგორ შეიძლება ერთ ადგილას შეიკრიბოს ამდენი კეთილი და გონიერი ადამიანი–მეთქი. (ახლაც მიკვირს.) ისევ ვივსებოდი 21–დღიანი ბედნიერებით და ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე რომ 10,9,8,7 და ნაკლები დღე დარჩა. ბოლო დღეს წამითაც არ შემიკავებია ემოციები. ეს ჩემი ბოლო “ბაქსვუდობა” იყო.

17342598_791062557709371_2774250842862032781_n„ბაქსვუდმა მხოლოდ მეგობრები არ შემძინა. თამამად ვიტყვი, როგორც ჩემი პირველი “ჰაუსის” ლიდერი ანა ამბობდა, რომ “ლომიამ ბაქსვუდში საკუთარი თავიც იპოვა”. მივხვდი, რა შემეძლო კარგად და რა არა. გამიჩნდა ამბიციები, ოღონდ რეალური. ხელი ავიღე იმაზე, რაც არ გამომივიდოდა. რეალურად შევხედე საკუთარ თავს. და ეს ძალიან გამომადგა.

„(!) 21 დღეც კი არ არის საკმარისი ამ ბანაკისათვის. პირველი 1 კვირა 200 მოსწავლეს იმისათვის სჭირდება, რომ ყველამ შეძლებისდაგვარად ყველა გაიცნოს, შეეგუოს ბანაკის სიტუაციას, ადაპტირდეს უცხო გარემოსთან. ბაქსვუდს რომ ვადარებ სხვა ბანაკებს, ვხვდები, რომ ბანაკის ხანგრძლივობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბაქსვუდის ბანაკი მინიმუმ 21 დღეს უნდა გრძელდებოდეს. 1 კვირიანი ბაქსვუდი აღარ იქნება ის, რაც იყო და ჩვენ დავკარგავთ ფაქტობრივად საუკეთესო ბანაკს, და ზოგადად, საუკეთესო პროექტს.

“ბაქსვუდი” რომ მესმის, სულელივით მებადრება სახე. ვინც და რაც კი უკავშირდება ამ ადგილს, მგონი, ყველა და ყველაფერი მიყვარს.

17634505_1421768954552644_6326568580690631265_n„არ შეიძლება ამ ემოციის წართმევა. ჩემო ძვირფასო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროვ, არ შეიძლება ამ სიამოვნების წართმევა ოლიმპიადაში მონაწილე და ბაქსვუდზე მეოცნებე ბავშვებისთვის. დავტოვოთ ის, რაც ასეთი კარგია; რაც ცვლის კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას, იმ ადამიანებისა, ვინც დარწმუნებული ვარ, მომავალში მთელს ქვეყანას შეცვლიან უკეთესობისკენ. ბაქსვუდის 21–დღიანი ბანაკი უდიდესი ინვესტიციაა, ჩვენი ქვეყნის მომავალში ჩადებული.

„მე მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები სახელმწიფოსი, რომ ეს შესაძლებლობა მომცა, რომ მანახა 21(ჩემს შემთხვევაში 42)–დღიანი,საოცარი ბაქსვუდი. ნუ წაართმევთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ბავშვებს, რომლებიც მას იმსახურებენ.

გავმეორდები, თითოეული ბაქსვუდელი ამ ქვეყნის მომავალია, ნათელი მომავალი.“

2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა გაითვალისწინებს თუ არა ალექსანდრე ჯეჯელავცა მოსწავლეების მოთხოვნას და პეტიციის შედეგს, უცნობი.

EDU.ARIS.GE მინისტრის პოზიციას მკითხველს მისი მოპოვებისთანავე გააცნობს.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური