GE

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა – დარეგისტრირდა 40 000-ზე მეტი აპლიკანტი

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია  17 მარტს 18:00 საათზე დასრულდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ დარეგისტრირდა – 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, 12 500-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი და 4 000-ზე მეტი სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილე აპლიკანტი. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამბობს, „ამდენი მაგისტრობის მსურველი გასულ წლებში არ ყოფილა, რაც ერთის მხრივ -სასიხარულოა“.

მისივე თქმით, იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 17 მარტის  18:00 საათამდე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, სამწუხაროდ შეღავათები აღარ ექნებათ და საგანს ვეღარ აირჩევენ, მათ კი, ვინც უკვე დარეგისტრირდა, უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალის ცვლილება აგვისტოს დასაწყისამდე შეეძლებათ.

„რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტებს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ეს გახლავთ ის არჩევითი საგნები, რომელსაც ისინი დამატებით ჩააბარებენ სავალდებულო საგნებთან ერთად. მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიისაღებად მათ საკმაო დრო, რამდენიმე თვე აქვთ. აგვისტოს დასაწყისამდე, მას შემდეგაც კი, როდესაც ისინი გაიგებენ საკუთარ შედეგებს, აქვთ დრო, შეცვალონ ფაკულტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი და მოამზადონ ახალი რეიტინგული სიის ჩამონათვალი“,-აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენრის ხელმძღვანელი პირობას აძლევს ყველა აპლიკანტს, რომ გამოცდების მიმდინარეობისას მათ სათანადო პირობები ექნებათ.

„მთავარი და მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია გაუკეთონ საკუთარ თავს და იფიქრონ იმაზე, რომ გამოცდების პერიოდში მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მე ყველა აბიტურიენტს და ყველა აპლიკანტს ვაძლევ იმის გარანტიას, რომ ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ შეუქმნას სათანადო გარემო ჩვენს აპლიკანტს“,-განმარტავს მაია მიმინოშვილი.

2015 წლის ეროვნული გამოცდების მინიმალური და მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული სიახლეების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური