GE

„თუ მშრომელი კაცის შვილს დღეს ვეტყვით, მათემატიკა არ გჭირდებაო – უმკაცრესი ფაქტი, რომელიც ყველა დედამ და მამამ უნდა იცოდეს“

ავტორი მირიან ივანაძე, მათემატიკოსი, მკვლევარი, საგანმანათლებლო პლატფორმა „ელიტარული მათემატიკის“ (miriankifivanadze.com) დამფუძნებელი, 8-ტომიანი მონოგრაფიის „მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (1959–2025)“ ავტორი.

რატომ ღირს დღეს სწორი პასუხი ნული თეთრი, ხოლო სწორი კითხვა მილიონები: ერთი უხილავი შეცდომა, რომელიც ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს.

საღამოა. მშობელი სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება. მთელი დღე იშრომა, იწვალა, მაღაზიაში ფასებს დახედა, გონებაში გადათვალა, როგორ გაანაწილოს ხელფასი თვის ბოლომდე სესხზე, გადასახადებსა და საჭმელზე, და ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც ამ სიმძიმეს ატანინებს, გვერდით ოთახში მჯდომი შვილია. მშობელი შედის ოთახში, უყურებს ბავშვს, რომელსაც ტელეფონი უჭირავს, ხელოვნურ ინტელექტს წამში ახსნევინებს დავალებას, და გულში ფიქრობს: რა კარგია, ჩემსავით წვალება აღარ მოუწევს, აწი პროგრამა ყველაფერს დაუთვლის და ცხოვრება გაუადვილდებაო.

მშობელს ჰგონია, რომ შვილს ცხოვრება გაუმარტივდა, სინამდვილეში კი მის თვალწინ ბავშვს ართმევენ იმ ერთადერთ იარაღს, რომლის გარეშეც ხვალინდელ სამყაროში ადამიანი საკუთარი ცხოვრების პატრონი ვეღარასოდეს გახდება.

რატომ ვერ ვამჩნევთ ამ საფრთხეს? იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთ დიდ ტერმინოლოგიურ ტყუილში გაგვზარდეს.

ჩვენ გვაჯერებდნენ, რომ სკოლის დაფაზე დაწერილ მზა ფორმულაში რიცხვების ჩასმა, ფრჩხილების გახსნა და სწორი პასუხის მიღება იყო მათემატიკა. სინამდვილეში კი ამას მათემატიკასთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო! მეცნიერების ისტორიაში ამ პროცესს ყოველთვის ერქვა კალკულაცია, ანუ აღმრიცხველობა. ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისიდან მოყოლებული 1950 წლამდე, სიტყვა „კომპიუტერი“ მანქანას კი არა, დაქირავებულ მუშაკს ერქვა, რომელიც იჯდა მაგიდასთან და სხვისი შედგენილი წესით მთელი დღე რიცხვებს ამრავლებდა.

როდესაც დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ანგარიში წამის მეასედში შეასრულა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა და თქვა: მორჩა, მათემატიკა აღარ გვჭირდებაო!

არადა, მოხდა ზუსტად საპირისპირო რამ. მანქანამ გაანულა კალკულაციის ფასი, მაგრამ სწორედ ამით ცამდე აიყვანა ნამდვილი მათემატიკის ფასი!

რომ დავინახოთ, რატომ წყვეტს ეს განსხვავება დღეს სოფელში მომუშავე კაცის, ქუჩაში მდგომი ახალგაზრდის, ლაბორატორიაში მდგომი ექიმისა და საჯარო ტრიბუნაზე მდგომი მმართველის ბედს, გავიხსენოთ ერთი ნამდვილი, დოკუმენტური ამბავი მეოცე საუკუნის ინდუსტრიული ისტორიიდან, რომელიც ყველაფერს თავის სახელს არქმევს.

1923 წელს ქალაქ სკენექტადიში, უმსხვილეს კორპორაცია General Electric-ის მთავარ ქარხანაში მწყობრიდან გამოვიდა გიგანტური ელექტროგენერატორი. გაჩერდა წარმოება, კომპანია ყოველ საათში უზარმაზარ თანხას კარგავდა. ქარხნის საუკეთესო ინჟინრები და აღმრიცხველები კვირების განმავლობაში ამოწმებდნენ ყველა დეტალს, იყენებდნენ ყველა ცნობილ ცხრილსა და ინსტრუქციას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

რატომ არის უკეთესი მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები დაწყებით კლასებში – „მოსწავლე დამოუკიდებელი მეცადინეობისკენ მიგვყავს“

ბოლოს ქარხნის მფლობელებმა დასახმარებლად მოიწვიეს გენიალური მათემატიკოსი და ელექტროინჟინერი ჩარლზ პროტეუს შტაინმეცი. შტაინმეცი შევიდა უზარმაზარ საამქროში, არცერთი ხელსაწყო არ მოუთხოვია, მხოლოდ რვეული, ფანქარი და ერთი ცარცი სთხოვა მუშებს. ორი დღის განმავლობაში ის უსმენდა გენერატორის ხმას და რვეულში აგებდა პროცესის მათემატიკურ მოდელს. მეორე დღის საღამოს შტაინმეცი მივიდა უზარმაზარ კორპუსთან, ცარცით დაუსვა ერთი პატარა ჯვარი და უთხრა ინჟინრებს: გახსენით ზუსტად აქ და ხვიას მოაკელით თექვსმეტი მარყუჟიო. მუშებმა შეასრულეს მითითება და გენერატორი იმ წამსვე უნაკლოდ ამუშავდა!

რამდენიმე დღეში შტაინმეცმა კომპანიას გაუგზავნა შესრულებული სამუშაოს ანგარიში: ათი ათასი დოლარი (რაც დღევანდელი კურსით ნახევარ მილიონ დოლარს აღემატება). გაოგნებულმა დირექტორმა ოფიციალური წერილი მისწერა: ბატონო ჩარლზ, ცარცით ერთი ჯვრის დასმაში ათი ათასი დოლარი მეტისმეტი ხომ არ არის, გთხოვთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა გამოგვიგზავნოთო.

შტაინმეცმა უკან დაუბრუნა ორსტრიქონიანი დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შევიდა:

ცარცით ჯვრის დასმა: 1 დოლარი.
იმის ცოდნა, თუ სად უნდა დაისვას ჯვარი: 9,999 დოლარი!

კარგად დააკვირდით ამ ორ სტრიქონს, რადგან აქ დევს მთელი ჩვენი ეპოქის გასაღები!

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღეს ყველას ტელეფონში გვიდევს, არის ის „ერთდოლარიანი ცარცი“ და ის მუშების ბრიგადა, რომელიც შენს ნათქვამზე წამში გახსნის კორპუსს, დაწერს კოდს, შეადგენს დოკუმენტს და დაითვლის მილიონ ვარიანტს. ის უდიდესი ძალაა და მისი გამოყენება აუცილებელია!

მაგრამ თავად ხელოვნურმა ინტელექტმა რეალურ, არასტანდარტულ ცხოვრებაში არ იცის, სად დასვას ჯვარი! რატომ?

ამას მკაცრი მათემატიკური მიზეზი აქვს: ნებისმიერი დღევანდელი პროგრამა მუშაობს ალბათური სტატისტიკით, ანუ ის ეძებს წარსულში სხვების მიერ უკვე დაწერილ ტექსტებსა და შაბლონებში ყველაზე ხშირად განმეორებულ სიტყვათა ბმას. ის ხედავს მხოლოდ გუშინდელ დღეს და სტანდარტულ გზას. როგორც კი შენს ცხოვრებაში, შენს მეურნეობაში, შენს ჯანმრთელობაში ან შენს ქვეყანაში ჩნდება ახალი, ჩახლართული ამოცანა, სადაც ძველი შაბლონი აღარ ჭრის, პროგრამა იწყებს დამაჯერებელი ტონით მცდარი პასუხების მოწოდებას!

სწორედ ეს დაადასტურა ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახმაურებულმა ექსპერიმენტმა, როდესაც შვიდას ორმოცდათვრამეტ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს მისცეს ხელოვნური ინტელექტი რთული ამოცანების გადასაჭრელად: იმ ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარი მკაცრი მათემატიკური და ლოგიკური გადამოწმების უნარი არ ჰქონდათ და ბრმად მიენდნენ ეკრანს, ცხრამეტი პროცენტით უფრო მეტი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, ვიდრე მათ, ვინც პროგრამა საერთოდ არ ჩართო!

ახლა კი შეხედეთ, როგორ მუშაობს „ცარცისა და ჯვრის“ ეს კანონი დღეს საქართველოში ყველა ადამიანის ცხოვრებაზე:

შეხედეთ მშრომელ კაცს სოფელში, მიწასთან ან სახელოსნოში: მას მკლავში ძალაც აქვს, სინდისიც და გამრჯეობაც. მაგრამ რატომ ხდება, რომ მთელი წლის ნაწვალები მოსავლით ის ძლივს ფარავს ხარჯს, ხოლო მოგება მიაქვს ბანკს, გადამყიდველსა და ქსელს? იმიტომ, რომ მკლავი სვამს ცარცს, ხოლო მოგებას ინაწილებს ის, ვინც ითვლის რთულ პროცენტს, ვალუტის რისკს, შენახვის ლოგისტიკასა და ბაზრის დროით ციკლს! თუ მშრომელი კაცის შვილს დღეს ვეტყვით, მათემატიკა არ გჭირდებაო, ჩვენ მას სამუდამოდ ვტოვებთ იმ ადამიანების მსახურად, ვინც იცის, სად დასვას ჯვარი!

შეხედეთ ახალგაზრდას ქუჩასა და სამეგობროში: ქართველი ბიჭისთვის ყველაზე მწარეა, როცა ვინმე ატყუებს და საკუთარ თამაშში ბრმად იყენებს. მაგრამ დააკვირდით, რა ძალით აცარიელებს დღეს ათიათასობით ახალგაზრდის ჯიბესა და მომავალს ონლაინ ფსონებისა და სწრაფი გამდიდრების მახეები! რატომ ვერ ხვდება ახალგაზრდა, რომ იქ მოგება შეუძლებელია? იმიტომ, რომ მას სკოლაში ფორმულები აზეპირებინეს, მაგრამ არ ასწავლეს ნამდვილი მათემატიკური აზროვნება და იაკობ ბერნულის დიდ რიცხვთა კანონი: რომ როდესაც მათემატიკური ლოდინი უარყოფითია, ყოველი მომდევნო ნაბიჯი გარანტირებულად მიგიყვანს ნულამდე! ვისაც ტვინში მათემატიკური საზომი უყენია, მას ვერც ქუჩაში, ვერც ბიზნესში და ვერც ტელეეკრანიდან ვერავინ გააცურებს!

შეხედეთ ექიმს ლაბორატორიაში, იურისტს, ეკონომისტსა და სახელმწიფო მოხელეს ტრიბუნაზე: ხვალ სტანდარტულ ანალიზსაც, შაბლონურ სარჩელსაც და საბიუჯეტო ცხრილსაც წამში შეადგენს პროგრამა. სამსახურსა და გავლენას შეინარჩუნებს მხოლოდ ის ერთეული, ვინც ეკრანის უკან დაინახავს მიზეზშედეგობრივ კავშირს, აღმოაჩენს უხილავ ცდომილებას და მიიღებს გადაწყვეტილებას იქ, სადაც პროგრამა ჩიხში შედის!

და კიდევ ერთი, უმკაცრესი ბიოლოგიური ფაქტი, რომელიც ყველა დედამ და მამამ უნდა იცოდეს: 

ოქსფორდის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა პროფესორ როი კოენ კადოშის ხელმძღვანელობით მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპიით შეამოწმეს მოზარდების თავის ტვინი. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებმაც შეწყვიტეს მათემატიკასთან ჭიდილი, სულ რაღაც ცხრამეტ თვეში ტვინის წინა ნაწილში (პრეფრონტალურ ქერქში) ფიზიკურად შეუმცირდათ იმ ნივთიერების გამომუშავება, რომელიც აყალიბებს ნებისყოფას, ყურადღების კონცენტრაციასა და კრიტიკულ განსჯას!

ჩვენ ხომ არ ვეუბნებით შვილს: რადგან მანქანა და ლიფტი გამოიგონეს, ფეხით აღარ გაიარო და სავარჯიშოდ აღარ შეხვიდეო? ყველამ ვიცით, რომ უმოძრაოდ კუნთი დნება. ზუსტად ასევე, ნამდვილი მათემატიკური ამოცანა არის ადამიანის ტვინის ერთადერთი სავარჯიშო დარბაზი! როდესაც ბავშვი ოცი წუთის განმავლობაში უზის უცნობ, არასტანდარტულ ამოცანას, ეძებს გზას, ცდება, თავიდან იწყებს და უცებ საკუთარი ჭკუით პოულობს გასაღებს, ამ წამს მის ტვინში გამოიყოფა ყველაზე ჯანსაღი, აღმშენებლობითი დოფამინი და იჭედება უძლეველი ხასიათი!

ახლა კი შევხედოთ ჩვენს ქვეყანას:

საქართველოში ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებზე გასული თორმეტი ათასი აბიტურიენტიდან ათი ათასი ელემენტარულ მათემატიკაში ქულების ნახევარსაც ვერ აგროვებს. ჩვენი მომავალი თაობის ოთხმოც პროცენტზე მეტი ისედაც დაუცველი ხვდება ამ ურთულეს ეპოქას. და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ამას დაემატება ეს ტკბილი საწამლავი: „ბავშვს ტვინს ნუ უღლით, აწი მანქანა დაითვლისო“!

თუ ჩვენ ამ ტყუილს დავიჯერებთ, თხუთმეტ წელიწადში მივიღებთ ქვეყანას, სადაც ჩვენი შვილები იქნებიან მხოლოდ სხვისი დაწერილი პროგრამების მომსახურეები საკუთარ მიწაზე!

მაგრამ თუ დღესვე გამოვფხიზლდებით, ჩვენს თვალწინ იხსნება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შესაძლებლობა უბრალო ქართული ოჯახისთვის!

ადრე ხელმოკლე ოჯახში გაზრდილ ნიჭიერ ახალგაზრდას დიდი იდეის განსახორციელებლად სჭირდებოდა უზარმაზარი ფული, კავშირები და ასობით თანამშრომელი. დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა მთელი ეს აღმასრულებელი შრომა უფასო გახადა! დღეს ერთ ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს გაწვრთნილი, არქიტექტურული მათემატიკური გონება და იცის „სად დასვას ჯვარი“, შეუძლია იჯდეს საკუთარ სახლში, თბილისში, ბათუმში ქუთაისში, თელავსა თუ მესტიაში, დაიმორჩილოს ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარი სიმძლავრე და მარტომ შექმნას ის, რასაც ადრე მთელი კორპორაციები ქმნიდნენ!

ამიტომ, მივმართავ ყველა მშობელს, ყველა მასწავლებელს, ყველა ლექტორსა და ყველა ახალგაზრდას:

დღეს არ არსებობს ამქვეყნად უფრო დიდი სიყვარული და უფრო გონივრული ინვესტიცია, ვიდრე შვილის ნამდვილ მათემატიკურ აზროვნებაში ჩადებული უკანასკნელი თეთრიც კი! ოღონდ ასწავლეთ მათ არა მშრალი კალკულაცია და ფორმულების დაზეპირება, რასაც ტელეფონიც აკეთებს, არამედ ასწავლეთ ნამდვილი, ცოცხალი, არასტანდარტული და საოლიმპიადო მათემატიკა: ფიქრის, აღმოჩენის, მოდელის შექმნისა და დამტკიცების ხელოვნება!

სწორედ ამ ეროვნული მისიით, რათა ყველა ქართულ ოჯახს, სკოლასა და უნივერსიტეტს ხელთ ჰქონდეს არა დასაზეპირებელი შაბლონების რვეული, არამედ ნამდვილი აზროვნების უმაღლესი სამჭედლო მშობლიურ ენაზე, ჩემი თორმეტწლიანი უწყვეტი კვლევისა და შრომის შედეგად შეიქმნა მსოფლიოში უპრეცედენტო მასშტაბის, 3,275 გვერდიანი ფუნდამენტური მონოგრაფია:
„მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (1959–2025)“.

ასევე იხილეთ:

„როგორ გადავაქციე მათემატიკა ცოცხალ კვლევად“ – AI და პროექტზე დაფუძნებული სწავლება XI კლასში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური