„გადახედეთ „მგზავრის წერილებს“ – როგორ ხსნის განათლების სპეციალისტი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოების პროტესტს
განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების გუნდის წევრი, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, განათლების სპეციალისტი ნიკო სილაგაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი წერილით ეხმიანება, სადაც საკუთარ ანალიზს გვიზიარებს, თუ რას და რატომ აპროტესტებს დღეს ქუჩაში საქართველოს საზოგადოება:
EDU.ARIS.GE ნიკო სილაგაძის პოზიციას უცვლელად წარმოგიდგენთ:
“29 ნოემბერს დაწყებული დემონსტრაციები უკვე მეთოთხმეტე დღეა გრძელდება. სახეზეა პოლიტიკური კრიზისი და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის საწყისი ეტაპი; ანუ ვითარება:
– როცა ყველას აქვს პოზიციის დაფიქსირების მორალური ვალდებულება;
– როცა სიჩუმე არის არა “ნეიტრალიტეტი”, არამედ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის / უფრო სწორად მთავრობის მხარდაჭერა.
ესეც არ იყოს – მომიტინგეების მთავარ ბირთვს ახალგაზრდები (გუშინდელი სკოლის მოსწავლეები) ქმნიან, რომლებსაც ჩვენ, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები, წლების განმავლობაში ვესაუბრებოდით ადამიანის ღირსებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებაზე, პატრიოტიზმზე, სამოქალაქო მონაწილეობაზე, ჰუმანურობაზე …. . ვითარებაში, როცა ახალგაზრდები ამ ღირებულებების სახელით მოქმედებენ უფროსი თაობის წარმომადგენლების მხრიდან ორაზროვანი ლაპარაკი არ არის ლამაზი – ერთის თქმას და მეორეს კეთებას ჰგავს ეს.
მეც ამიტომ გადავწყვიტე ფეისბუქი გამეაქტიურებინა და საკუთარი პოზიცია გამომეხატა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ანუ ჩემი აზრით სწორი პასუხი გამეცა შეკითხვაზე – რატომ დაიწყო/მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები?
როგორც მოგეხსენებათ, გამოსვლები მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას. პრემიერმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა “დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან” (ციტატა პრემიერის მიერ ბრიფინგზე წარმოთქმული ტექსტიდან).
ზემოთქმულის გათვალისწინებით ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ხალხი საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას აპროტესტებს, თუმცა, ეს ნამდვილად არ არის მთავარი; არც იმის ფიქრია სწორი, რომ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ოპოზიციური პარტიებისთვის წართმეული ხმების დაცვას ისახავენ უპირველეს მიზნად (ასე რომ ყოფილიყო გამოსვლები ერთი კვირით ადრე დაიწყებოდა).
საზოგადოება გაღიზიანდა იმით, რომ კობახიძის ტექსტში ცალსახად ამოიცნო შემდეგი გზავნილი – ახლო მომავალში არაფერი შეიცვლება; სულ ცოტა 2028 წლამდე კვლავაც უნდა ვიცხოვროთ მაფიოზურ სახელმწიფოში, სადაც:
– საჯარო პოლიტიკა ინსტრუმენტია მსხვილი ბიზნესის „დასაკრიშად“;
– კონსტიტუციის არსებობა ფორმალობაა; არჩევნები კი ძალაუფლების ლეგალიზაციის (და არა ხალხის მხრიდან საკუთარი ნების გამოხატვის) საშუალება;
– კანონის უზენაესობა მითია (ანუ მოქმედებს ბენიტო მუსოლინის მიერ დეკლარირებული პრინციპი – „ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის შეიძლება ყველაფერი, ყველა დანარჩენისთვის კი გვაქვს კანონი“);
– სასამართლო არ არის დამოუკიდებელი (ანუ იარაღია მმართველი პარტიის ხელში);
– სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ ინსტიტუციური მეხსიერება (ანუ ვერ ახორციელებენ ხალხის სასარგებლო გრძელვადიან, თანმიმდევრულ პოლიტიკას და მოქმედებენ სიტუაციურად რომელიმე პარტიის/ელიტური ჯგუფის ინტერესების შესაბამისად).
დღეს და ხვალ კი არა, თურმე ახლო მომავალშიც არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ (ანუ, არათუ აწმყო არ გვწყალობს, მომავალიც სხვისია). ამან ცხადია საქართველო მოქალაქეების მოთმინების ფიალა აავსო და ქუჩაში უამრავი განსხვავებული ხედვისა და ინტერესის მქონე ადამიანი გამოიყვანა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროინტეგრაცია არის არა საგარეო პოლიტიკის საკითხი, არამედ – საშუალება ნორმალური სახელმწიფოს შესაქმნელად:
– სადაც ხალხი რეალურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში (რეალური მონაწილეობა განსხვავდება ფსევდომონაწილეობისგან);
– ქვეყანა იმართება კანონებით (არავინ დგას კანონზე მაღლა);
– სადაც ინსტიტუციები და ბიუროკრატია ფორმალიზმამდე დაყვანილ „რიტუალებთან“ კი არ ასოცირდება, არამედ ეროვნულ ინტერესებს „ინახავს“ და იცავს მას მმართველებისგან, რომლებსაც ეროვნულთან ერთად პირადი/ ფრაქციული ინტერესებიც ამოძრავებთ.
ასეთ სოციალურ გარემოს მეცნიერები „სამართლებრივი კულტურის“, „სამართლებრივი სახელმწიფოს“ „დემოკრატიული სახელმწიფოს“ სახელით იხსენიებენ. მას, როგორც წესი, უპირისპირებენ პატრიმონიალური სახელმწიფოს, რომელიც მმართველი ელიტის/დინასტიის პირად დომეინს წარმოადგენს.
დღეს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს მიმდინარე აქციები „ნაცების მობრუნების მცდელობად“, ან „მედასავლეთე ლიბერალების მარშად“ წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი პროტესტის საფუძველი არის ილია ჭავჭავაძის მიერ გაცხადებული პრინციპი: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ (გადახედეთ კიდევ ერთხელ „მგზავრის წერილებს“ და ნახავთ, რომ ლელთ ღუნიასთვის ერთმანეთისგან განუყოფელი იყო სამოქალაქო სოლიდარობასთან, მონაწილეობასთან და ეროვნული დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სატკივარი).
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები
- „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამათავისუფლეს“ – სკოლის დირექტორის მიმართვა მოსწავლეებსა და მშობლებს by სოციალური ქსელები