„საქართველოში განათლების მინისტრი თვეში დაახლოებით 4000 აშშ დოლარს აიღებს, მაშინ როცა მასწავლებლების ხელფასი 600 დოლარამდეა“
განათლების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა რატიანი სოციალურ ქსელში ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთ პრობლემაზე, კერძოდ კი სახელფასო პოლიტიკაზე წერს:
“მინდა მკაფიოდ ჩამოვაყალიბო, თუ რატომ ვუერთდები პროტესტს (ხელახალი არჩევნების, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნის გარდა).
დღეს განათლების ერთ პრობლემაზე დავწერ:
საქართველოში განათლების მინისტრი თვეში დაახლოებით 4000 აშშ დოლარს აიღებს, მაშინ როცა მასწავლებლების ხელფასი 600 დოლარამდეა.
დირექტორების საშუალო ხელფასი ხშირად მასწავლებლისაზე ნაკლები. ბევრად ნაკლებია ტექნიკური პერსონალის ხელფასი. დღეში მინისტრის ხელფასი 376 ლარია, იმაზე მეტი, რაც პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა თვეში უნდა აიღოს.
რატომ არ უნდა გავჩუმდეთ?
ჩამოყალიბდა რეჟიმი, რომელიც ბიუჯეტის ფულს საკუთარი პრივილეგიებისთვის იყენებს, ამავე დროს, ზრდის უთანასწორობას და არ თვლის თავს საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულად.
თუ ჩვენთან მასწავლებლისა და მინისტრის ხელფასებს შორის თანაფარდობაა 1:6,8 არის, ირლანდიაში ეს სხვაობა მინიმალურია, 1:1,9, რაც მიუთითებს უფრო სამართლიან და თანასწორ სისტემაზე. ევროპულ ქვეყნებში გაცილებით მაღალი მგრძნობელობაა ხელფასის უთანასწორობებზე, რაც საქართველოსთვის სამაგალითო უნდა იყოს.
ჩვენ ხელახალი არჩევნების შემდეგ უნდა მოვითხოვთ:
- სამართლიანი სახელფასო პოლიტიკა;
- მასწავლებლებისა და დირექტორების სამუშაოს ღირსეული დაფასება;
- სკოლების მეტი ავტონომიურობა;
- ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელიწადზე მეტი სამინისტრო აანონსებდა უპრეცედენტო სახელფასო ზრდას. სინამდვილეში ზრდა მხოლოდ ერთ კატეგორიას შეეხო, უფროს მასწავლებლებს. ზრდის მიღმა დატოვა 20 ათასამდე დაწყებითის მასწავლებელი, ასევე წამყვანი და მენტორები. მასწავლებლები ერთმანეთს დააპირისპირა, რადგან ზრდის წინაპირობა ჩატარებული საათები გახადა. ამით ასევე კარი მიუხურა ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველებს. დირექციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდამ მხოლოდ 10% შეადგინა.
ესეც არ აკმარა სამინისტრომ და სკოლების დირექტორებს საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილების გადასაფარად, მოსთხოვა მგზნებარე სამადლობელი პოსტების დაწერა.
სხვა პრობლემებზეც ეტაპობრივად დავწერ, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერს მსგავსი სიმძაფრის საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებს არ უთმობენ. შესაბამისად, ყველამ არ იცის, რა ხდება უზნაძის #52-ში, დახურულ კარს მიღმა, როგორი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება”, – წერს მანანა რატიანი 5 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში.
- სკოლებს, სადაც ექიმის ხელფასი 800, ხოლო ექთანის 650 ლარი იქნება, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს by ARIS.GE-განათლება
- რა წავაკითხოთ არდადეგებზე – საშობაო ლიტერატურა ბავშვებისთვის by ARIS.GE-განათლება
- ახლებურად განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები by ARIS.GE-განათლება