GE

„მე რომ განათლების მინისტრი ვიყო“ – მენტორი მასწავლებლის გეგმა

ინგლისურისა და სპორტის მენტორი მასწავლებელი, ბიჭიკო ოჩიგავა 8 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში წერს რას გააკეთებდა, ტავად რომ იყოს განათლების მინისტრი:

„მე რომ განათლების მინისტრი ვიყო…

თავიდანვე სიცილით ვიწყებ და იუმორით შეხედეთ. ვინც არა და არ დამეძინება ამაღამ.

შემაჯამებლის და ზოგადად, საკლასო სამუშაოების ანალიზი ხომ ერთგვარი კვლევაა შემდგომი ინტერვენციებისთვის. თუ ეს კვლევა რჩება კვლევად, მაშინ მისი საჭიროების აუცილებლობა რაში მდგომარეობს? რომ ვინმე თავს დაგვესხმება და დავუმტკიცოთ რა მაგრები ვართ ,,ბრატ?” – არა! არანაირი სიყალბე არ იქნებოდა ჩემი მინისტრობისას.

ეს რომ აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში წმინდა წყლის მოყირჭებული ბიუროკრატიაა და არა საჭიროება, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რამხელა ცუცურაკობის ნაწილი ვართ? წინ ბატი – უკან ცხვარი.

ჩემი სამინისტრო არ იტრიპაჩებდა და ვითომ საქმიანი იმიჯის წარმოჩენის მიზნით, დეგენერატულ რეფორმებს არ მოახვევდა სკოლებს თავს. რასაც იზამდა მერე დავწერ.

მოვხსნიდი ამ მაიმუნობას! ტყუილში ისედაც დიდი ხანი ვიცხოვრეთ. განგტვირთავდით და დაგარესტარტებდით.

ჩემი ნება რომ იყოს, გაცილებით მეტი არაფორმალური აქტივობის აუცილებლობას დავაყენებდი დღის წესრიგად. მოსწავლეებს მივცემდი მათში მიჩქმალული და მათთვისვე უცნობი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობას. სასწავლო პროცესს ავაგებდი მდგრადი განვითარების მიზნებზე. თანამედროვეა და აქტუალური. ყველა კლასს ვთხოვდი, შეექმნა რესურსების ბანკი და ეამაყა მისი შემოქმედებით. მოსწავლეები ორგანიზებულობას და საკუთარი ნამუშევრის დაფასებასაც ისწავლიდნენ.

ბავშვი უნდა აფასებდეს მის ნამუშევარს, მან უნდა გააკეთოს რეფლექსია, თორემ ჩვენ რომ ქაღალდებში პროცენტებს ვითვლით და მერე თაროზე შემოვდებთ, ამით რას ვიღებთ? ბუს კვერცხებს!

ვფიქრობ, რომ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაღაც დოზით მოსწავლეებმაც უნდა აკეთონ მათი პროგრესისთვის, განვითარებისთვის, თვითშეფასებისთვის. ყოველივე ეს იქნებოდა დასტური იმისა, რომ სკოლა მუშაობს და მოსწავლეთა განვითარებაზეა ოროენტირებული და არა მასწავლებლის, რომელმაც წერა-კითხვა ათწლეულების წინ ისწავლა.

ეს და სხვა იდეებიც მაქვს, მაგრამ მეზარება ახლა. ტრენინგები, განვითარებები და ა.შ. ჯერ არ დამიგეგმავს. ვმუშაობ, თუმცა ძალიან მაგარი იდეები მაქვს ამ კუთხით.  ამ დოყლაბია დოკუმენტებს კი ცეცხლს წავუკიდებდი და სკოლის ფანჯრებიდან ფრიალითა და ცეცხლოვანი ფარფატით გავისტუმრებდი ჯანდაბაში. ამას ვიზამდი ასე.

მასწავლებლებს კი გავუჩენდი დაცულობის განცდას. ავუმაღლებდი თვითრწმენას. გავაცოცხლებდი მათში მიძინებულ ბავშვს. დავაჯერებდი, რომ პროფესიონალია ვიღაცისთვის მუდამ რაღაცების მტკიცების გარეშეც. არანაირი ბაინდერი და “გარმონი”, მოსწავლის რესურსების ბანკიც საკმარისია.

საჯარო სკოლის დირექტორს არ მივცემდი ყველაფრის უფლებას. რას ჰქვია უნდა და გაუშვებს, უნდა და მიიღებს, უნდა და იყვირებს, უნდა და წარბს აწევს, უნდა და მორჩა! აბა, მე ვინ ჩემი ფეხები ვიქნები მაშინ! ))))

დირექტორებს ავარჩევინებდი მასწავლებლებს ფარული კენჭისყრით. ყოველგვარი შიშის, ნეპოტიზმისა და დაქალუშკა-ბრატუშკას გარეშე.

რაც მთავარია. მოვიპოვებდი უპირობო სიყვარულს ჩემი გულწრფელობისა და პოზიტივის წყალობით.

ხელისუფლებას მოვთხოვდი, რომ ჩემი მასწავლებლებისთვის არაფერი დაეშურებინა.

ზოგადად, განათლების მინისტრი განათლების სფეროდან უნდა მოდიოდეს. ვინც სკოლის წიაღიდან არ მოდის, ჩვენ ორგანულად ვერ გაგვიგებს. თუ მასწავლებელი იქნება, ხომ უკეთესი. აი, მაგალითად მე. ))))

ასევე იხილეთ:

მენტორი მასწავლებელი: „პედაგოგთა ძალიან დიდი ნაწილი ერთადერთი შემომტანია ოჯახში, ხელფასი ყველას თანაბრად უნდა გაეზარდოს!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური