„გამოფენამ უნდა დაანახოს ახალგაზრდას, რა კარიერული კიბე იშლება მის წინ და სად შეიძლება მიიყვანოს იგი დღეს გაკეთებულმა არჩევანმა“
EDU.ARIS.GE–ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის მიგვემართა. ეს ადამიანები უფროსკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
ლევან ბერძენიშვილი პროფესიის არჩევის შესახებ
“მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რამდენად სწორად ირჩევენ სტუდენტები პროფესიას, რამდენადაც თვით იმ პროფესიის მოთხოვნების გააზრება, რომელსაც ირჩევენ” , – ამბობს მწერალი, ფილოლოგი, პროფესორი, პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი. იგი პროფესიის სწორად შერჩევის მნიშვნელობასა და ამ პროცესში რეგიონული გამოფენის წვლილზე საუბრობს.
“ახალგაზრდები საკმაოდ გააზრებულად ირჩევენ პროფესიას, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ სწორი წარმოდგენა საკუთარი შესაძლებლობებისა და არჩეული პროფესიის შესაბამისობაზე. ახალგაზრდები აბსოლუტურად დარწმუნებული არიან, რომ მთავარი მათი არჩევანია და არა ის უნარები და ბუნებრივი ტალანტი, რომელსაც ესა თუ ის პროფესია ითხოვს. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მყოლია სტუდენტი, რომელიც ვერც ერთ უცხოურ გვარსა თუ სახელს ვერ იმახსოვრებდა, ხოლო ისტორიის მიმართულებას „ეუფლებოდა“ სტუდენტი, რომელიც ღიად გვიცხადებდა, რომ თარიღების დამახსოვრება უჭირს.
მიმაჩნია, რომ გამოფენა ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ გამოფენაზე ხვდება სტუდენტი, რომ ოცნებების გარდა, მისი მომავალი პროფესია რეალური საქმიანობაა, რომელიც გარკვეულ ნიჭსა და უნარებს მოითხოვს. გამოფენაზე ირკვევა არა მხოლოდ ის, თუ რისი მოცემა შეუძლია უნივერსიტეტს, არამედ ისიც, თუ რას მოითხოვს ესა თუ ის პროფესია დღევანდელი აბიტურიენტისგან. გამოფენა მიზანს რეალისტურსა და ხელშესახებს ხდის, ათავისუფლებს ადამიანს ილუზიებისგან და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას აღებინებს.
მე მოვუწოდებდი ყველა ახალგაზრდას, დაისახოს რამდენიმე ვირტუალური მიზანი პროფესიის თვალსაზრისით. გამოფენა მას დაეხმარება, განსაზღვროს, რომელი მიზანია მისთვის შესატყვისი და რომელ მიზანს შეესატყვისება მისი შესაძლებლობები. გამოფენამ უნდა დაანახოს ახალგაზრდას, რა კარიერული კიბე იშლება მის წინ და სად შეიძლება მიიყვანოს იგი დღეს გაკეთებულმა არჩევანმა”.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ
- გამოფენა სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარება – მე-10 კლასელი მარიამი ქუთაისიდან by გამოფენის ამბები
- „სწორი მოლოდინების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ – მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს by გამოფენის ამბები
- „იმედი მაქვს, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ამ შანსს კარგად გამოიყენებენ“ – აბიტურიენტი პროფესიის არჩევის შესახებ by გამოფენის ამბები