GE

„იმედი მაქვს, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ამ შანსს კარგად გამოიყენებენ“ – აბიტურიენტი პროფესიის არჩევის შესახებ

EDU.ARIS.GE-ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, გთავაზობთ სტატიათა ციკლს, სადაც განათლების სფეროში მომუშავე, ჩართული, კომპეტენტური ადამიანები უფროსკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

ამჯერად იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდა მწერლისა და ახლა უკვე აბიტურიენტის, გელა ბუიღლიშვილის მოსაზრებას წარმოგიდგენთ.

გელა 7 წლის ასაკიდან წერს. მისი ლექსები, ზღაპრები და მოთხრობები, ქვეყნის სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში იბეჭდება. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მათ შორისაა 13 წლის ასაკში შექმნილი “საჭორეთიდან მოფრენილი ფურცლები”, რომელიც გელას დედამ, ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა, მაია მელუავამ საკუთარი მოსწავლეების მონაწილეობით, სასკოლო სპექტაკლის სახით დადგა.

რადგან სხვა მრავალი ნაწარმოების ავტორია და ლიტერატურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს, გელას პროფესია პრაქტიკულად ბავშვობიდან არჩეული აქვს, თუმცა ფიქრობს რომ ამ კუთხით დამატებითი რჩევების მიღება და უმაღლეს სასწავლებლებთან უშუალო კონტაქტი ახალგაზრდებს ძალიან დაეხმარება.

მისივე აზრით, სასწავლო პროგრამების გაცნობის გარდა, მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს სასწავლო დაწესებულების შესახებ, მაგალითად რამდენი სტუდენტის მიღება შეუძლია, რამდენად ადაპტირებული გარემოა და ა.შ.

ამ ყველაფერს კი მისი თქმით, ყველაზე კარგად ერთ სივრცეში, სწორედ განათლების გამოფენა აჩვენებს.

“მერწმუნეთ, რეგიონებში ნამდვილად საღად მოაზროვნე, პერსპექტიული ახალგაზრდობაა. ამიტომ, მე მიმაჩნია, მათი სწორი და დროული ინფორმირებულობა საქმეს ძალიან წაადგება. გამოფენა საშუალებას მისცემს რეგიონის ახალგაზრდებს ჰქონდეთ საჭირო კომუნიკაცია მომავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, გაეცნონ მის შესაძლებლობებს. სწორად გაიაზრონ კარიერული სვლა და ეს არ იყოს დამყარებული ვინმეს წამბაძველობაზე ან “სულ ერთიას” პრინციპზე, ვინაიდან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი პროფესიის არჩევისას.

“იმედი მაქვს ამ შანსს, კერძოდ განათლების რეგიონული გამოფენის მოწყობის იდეას, გამოიყენებს ახალგაზრდობა, უკეთ დარწმუნდებიან თავიანთი არჩევანის სისწორეში და ექნებათ ეფექტური კომუნიკაცია სპეციალისტებთან, “გონიერსა მწვრთნელი უყვარსო”,- ამბობს გელა ბუიღლიშვილი.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური