„სწორი მოლოდინების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ – მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს
არ აქვს მნიშვნელობა კიდევ რამდენ ხანს იარსებებს უმაღლესში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაია მიმინოშვილი, ყოფილი და ახლანდელი აბიტურიენტებისთვის ყოველთვის დარჩება მისაღები გამოცდების სიმბოლოდ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და დღეს უკვე საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციას ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ იმ ორგანიზაციის (Publications and Editorial Committee) წევრად მიიწვიეს, რომელიც PIRLS და TIMSS კვლევებს ატარებს და საგანმანათლებლო სფეროში უმნიშვნელოვანესი გამოცემაა.
EDU.ARIS.GE-ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში ჩვენ სწორედ მას ვთხოვეთ აბიტურიენტებისთვის პროფესიის არჩევის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინა.
მაია მიმინოშვილი პროფესიის არჩევის შესახებ
პროფესიის არჩევა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა. თანაც, ამ არჩევანის გაკეთება, საკმაოდ პატარა ასაკში გვიწევს – როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა პირველად ასეთ არჩევანს სკოლის დამთავრებისას აკეთებს.
საბოლოო არჩევანი ხშირად ბევრ სხვადასხვა ფაქტორს და ამა თუ იმ მიმართულებით მიღებულ უშუალო გამოცდილებასაც უკავშირდება – ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჩვენი ინტერესები და მისწრაფებები შეიძლება შეიცვალოს და ესეც ბუნებრივია. მთავარია, მომდევნო ცდაზე მაინც მივაგნოთ საქმეს, რომელსაც სიამოვნებით გავაკეთებთ.
ეს ზოგადად, თუმცა თუ აბიტურიენტის მიერ კონკრეტული მიმართულების არჩევაზე ვისაუბრებთ, რაც მისი ცხოვრების ამ ეტაპზე პირველი ნაბიჯია კარიერული განვითარებისკენ, სწორი მოლოდინების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს – შესაძლებელია 18 წლის ასაკში არჩეული პროფესია არ აღმოჩნდეს ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოგვინდება და ესეც ბუნებრივი პროცესია, მაგრამ სწორი მოლოდინები დიდი იმედგაცრუებისგან დაგვიცავს.
ასე რომ, დარგის სპეციალისტების, აკადემიური პერსონალის მიერ უშუალოდ მოწოდებული ინფორმაცია კონკრეტული სფეროს შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანია. ხშირად სწორედ ამ ადამიანებთან ურთიერთობით გვექმნება ან გვეცვლება წარმოდგენა პროფესიაზე, სტერეოტიპული შეხედულებები მნიშვნელოვანი ბარიერია ხოლმე სწორი გადაწყვეტილებების მიღების გზაზე და ამ სტერეოტიპების ნგრევა სწორედ ობიექტური სურათის დანახვითაა შესაძლებელი.
გამოფენა, სივრცე, სადაც მოსწავლეს ამა თუ იმ პროფესიაზე ობიექტური, დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება, შესანიშნავი საშუალებაა საკუთარი პრიორიტეტების კიდევ ერთხელ შესამოწმებლად.
ასეთ გამოფენებზე საშუალება გვაქვს კონკრეტული მიმართულებები განსხვავებული, გარკვეულწილად მოულოდნელი კუთხით აღმოვაჩინოთ. რეალურთან მიახლოვებულ გარემოში შევაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ პროფესიის მიმართ.
ვფიქრობ, მოსწავლეები, აბიტურიენტები და მშობლებიც დიდი ინტერესით მოეკიდებიან გამოფენას და გამოიყენებენ შესაძლებლობას, მეტი ინფორმაცია მიიღონ სასწავლებლების შეთავაზებების, ზოგადად პროფესიების შესახებ.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ
- გამოფენა სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარება – მე-10 კლასელი მარიამი ქუთაისიდან by გამოფენის ამბები
- „გამოფენამ უნდა დაანახოს ახალგაზრდას, რა კარიერული კიბე იშლება მის წინ და სად შეიძლება მიიყვანოს იგი დღეს გაკეთებულმა არჩევანმა“ by გამოფენის ამბები
- „იმედი მაქვს, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ამ შანსს კარგად გამოიყენებენ“ – აბიტურიენტი პროფესიის არჩევის შესახებ by გამოფენის ამბები