GE

განათლების სამინისტრო 2 085 სკოლისთვის რაგბის სათამაშოდ საჭირო სპორტული აღჭურვილობის შეძენას გეგმავს

განათლების სამინისტრო სკოლებს რაგბისთვის საჭირო სპორტულ აღჭურვილობას და ინვენტარს შეუსყიდის. ამისთვის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ფასთა კვლევა უკვე დაიწყო.

როგორც 20 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაშია განმარტებული, რაგბისთვის საჭირო აღჭურვილობა, სადაც სპორტული გადასაცმელებიც შედის, ქვეყანაში არსებული ყველა, 2085 საჯარო სკოლისთვის იქნება შესყიდული, ერთი სკოლა კი 30 მოსწავლისთვის საკმარის კომპლექტს მიიღებს.

„სპორტული გადასაცმელი უნდა იყოს 4 ფერის, მასალა – პოლიესტერი, მალშრობადი ბადე, ზომა: სიგანე 53სმ (+/-3სმ), სიმაღლე 64სმ (+/-3სმ); კიბე (9 მ) (4 ფერის) – ფერი ნებისმიერი, მასალა ნეილონი, საფეხურების რაოდენობა 18, საფეხურების მასალა დრეკადი პლასტმასი; გადასახტომი (15 სმ) – სიმაღლე 15 სმ (+/-2სმ), სიგანე 50სმ (+/-2 სმ). ფერი ნებისმიერი. მასალა რეზინანარევი პლასმასი-დრეკადი… 2085 სკოლისთვის საჭირო კომპლექტის რაოდენობა იქნება 62 550“, – ნათქვამია სატენდერო განცხადებაში, რომელზეც განცხადებების მიღების საბოლოო თარიღად მიმდინარე წლის 28 ივლისის 18:00 საათია მითითებული.

ნიშნავს თუ არა რაგბისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა სკოლებისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა სკოლებში გაძლიერდება, ან სავალდებულო საგაკვეთილო სახეს მიიღებს, ამის გასარკვევად, 21 ივლისს, EDU.ARIS.GE განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მათი ინფორმაციით, დაგეგმილია უბრალოდ, ინვენტარის შეძენა, რომ სკოლებში ბავშვებმა რაგბის თამაში შეძლონ და ამას სავალდებულო ხასიათი არ ექნება. ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი, რა დაუჯდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტს სკოლების რაგბის სათამაშო სპორტული ინვენტარით აღჭურვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური