GE

გაყიდული სკოლის ადგილზე ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს

ქარელის მერიის მიერ 2019 წელს გაყიდული სოფელ ყინწვისის სკოლის შენობა ისევ პირვანდელ მდგომარეობაშია. მერიამ შენობა და მიწა 120 000 ლარად გაყიდა, შემსყიდველმა კომპანიამ კი, შესყიდვის სანაცვლოდ, 400 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იკისრა და იქ სასტუმროს აშენებას გეგმავს.

შესყიდვიდან ორი წლის შემდეგ, კომპანია ,,საბა კონსტრაქშენის” წარმომადგენელმა ქარელის მერიას წერილობით მიმართა და პროექტის დასასრულებლად, დამატებით 2 წლის ვადა მოითხოვა.

როგორც კომპანიის მერიისადმი მიმართვის წერილშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიის გამო, საინვესტიციო პროგრამა დროულად ვერ განხორციელდა. ამის შესახებ ცნობილი 19 მაისს გახდა, როცა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ქარელის მერმა შემსყიდველ კომპანიას საინვესტიციო ვადა კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივა.

როგორც ქარელის მერიაში აცხადებენ, ,,საბა კონსტრაქშენი”, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, სკოლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას აპირებს.

სოფელ ყინწვისს კი, სკოლა არა აქვს. 20-მდე ბავშვი მიკროავტობუსით მეზობელი სოფლის სკოლებში დადის.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური