GE

2026 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ეტაპობრივად განხორციელდება – თარიღები და გასაწვევ პირთა ასაკი

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, გაწვევა 2026 წელს ეტაპობრივად განხორციელდება.

ბრძანებით წვევამდელთა გაწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 2026 წლის 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე განხორციელდება, გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა კი იქნება 5 800.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნებიან 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.

გაწვევა განხორციელდება ეტაპობრივად:

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად, კერძოდ:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის ერთ ეტაპად 6 თვის ვადით − 2026 წლის 1 მარტიდან;
  • საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის ოთხ ეტაპად 8 თვის ვადით, მათ შორის:
  • პირველი ეტაპი − 2 ნაწილად: I ნაწილი − 2026 წლის 1 მარტიდან; II ნაწილი − 2026 წლის 1 აპრილიდან;
  • მეორე ეტაპი − 2026 წლის 1 ივნისიდან; მესამე ეტაპი − 2026 წლის 1 ოქტომბრიდან; მეოთხე ეტაპი − 2026 წლის 1 დეკემბრიდან;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის ერთ ეტაპად 11 თვის ვადით − 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.

ვისი მეშვეობით და როგორ განხორციელდება გაწვევა:

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების (შემდგომში − მუნიციპალური/რაიონული განყოფილება) მიხედვით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით.

როგორც ირაკლი კობახიძის დადგენილებაშია აღნიშნული, პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის განსაზღვრული სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის არჩევა შეეძლება მის დაკომპლექტებამდე.

“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლება წარმოიშობა მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან და სრულდება წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 10  კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება  მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაცია და კონტროლი განახორციელოს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ”, – ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური