GE

ისევ ასაკობრივი დისკრიმინაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას უკანონო ქმედებაში ამხელს. მისი თქმით, უხეშად ერევიან უნივერსიტეტს დაქვემდებარებულ სამეცნიერო ინსტიტუტების საქმიანობაში და აკადემიურ საბჭოს კანონის გვერდის ავლით აიძულებენ გადაწყვეტილების მიღებას.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში პაპავა ასაკობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოცდილ პროფესიონალებს თანამდებობების დატოვებას აიუძულებენ რათა იქ მავანნი დასაქმდნენ. აცხადებს, რომ  ამ უკანონობის წინააღმდეგ გაჩერებას არ აპირებს და რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურამდე მიიტანს.

აკადემიკოსი ლადო პაპავა: ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს მეცნიერების დასაკნინებლად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინსტიტუტები აკადემიის შემადგენლობიდან გამოიყვანეს. დროებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუქვემდებარეს, საბოლოოდ კი ისინი უნივერსიტეტს მიუერთეს. დღესდღეობით უნივერსიტეტში სულ 14 ასეთი მიერთებული ინსტიტუტია.

როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, მის მხარდამჭერებს შეგვექმნა განცდა, რომ მეცნიერის შრომა დაფასდებოდა, მეცნიერების მიმართ ხელისუფლების სათანადო ყურადღება გაიზრდებოდა, და ის, რაც ”ნაცებმა” გააფუჭეს გამოსწორდებოდა. გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები მართლაც გადაიდგა – მეცნიერთა ხელფასები 2.5-3-ჯერ გაზარდეს. თუმცა, ეს მაინც მიზერულია, რადგანაც დღეს წარმოუდგენელია მეცნიერმა მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობით ღირსეულად იცხოვროს, ოჯახი არჩინოს…

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს იმას, რომ ეს ინსტიტუტები, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბებულიყვნენ როგორც სამართლებრივად გამართული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ამოცანა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახლდით. რამდენიმე ინსტიტუტის დებულება დავამტკიცეთ კიდეც, თუმცა 2015 წლის ბოლოს პარლამენტმა კანონში უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილება შეიტანა და ამ ინსტიტუტების დებულებების ხელახლა დამტკიცება გახდა საჭირო. 2016 წლის გაზაფხულიდან კი ეს ჩემი კომპეტენცია აღარ იყო, რადგან ამ დროისათვის უნივერსიტეტის რექტორი უკვე აღარ გახლდით…

რატომღაც ხსენებულ კანონში “ქართულმა ოცნებამ” ჩაწერა, რომ არ შეიძლება ინსტიტუტის ხელმძღვანელი 65 წელზე ზემოთ იყოს. არადა უნივერსიტეტთან არსებულ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს (ინსტიტუტებს) ყველანაირი სამეურნეო ფუნქცია ჩამორთმეული აქვთ. ამ ინსტიტუტებს არ აქვთ ბუღალტერია, დირექტორი ვერ წერს ბრძანებას, ვერ იღებს ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს, მის ნაცვლად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აკეთებს.

ჩანაწერი, რომელიც კანონში გაკეთდა და რომლის მიხედვითაც დირექტორი 65 წელზე მეტის არ უნდა იყოს, პრაქტიკულად ასაკობრივი დისკრიმინაციაა.

მსგავი შეზღუდვა შემოიღო ”ქოცების” საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართაც, როცა კანონით შეზღუდა ამ თანამდებობებზე არჩევა 70 წლის ზევით.

იმას, რომ ამგვარი მიდგომა ასაკობრივი დისკრიმინაციაა, ისიც ადასტურებს, რომ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი ასაკობრივი შეზღუდვა ქვეყნის პრეზიდენტზე, პრემიერზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, ან ნებისმიერი კომიტეტის თავმჯდომარესა თუ მინისტრზე. თუ შეიძლება, რომ კაცი ქვეყანას თუ მის ცალკეულ სფეროს ხელმძღვანელობდეს 65 წლის ზემოთ, რატომ არ შეიძლება სამეცნიერო დაწესებულებას უძღვებოდეს, რომელსაც სამეურნეო-საფინანსო ფუნქციებიც კი არ აქვს?

რა მოიმოქმედეთ მაშინ ამის საწინააღმდეგოდ?

ლ.პ: როდესაც ეს ცვლილებები პარლამენტში განიხილებოდა, მას შევეწინააღმდეგე. მაშინდელ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ეს ჩანაწერი არასწორი, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არც კომიტეტი და არც განათლების და მეცნიერების სამინისტრო მაშინ უნივერსიტეტს გვერდით ბოლომდე არ დაუდგა და ჩანაწერი კანონში დარჩა.

თუმცა, ამავე კანონმა ერთი გამოსავალი დააფიქსირა – დაწესებულებას, რომელშიც ეს ინსტიტუტია, შეუძლია ამ საკითხზე გამონაკლისის დაშვების გარკვეული მექანიზმი შეიმუშავოს. კერძოდ, ჩანაწერი ასეთია: საბოლო გადაწყვეტილება შესაძლოა თავად ორგანიზაციამ მიიღოს, სადაც ეს ინსტიტუტია გაერთიანებული. უნივერსიტეტის წესდებაში კი, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ დამტკიცდა, წერია, რომ ინსტიტუტის დირექტორად 65 წელზე მეტი ასაკის მქონე პიროვნებაც შეიძლება იქნეს არჩეული, თუკი ამას ამრჩევი ორგანო გადაწყვეტს და  შეზღუდვას მოხსნის. უნივერსიტეტის წესდებიდან გამომდინარე, ამრჩევი ორგანო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო გახლავთ.

ჩემი აზრით, ეს სწორი გამოსავალია უვარგისი საკანონმდებლო რეგულაციიდან, რადგან როცა ზედა ზღვარი არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იზღუდება კონკურენცია, როცა არაერთ ღირსეულ ადამიანს კონკურსში მონაწილეობა არ შეეძლება. ამ დებულების საფუძველზე, მოგვიანებით, ინსტიტუტების დებულებები დამტკიცდა, სადაც ასევე წერია, რომ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს უფლება აქვს 65 წლიანი ზღვარი მოხსნას და კონკურსი ისე გამოაცხადოს.

მე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავდროულად, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვარ. ამ ინსტიტუტის დირექტორი 6 წლის განმავლობაში გახლდით 1991-1996 წლებში და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორი იქნება ინსტიტუტის ხელმძღვანელობა. დღეს მას ერთ-ერთი გამორჩეული ხელმძღვანელი ჰყავს – პროფესორი რამაზ აბესაძე. მან მიაღწია იმას, რომ ჩვენი ინსტიტუტი ერთ-ერთი წარმატებული სამეცნიერო დაწესებულებაა: იგი უშვებს საქართველოში გამომავალ ერთადერთ რეიტინგულ სამეცნირო ჟურნალს ეკონომიკაში – ”ეკონომისტს” (ინდექსირებულია ”ერიჰ პლას” სისტემაში), ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, ყოველწლიურად უშვებს ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულს და ა.შ. ანუ, მიზერული დაფინანსების პირობებშიც კი ძალზედ აქტიურად მუშაობს.

პროფ. რამაზ აბესაძეს 65 წელი ორი თვის წინ, მაისში შეუსრულდა. შევიკრიბეთ სამეცნიერო საბჭოს წევრები და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოსაცხადებელ კონკურსში ზედა ზღვარი მოგვეხსნა. ამის უფლებას კანონიც გვაძლევდა, უნივერსიტეტის წესდებაც და ინსტიტუტის დებულებაც. ამით ჩვენ ყველა პროფესიონალს, მიუხედავად იმისა 65 წელზე მეტისაა თუ ნაკლები, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მივეცით.

სამწუხაროდ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბატონი რამაზ აბესაძე დაიბარა და მოსთხოვა, რომ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ეს გადაწყვეტილება გააუქმოს. ეს კი აბსოლუტური უკანონობაა, ინსტიტუტის სამეცნიერო დამოუკიდებელობაში ჩარევა! მე, როგორც ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი ღია პროტესტს ვაცხადებ და არც ერთ შემთხვევაში არ გავჩერდები. ის, რაც დღეს ეკონომიკის ინსტიტუტში ხდება, მეტ-ნაკლებად თოთხმეტივე ინსტიტუტს ეხება, სადაც დირექტორები 65 წელზე ზემოთ არიან. რატომ არღვევს კანონს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ყველამ იცოდეს: უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამაც, განათლებისა და მეცნიერების მესვეურებმაც, ქვეყნის ხელისუფლებისამაც, რომ, როცა საქმე განათლებასა და მეცნიერებას ეხება, სანამ პირში სული მიდგას, არავის არაფერს დავუთმობ.

რასაც ახლა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აკეთებს, რბილი ფორმითაა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ასაკობრივი დისკრიმინაცია. ეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის, თსუ-ს წესდების, ინსტიტუტის დებულების დარღვევაა, რომელიც თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის მიერაა დამტკიცებული. ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

კიდევ ვუსვამ ხაზს – ეს მხოლოდ ეკონომიკის ინსტიტუტის პრობლემა არაა! შეიძლება მეცნიერებაში საბავშვო ბაღის დაშვება? ”ნაცების” მოგონიალია, რომ თურმე ქვეყნის მართვა “ბავშვებს” შეუძლიათ, მაგრამ მეცნიერების მართვა “ბავშვებს” არ გამოუვათ! სინამდვილეში არც ქვეყნის მართვა შეუძლიათ, მაგრამ რასაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეგვაჩვია ამას “ქართული ოცნება”, სამწუხაროდ, “წარმატებით” აგრძელებს. არ გაუვათ, რომ სამეცნიერო საბჭოებს კანონის დარღვევით შეაცვლევინონ გადაწყვეტილება. თუ კი ამგვარ მცდელობას გააგრძელებენ, იძულებული გავხდები ამის შესახებ მივწერო ყველა ჩემ უცხოელ კოლეგას და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას, რათა ყველამ იცოდეს რას აკეთებენ მეცნიერების დასაკნინებლად საქართველოში.

თქვენი აზრით, რა იყო თავდაპიველად ასაკობრივი შეღუდვის დაწესების მიზეზი და რა მიზნები ამოძრავებთ ახლა?

ლ.პ: „ნაციონალებს“ ჰქონდათ მიზანი, რომ სერიოზული, ავტორიტეტული ადამიანები არა მარტო ქვეყნის მართვისათვის, არამედ განათლება-მეცნიერებისათვის ჩამოეშორებინათ. დიდწილად ამათ მიაღწიეს კიდეც. ხსენებული სამეცნიერო ინსტიტუტები რომ გადარჩა, ამაში  დღევანდელი დირექტორების დიდი წვლილია. „ქართული ოცნება“ იგივეს რატომ აგრძელებს? ეტყობა ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ჰყავთ დასასაქმებელი ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იმიტომაც აკეთებენ.

მეცნიერებაში ახალგაზრდობა აუცილებელია, მაგრამ იმისათვის, რომ აქ ახალგაზრდა მოვიდეს, მეცნიერის შრომა პრესტიჟული უნდა იყოს. ხოლო ამისათვის სახელმწიუფო უნდა უჭერდეს მხარს. ჩვენთან კი რა ხდება? თუკი სადმე რამეა შესამცირებელი, სადმე რაიმე ხარჯია გასაუქმებელი, პირველ რიგში ამას მიცნიერებაზე აკეთებენ. საქართვრლოში განათლებული ადამიანი, მეცნიერი ყოველთვის ფასობდა და რამ შეაძულათ ”ნაცებსაც” და ”ქოცებსაც” მეცნიერი ასე? კარგი ბატონო, „ნაცებს“ არ ვუყვარდით, მაგრამ ეს „ქოცები“ რაღამ აამხედრა ჩვენ წინააღმდეგ? ნუთუ ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ ხელისუფლებაში? მე არც ”ნაცების” დროს გავჩერებულვარ მეცნიერების დასაცავად და არც ახლა ვაპირებ გაჩუმებას. აუცილებლად ვაცნობებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ასაკობრივი დისკრიმინაცია გრძელდება. ამას ინგლისურად ”ეიჯიზმი” ეწოდება, რასაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ებრძვის.

ვისთვის ამზადებენ ამ ადგილს, თქვენი აზრით?

ლ.პ: ვერ გეტყვით. არ ვიცი ვინ ეგულებათ. მთავარია გამოვააშკარავოთ მავნე მიდგომა. არანაირი პრობლემა არ მაქვს საერთაშორისო დონეზე გავასაჯაროო თუ როგორ ებრძვიან საქართველოში მეცნიერებს და მეცნიერებას.

ხელისუფლებისა და ბიზნესინტერესებს შეწირული რექტორი – ლადო პაპავა დუმილს არღვევს

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური