კახეთის გუბერნატორი აბიტურიენტებს – „შრომის ბაზარზე, ამ დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნა მაღალია, დაფიქრება გმართებთ“
EDU.ARIS.GE-ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში და კონკრეტულად კახეთის რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებსა და მაღალკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე გამოფენის მხარდამჭერი, კახეთის გუბერნატორი მიმართავს.
ირაკლი ქადაგიშვილი პროფესიის არჩევის შესახებ
მე მჯერა, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ თქვენი გონებრივი, სულიერი უნარების მობილიზება. თქვენ ხართ ის ოქროს ფონდი, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შექმნათ. აუცილებელია იმის გათვითცნობიერება, რომ ბევრი თქვენგანი შეგვცვლის ჩვენ. განათლება ერთჯერადი არ არის. დღესაც, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მუდამ ვცდილობ დავეწიო და ვუპასუხო ახალ გამოწვევებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, პროფესიის არჩევამდე ბევრი დაფიქრება გმართებთ. გაითვალისწინეთ, რომ იმ რეგიონისთვის, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბევრი სასიკეთო პრაქტიკა ინერგება, ბევრი სასარგებლო პროექტი ხორციელდება, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის სფეროში. თავისი საქმის მცოდნე აგრონომს, მეღვინესა თუ მევენახეს სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შესაძლებლობა ეძლევა დაიწყოს საკუთარი საქმიანობა. დღეს, კახეთში, აგრარული მიმართულებით, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი საკმაოდ მოთხოვნადია. რაც შეეხება ღვინის ტურიზმს, გეტყვით, რომ საკმაოდ მზარდი დარგია რეგიონში და შესაბამისად, შრომის ბაზარზე, ამ დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნა მაღალია.
მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა დეცენტრალიზაციის რეფორმა. ძლიერი თვითმმართველობა ვერ ჩამოყალიბდება პროფესიონალი კადრების გარეშე. ბევრი თქვენგანი საჯარო მმართველობაზე შეაჩერებს არჩევანს. ვისურვებდი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის საკითხები თქვენი ინტერესის სფერო გახდეს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მხოლოდ განათლებულ ადამიანს შეუძლია ძლიერი სახელმწიფოს აშენება და მართვა.
უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ინჟინერია ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა. სამწუხაროდ, კადრების სიმცირეს განვიცდით ამ სფეროშიც.
მჯერა, რომ თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც პრაგმატულია თავის გადაწყვეტილებაში. გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი უმაღლესდამთავრებული გვყავს, რომელთაც თავისი პროფესიით ვერ შეძლეს დასაქმება, არ გვინდა, რომ პარადოქსულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. სწორედ ამიტომ, კარგად გაიაზრეთ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები და გამოწვევები. ნუ იქნებით ტენდენციურები და პროფესიის არჩევისას დასაქმების ბაზარზე არსებული საჭიროებების მიხედვით იმოქმედეთ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში – ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, EDU.ARIS.GE-ს განათლების რეგიონული გამოფენის მხარდამჭერია.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ
- გამოფენა სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარება – მე-10 კლასელი მარიამი ქუთაისიდან by გამოფენის ამბები
- „სწორი მოლოდინების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ – მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს by გამოფენის ამბები
- „გამოფენამ უნდა დაანახოს ახალგაზრდას, რა კარიერული კიბე იშლება მის წინ და სად შეიძლება მიიყვანოს იგი დღეს გაკეთებულმა არჩევანმა“ by გამოფენის ამბები