კერძო ბაღები მთავრობისგან სააღმზრდელო პროცესის განახლების უფლების მინიჭებას ითხოვენ
დღეიდან, ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო მოქმედებდა, კიდევ უფრო შემსუბუქდა. ამის მიუხედავად საგანმანათლებლო დაწესებულებები მთავრობის გადაწყვეტილებით სექტემბრამდე არ განაახლებს მუშაობას. მათ შორისაა კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რომლებმაც შეზღუდვების პირობებშიც კი ყველაზე გვიან შეწყვიტეს სააღმზრდელო პროცესი.
საქართველოში არსებული კერძო ბაღების წარმომადგენლები კი, მთავრობას მუშაობის განახლების მოთხოვნით მიმართავენ. ამ მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უერთდებიან ბაღების აღსაზრდელთა მშობლებიც და მოითხოვენ, რომ დროულად შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი კერძო ბაღების ფუნქციონირების აღსადგენად.
პეტიციის ადრესატია საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
„ბაღების ფუნქციონირება ხელს უწყობს იმას, რომ სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულმა მშობლებმა შეძლონ ბავშვების დატოვება მათთვის სანდო გარემოში და შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა და მოვალეობების შესრულება. კერძო ბაღებში დასაქმებულია, რამდენიმე ათასი ადამიანი, როგორც დედაქალაქში ასევე სხვა ქალაქებში, რომლებიც ამ დროისათვის სამსახურების გარეშე არიან დარჩენილები. ბაღები ვერ იხდიან შენობების იჯარის საფასურს და ვერ ასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს. კერძო ბაღების ფუნქციონირება სახელწიფოს ეხმარება იმითაც, რომ ინაწილებს ადრეული ასაკის ბავშების კონტიგენტს და ეხიდება საჯარო ბაღების ისედაც გადატვირთულ ჯგუფებს.
მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის, სამწუხაროდ, ამ სექტორზე არავინ საუბრობს, მეტიც შეკითხვების მიუხედავად პასუხებს არავინ იძლევა, არის სრული იგნორირება, რაც ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ყველასთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვანება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად“, – ვკითხულობთ ბაღებისა და მშობლების საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ პეტიციაში.
პეტიციისთვის 1500 ხელმოწერაა საჭირო, უმრავლესობა უკვე მოგროვებულია, მხოლოდ 374 ხელმოწერაა საჭირო, რომ მოთხოვნა მთავრობას გადაეგზავნოს.
დღესვე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზაფხულო ბაღები წელს არ გაიხსნება.
„ვინაიდან ერთ სივრცეში ხდება კონცენტრაცია, ბავშვები შესაძლოა გახდნენ სხვადასხვა ოჯახებში ინფექციის მიტანის საფუძველი. ამიტომ სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია. უნდა დაველოდოთ ეპიდსიტუცაიას”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში იხსნება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, თითქმის ყველა სექტორი ამუშავებულია, განათლების მიმართულებითაც ნაწილობრივ იხსნება შეზღუდვები, ბაღები მაინც დახურული რჩება. თუ გავითვალისწინებთ, რომ კერძო ბაღები ივლისის ბოლომდე ფუნქციონირებდნენ, ხოლო საზაფხულო ბაღები წელს არ გაიხსნება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუშაობის აღდგენა მშობლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ა.წ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE