კერძო საბავშვო ბაღები ყოველდღიურად იხურება – რა დაპირება მისცა მინისტრმა ბიზნესს
კორონავირუსმა ბიზნესის სხვა სექტორებთან ერთად განსაკუთრებით კერძო საბავშვო ბაგა-ბაღები დააზარალა. მათ უკვე მეორედ შეწყვიტეს საქმიანობა, თუმცა კერძო ბაღებს მრავალგზის მოთხოვნისა და მთავრობისადმი მიმართვის მიუხედავად, არც ზაფხულში (როდსაც გაზაფხულის ლოქდაუნის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქება მოხდა), მიეცათ ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა.
როგორც საქართველოს კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი პავლე ქალიაშვილი აცხადებს დღეს უკვე ეს სექტორი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, სახელმწიფოსთან კომუნიკაცია კი ჭირს.
„ახლა უკვე აღმოვჩნდით ისეთ უმძიმეს მდგომარეობაში, რომ პანდემიამდე დაახლოებით 270 ბაღი იყო და ახლა დავრჩით 140 ბაღი. ყოველდღიურად იკეტება იჯარით აღებული ბაღები, ყოველდღიურად იკეტება თავიანთ ფართში გახსნილი ბაღები. გაურკვეველ ვითარებაში ვართ, სახელმწიფოსთან კომუნიკაცია ძალიან ჭირს. დღეს კერძო ბაღების 3800 თანამშრომელია სამსახურის გარეშე დარჩენილი, რომელთაც არანაირი ფინანსური შემოსავალი აღარ აქვს. ბიზნესს, როგორც სექტორს დახმარება არ შეხებია, შეეხო აქ დასაქმებულ ადამიანებს ის 200 ლარიანი კომპენსაცია, რომელიც ზოგადად ყველა დასაქმებულს შეეხო“, – განაცხადა პავლე ქალიაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა უკვე შეხვდა კერძო ბაღების ასოციაციის წარმომადგენლებს და სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ გარკვეულ მხარდაჭერაზე ესაუბრა, თუმცა კონკრეტიკა რა სახის იქნება ეს დახმარება მედიასთან არ ყოფილა.
„საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან – მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ისევე, როგორც სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, კერძო საბავშვო ბაგა-ბაღებსაც მთავრობის გადაწყვეტილებით ფუნქციონირება 31 იანვრის ჩათვლით აქვს შეზღუდული. თუმცა მათი გახსნა ისევ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE