GE

კითხვები ბიძინა ივანიშვილზე მე-3 – მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ტესტებში და სამინისტროს პოზიცია

მე-3, მე-4, და მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში შეტანილი ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში განკუთვნილ ტესტებში გვხვდება შეკითხვები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და სხვა ქართველ პოლიტიკოსებს ეხება.

„როგორც ეს ცნობილი ქართველი ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ბავშვობაში მას ძალიან უყვარდა მცენარეები და ეზოში მრავალი ჯიში ჰქონდა დარგული. იგი ხუმრობით ამატებს, რომ მათი გადაადგილება უკვე მოგვიანებით შეუყვარდა. დაასახელეთ საჩხერის რაიონში დაბადებული ეს ცნობილი ბიზნესმენი.

სწორი პასუხია: ბიძინა ივანიშვილი.

აქვე მითითებულია კომენტარიც: ამ ქართველმა ბიზნესმენმა, ბოლო პერიდოში, ხეების ხშირი გადაადგილებით გაითქვა სახელი“.

როგორც გაირკვა, ეს გახლავთ ორგანიზაცია Bრაინს.გე-ს მიერ მომზადებული შეკითხვა, რომლიც გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში “ტვინების ბრძოლა” გამოიყენება. როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული შეჯიბრებაში საქართველოს 34 ქალაქის 500-მდე სკოლაა ჩართული.

შეკითხვები ეხება არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს და პარტიას „გირჩი“.

„კვირაა დილა, ადრე ავდექი

ნეტავ ვიცოდე რატომ ვწვალობ მე

მორფეუსს ორი აბი უჭირავს

…… და ……

აქეთ (გამოტოვებული სიტყვა), იქეთ (გამოტოვებული სიტყვა)

ჩვენ არ გთხოვთ დაასახელოთ იქსი, დაწერეთ ორივე გამოტოვებული სიტყვა, თუკი ისინი საკუთარი სახელებია.

სწორი პასუხია: გრიგოლი და სალომე.

კიდევ ერთი შეკითხვა:  „იქსი ყველაზე მეტად ნაძვთან, ფიჭვთან, ან სოჭთან ასოცირდება, თუმცა სანამ ფურცლებზე პასუხს დაწერთ, შეკითხვის ავტორი გირჩევთ, რომ საქართველოში არსებული ერთი პოლიტიკური პარტიაც გაიხსენოთ.

დაწერეთ იქსი ხუთასოიანი სიტყვის გამოყენებით.

სწორი პასუხია: გირჩი“

ორგანიზაციის წარმომადგენელი ტვ „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ კითხვებს პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს და ის ბავშვებს ლოგიკას უვითარებს. განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კონკურსის შესახებ მათთან მხოლოდ ინფორმაცია შედის და ტექსტის შინაარსის კონტროლი სკოლას ევალება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ასეთი კითხვები მსგავს შეჯიბრებებში არ უნდა “იპარებოდეს” ნებსით, თუ უნებლიეთ.

Bრაინს.გე არის შემეცნებით- საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და არაფორმარული მეთოდებით განათლების დონის ამაღლება. ორგანიზაციის მთავარი პროექტი არის გუნდური ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა”. მათივე ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ 2019 წლის შემოდგომის სეზონზე დაგეგმილი კავკასიის რიგით მეორე ღია ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს 34 ქალაქის სკოლებში აქტიურად იმართება “ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატები” და პროექტში უკვე ჩართულია 500 ზე მეტი სკოლა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური