GE

ლადო პაპავა: „აუდიტის დაუსაბუთებელი ბრალდება რომ არ ყოფილიყო, მე ამის თქმას საერთოდ არ ვაპირებდი“

აუდიტის სამსახურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესვლას და მის დასკვნას ბრალდებებები მოჰყვა ყოფილი რექტორის ვლადიმერ პაპავას მისამართით. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2014 წელს თსუ-მ წიგნები თავისვე რექტორისგან კანონდარღვევით შეიძინა, იმ დროს კი უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა იყო. უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი EDU.ARIS.GE-სთან აუდიტის ამ ბრალდებებს პასუხობს.

ბატონო ლადო, აუდიტის სამსახური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ყოფნისას აშშ-ში გამოცემული წიგნების შეძენისას დაშვებულ კანონდარღვევაზე საუბრობს, თქვენ ამბობთ, რომ პირიქით, ეკონომია გააკეთეთ. რატომ მოხდა, თქვენი აზრით,  ასეთი რამ?

-ტენდერის შესყიდვისას უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც, ბუნებრივია, თავის საფასურს დაარიცხავს მომსახურებისთვის, ამიტომ შესასყიდი წიგნი, როგორც წესი, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გამომცემლობის საწყისი ფასია. როცა ავტორი ყიდულობს გამომცემლობისგან, მაშინ ავტომატურად, ჰონორარის თანხა აკლდება წიგნის საფასურს. ხელშეკრულებით ჰონორარის თანხა იყო წიგნის ღირებულების 20%. იმის გათვალისწინებით, რომ შეძენილი იყო 4 დასახელების წიგნი, სულ 190 ცალი, გამომცემლობა წავიდა კიდევ უფრო მეტ შეღავათზე, არა 20%, არამედ 40%-იან ფასდაკლებაზე. ამიტომაც იქნა ეს  პროცედურა შერჩეული, რისი ყველა დოკუმენტი დროულად იქნა წარდგენილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. ეს შესყიდვა გამომცემლობისთვის განხორციელდა როგორც ავტორის მიერ შესყიდული წიგნები. თბილისში ჩამოსული წიგნების ნაწილი თავიდანვე გადაეცა თსუ-ს ბიბლიოთეკას, ნაწილი გამოვიყენეთ სასაჩუქრე ფონდში. უნივერსიტეტს მიადგა ზიანი, თუ უნივერსიტეტმა მიიღო ეკონომია? ამ ამბავში მთავარი ესაა.

სასაჩუქრე წიგნების სრულად გაცემა ვეღარ მოხერხდა, ვინაიდან მე 2016 წლის 20 აპრილიდან აღარ ვიყავი რექტორი. დარჩენილი წიგნები უკლებლივ გადაეცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

რაც შეეხება ბრალდებას, თიქთოს ზეწოლა მოვახდინე უნივერსიტეტის კანცლერზე, თითიდან გამოწოვილია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, რექტორი ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე, მას ირჩევს აკადემიური საბჭო, ხოლო კანცლერი ანგარიშვალდებულია სენატის წინაშე, რადგანაც მას ირჩევს სენატი. ამიტომ რექტორს კანცლერის მოხსნის, ან შევიწროების მექანიზმი საერთოდ არ გააჩნია.

სამწუხაროა, რომ აუდიტის დასკვნაში გაკეთებული ჩანაწერი თავისი შინაარსით ჩემი რეპუტაციის შელახვაზეა გამიზნული.

მე ვერიდებოდი ამაზე საჯაროდ საუბარს, მაგრამ იძულებული ვხდები განვაცხადო, რომ ჩემი რექტორობის დროს ჩემი ავტორობით 2015 წელს გამოვეცი სახელმძღვანელო „საქართველოს ეკონომიკა“, რომელიც შეგნებულად არ გამოვეცი თსუ-ის გამომცემლობაში და არ დავბეჭდე მის სტამბაში, ვინმეს რომ არ დაებრალებინა, თითქოს უნივერსიტეტის ფულს ვხარჯავდი საკუთარი წიგნის გამოცემაში. ჩემმა მეგობარმა ბიზნესმენმა დამიფინანსა და ეს წიგნი სულ სხვა გამომცემლობაში გამოვეცი, საიდანაც 100 ეგზემპლარი, რადგან წიგნი სახელმძღვანელო იყო, საჩუქრად გადავეცი თსუ-ის ბიბლიოთეკას. ამის გარდა, ჩემი რექტორობის დროს იმავე ბიბლიოთეკას ჩემი პირადი ბიბლიოთეკიდან საჩუქრად გადავეცი 2000-ზე მეტი ერთეული სამეცნიერო-სასწავლო დანიშნულების  წიგნი და 800-ზე მეტი ერთეული სამეცნიერო პერიოდული გამოცემა.

ამასთან ერთად, 2013 წელს, როცა უნივერსიტეტის რექტორობა ჩავიბარე, IDFI-ს მიერ თსუ-მ სრული გაუმჭვირვალეობის სერტიფიკატი მიიღო, ხოლო 2015 წლის შედეგებით თსუ გახდა ასპროცენტიანად გამჭვირვალე.

უფრო მეტიც, რექტორი როდესაც გავხდი, რექტორის ხელფასზე ყოველთვიური დანამატი და პრემიაც გავაუქმე. ჩემი ხელფასიდან გაიცემოდა თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის საუკეთესო სტუდენტზე ჩემი ინიციატივით შემოღებული რექტორის სტიპენდია, რომელიც შეადგენდა თვეში 250 ლარს. ისე, რომ არ ცოდნოდა სტუდენტებს, ყოველ სემესტრში კარგი მოსწრების მქონე ერთ შეჭირვებულ სტუდენტს ჩემი ხელფასიდან ვაფინანსებდი, ანუ მისი სწავლის ქირას მე ვიხდიდი, ისე, რომ ეს ამ სტუდენტს არ უნდა სცოდნოდა.

საერთო ჯამში, რაც ჩემი რექტორობის 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში სტუდენტების დასახმარებლად 17-ათას ლარზე მეტი გავიღე.

აუდიტის ეს დაუსაბუთებელი ბრალდება რომ არ ყოფილიყო, მე ამის თქმას საერთოდ არ ვაპირებდი.

-რას უკავშირებთ თქვენი მისამართით გამოთქმულ ამ ბრალდებებს?

სავარაუდოდ ორ რამეს.

ერთი რომ ვიღაცას უნდა ლადო პაპავას რეპუტაცია შეილახოს, ამიტომ ასეთი ბრალდებით შეიძლება გამაჩუმოს, მისი აზრით. ყველამ იცის, რომ აქტიური მოქალაქე ვარ და საჯაროდ ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებთან მიმართებაში.

მეორე კი, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშწორება უნდა იყოს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებ ამ საკითხთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ეს მეორე უფრო სავარაუდოა. თუმცა ბოლომდე დარწმუნებული რადგან არ ვარ, ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ ვიტყვი.

აუდიტის სამსახურში, ჩემი აზრით, საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ და ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვათ. შესაძლოა ისინი ზეწოლის ქვეშ იყვნენ.

-ამ ბრალდებებს პროკურატურაში შეიძლება მიეცეს მსვლელობა?

-რას უნდა მიეცეს მსვლელობა, უნივერსიტეტს წიგნები რომ გადავეცი, ან შეღავათიან ფასად რომ ვაყიდინე?

-თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ ბრალდებებით თქვენი რეპუტაციის შელახვა შესაძლოა უნდოდეთ. ხომ არ ფიქრობენ, რომ პოლიტიკაში დაბრუნება გინდათ? მართლა ხომ არ მოდიხართ პოლიტიკაში?

-აქტიურ პოლიტიკაში გავატარე ჩემი ცხოვრების 10 წელი – 6 წელი გახლდით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, 4 წელი საქართველოს პარლამენტის წევრი. მე ვფიქრობ, ერთი ადამიანისთვის 10 წელი აქტიურ პოლიტიკაში საკმარისია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მე პოლიტიკაში მოსვლას არანაირად არ ვგეგმავ, თუმცა ის გამოცდილება მაქვს, რომ ვიცი, „არასოდეს არ უნდა ვთქვა არასოდეს“.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური