GE

რა ელის სკოლას, მოსწავლეს და ეროვნულ სასწავლო გეგმას 11-წლიანი სწავლების დამტკიცებით – სპეციალისტის ანალიზი

„არასერიოზული ინიციატივა, იმპერატიული მოდელი და „ტერორისტული აქტი“ მთავრობის მხრიდან, რომელშიც ზოგადი განათლების კომპონენტი არაფერ შუაშია“, – ასე აფასებს სკოლებში 11-წლიანი სწავლების შემოღების გადაწყვეტილებას ნიკო სილაგაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კოორდინატორი.

სკოლაში სწავლა 11-წლიანი გახდება – ირაკლი კობახიძის განცხადება

EDU.ARIS.GE-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში სპეციალისტი დეტალურად გვიყვება მოსწავლის, სკოლის, ეროვნული სასწავლო გეგმისა და მთლიანად საზოგადოებისთვის მოსალოდნელი თუ დამდგარი ზიანის შესახებ, მათ შორის რა დამატებით ცვლილებებს გამოიწვევს 11-წლიანი სწავლება და რა სამუშაოები იქნება გასატარებელი სისტემაში, რომ ახალ პრინციპზე გადავეწყოთ.

ბატონო ნიკო, რატომ არის 11-წლიანი სწავლება „ცუდი“?

-ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა საზოგადოებას შევახსენოთ რისთვის არსებობს სკოლა.

სკოლა, არის ოჯახის ერთგვარი გაგრძელება – ინსტიტუცია, სადაც მოსწავლე მზრუნველ გარემოში იმყოფება და ემოციურად დაცულად გრძნობს თავს; სივრცე, რომელიც ბავშვს პიროვნულ თავისუფლების ძიებასა, თუ თვითრეალიზებაში ეხმარება.

ზოგჯერ სკოლას სამომხმარებლო თვალით უყურებენ, მაგალითად შრომითი ბაზრის, თუ კონკრეტული საგნის ინტერესებიდან გამომდინარე… მაგრამ მისი უმთავრესი ფუნქცია ყოველთვის იყო და არის მოსწავლის პიროვნული განვითარება. საშუალო საფეხურზეც კი, როცა შედარებით მეტად შემოდის აქცენტი პროფორიენტაციაზე და უმაღლეს განათლებაზე.

გამომდინარე აქედან სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ზოგადი განათლების მიმართულების სპეციალისტი ემხრობოდეს, ან გაგებით ეკიდებოდეს სკოლის/ზოგადი განათლების ხანგრძლივობის შემცირებას.

როდესაც განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების კურატორი მოადგილე  ასეთ ინიციატივას მიესალმება, ეს არის ჩვეულებრივი ოქსიმორონი. დაახლოებით იგივეა, ადამიანს სიტყვის თავისუფლების დაცვა ევალებოდეს, ის კი  თავისუფალი ტელევიზიებისა და გაზეთების რაოდენობის შემცირებას უჭერდეს მხარს.

– რა უნდა იყოს ზოგადი განათლების კურატორის პოზიცია ამ გადაწყვეტილებაზე?

– რეალურად, პასუხი უნდა იყოს, რომ ცალსახად მიუღებელია.

– რატომ

– იმიტომ, რომ შეუძლებელია აგვიხსნან, რატომ უნდა შევუზღუდოთ ბავშვებს სკოლაში ყოფნის პერიოდი. რატომ არის ეს სასურველი. რა უნდა იყოს სახელმწიფოსგან იმაზე კარგი განაცხადი, როცა აფინანსებს მაქსიმალურად ხანგრძლივ ზოგად განათლებას, ანუ სივრცეს, სადაც ბავშვები ვითარდებიან და თან დაცულად გრძნობენ თავს (ზრდასრულები, როგორც წესი, ასეთ სოციალურ გარემოში ცხოვრების ფუფუნებას მოკლებული ვართ). რა არგუმენტი შეიძლება იყოს იმის საპირწონე, რომ ამ არეულ ქვეყანაში ასეთი სივრცის დაკნინება გაამართლოს.

გასაგებია, რომ დღეს სკოლას აქვს ბევრი პრობლემა, მაგრამ ეს მის სოციალურ ფუნქციას არ ცვლის. საჭიროა ამ ფუნქციის რეალიზებაზე ზრუნვა და არა მისი გაუგებარი არგუმენტებით შემცირება.

– მეტი კონკრეტიკა რომ გვითხრათ, რას კარგავს მოსწავლე 11-წლიანი სწავლების შემოღების გადაწყვეტილებით, რას ვართმევთ მას?

– მარტო მოსწავლეს კი არა, მთლიანად საზოგადოებას ვართმევთ საჯარო სკოლას, როგორც მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ ინსტიტუციას. რატომ, როგორ და ვისი მხრიდან ხდება სკოლის ოკუპაცია, ამის გასააზრებლად საჭიროა, საზოგადოებას შევახსენოთ, რა არის ეროვნული სასწავლო გეგმა.

სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს სკოლის მიმართ სხვადასხვა ინტერესი და დამოკიდებულებები აქვს. მაგალითად, ყველა საგნის სპეციალისტს სურს, მისი საგანი სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდეს; პოლიტიკოსებს უნდათ, მათი პოლიტიკური პარტიის იდეოლოგია სასკოლო პროგრამებში უფრო მეტად აისახოს; საკუთარი ინტერესები აქვთ უნივერსიტეტებს და სხვადასხვა საზოგადოებრივ სტრუქტურებსაც, იქნება ეს საპატრიარქო, თუ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ იდეას ადვოკატირებს …. პრაქტიკულად ყველას უნდა, სკოლას „დამკვეთის თვალით“ შეხედოს და კურიკულუმის მათთვის სასურველი შინაარსებითა და აქცენტებით გაჯერება სცადოს.

ეროვნული სასწავლო გეგმა კი არის ერთგვარი ფილტრი, რომლიც ამ მოთხოვნებს აბალანსებს. მისი კონცეფცია და დიზაინი შესაძლებლობას იძლევა, რაღაც დონეზე ყველა მხარის ინტერესი იქნას გათვალისწინებული, ოღონდ ისე, რომ არ დაკარგოს მთავარი ორიენტირი – სკოლა კვლავ დატოვოს მოსწავლის პიროვნული განვითარების სამსახურში.

თუკი არ იარსებებს, ან მხოლოდ ფორმალურად იარსებებს ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლა გახდება სხვადასხვა ჯგუფებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის პოლიგონი. ამის პირველ ნიშნებს დღეს უკვე ვხედავთ – ცოტა ხნის წინ მღვდლები შეუშვეს სკოლებში რაღაც ღირებულებებზე სალაპარაკოდ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლების პროცესი კი გარკვეული პოლიტიკური თეზისების წინ გამოწევას ჰგავდა, ვიდრე საზოგადოებრივ შეთანხმებას, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ზღუდავს და აბალანსებს დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა. ვითარებაში, როცა ის განათლების პოლიტიკის დოკუმენტის სტატუსსა და მკაფიო კონცეპტუალურ მახასიათებლებს დაკარგავს, სასკოლო განათლება სულ უფრო დაემსგავსება ძალაუფლებაში მყოფი ჯგუფების სუბიექტური ინტერესებითა და გემოვნებით დაკომპლექტებული საგნობრივი საკითხების დასწავლას.

გადაწყვეტილება 11-კლასიან სკოლასთან დაკავშირებით, ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმის განადგურებას. ირღვევა მისი კონცეფცია და ლოგიკა. ეს ე.წ. 10+2 ფორმატსაც შეეხება, რომლის ფარგლებში რევიზირებული საგნობრივი სტანდარტებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა.

ეროვნული სასწავლო გეგმის დაკნინება დღეს არ დაწყებულა, თუმცა, დღეს ის ბევრად ხელშესახები ხდება. ადრე სადაო იყო, რატომ არ ეფუძნებოდა ეროვნული სასწავლო გეგმას განათლების სისტემის სხვადასხვა კომპონენტები, მაგალითად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი, ახლა კი ვიღებთ ვითარებას, როცა იცვლება სასწავლო პროგრამების მთლიანი ჩარჩო ისე, რომ მოქმედ სასწავლო გეგმას ყურადღებას არავინ აქცევს. 11-წლიანი სწავლების გამოცხადებით მთავრობამ მკაფიოდ თქვა, რომ ზოგადი განათლების განვითარებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები არიან პრიმიტიული დაკვეთის აღმასრულებლები, რომლებსაც შეიძლება დღეს 10+2 და პროფილური სწავლება დაუკვეთო, ხვალ სტანდარტების ე.წ. „გარდამავალი ვერსიები“ დააწერინო და გამოაქვეყნებინო, ზეგ კი უთხრა, რომ ამიერიდან სწავლა 11- წლიანია და აქამდე რაც ითქვა, იმას მნიშვნელობა არ აქვს. „ღმერთმა თქვა იქმნას ნათელი და იქმნა ნათელი“ …. თქვა კობახიძემ – იყოს 11 კლასი და ეს განათლების სისტემის მენეჯერებმაც გაიმეორეს ისე, თითქოს ამ ინიციატივას რაიმე კავშირი ჰქონდეს ან განათლების რეფორმასთან, ან ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესთან.

– ანუ თქვენ ასე ხედავთ, რომ 11 წლიან სწავლებაზე დაბრუნების გადაწყვეტილებით ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც განათლების პოლიტიკის დოკუმენტი აღარ არის დაცული და შენარჩუნებული?

– რა თქმა უნდა, ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი აქ აღარ არსებობს. განათლების პოლიტიკის დოკუმენტს ვკარგავთ. იმიტომ, რომ 11-წლიანი სწავლების გადაწყვეტილება არაფრით ებმის და არც მოდის განათლების ექსპერტთა წრიდან. ამ გადაწყვეტილებაში საერთოდ, ჩურჩულითაც კი არ ისმის ზოგადი განათლების სპეციალისტთა ხმა. განათლების სამინისტროში ჩემი მუშაობის პერიოდში უამრავი დისკუსია მინახავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს საშუალო საფეხური მოწყობილი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – არავისგან, არასდროს, არც ხუმრობით, არც სერიოზულად, არც საერთაშორისო გამოცდილებაზე მითითებით, არც ქვეყნის წარსულზე აპელირებით არ თქმულა 11-წლიანი სწავლების შესახებ. აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება „ზემოდან“ მოვიდა „ქვემოდან“ კი იმის წესიერად ახსნაც ვერ შეძლეს, რომ უკვე არსებობს 10 + 2 ის ფორმატში რევიზირებული სასწავლო გეგმა, რომელიც შესაძლოა, უფრო პერსპექტიული იყოს, ვიდრე 11-წლიანი სწავლების გაუგებარია საიდან მოტანილი იდეა.

გამოდის, ის მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმაც, ეს რევიზირებული სასწავლო გეგმაც, რომელიც 10+2-ის ფორმატშია გააზრებული, ეს ყველაფერი ჩამოშლილია, არაფერს აზრი აღარ აქვს, რაც იქ იყო. ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც პოლიტიკის დოკუმენტი კი არა, როგორც საერთო, ერთიანი კონცეპტუალური დოკუმენტი, აქ, ამ სივრცეში აღარ ჩანს. ჩემთვის, სკოლის ფუნქციის არასწორ გააზრებასთან ერთად, ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ეროვნული სასწავლო გეგმის, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი დოკუმენტის სრულ მოშლას, ჩამოშლას.

განათლების პოლიტიკა აქ აღარაფერ შუაშია. არსებობს უბრალოდ პარტიული მაღალჩინოსნების პიარ-განცხადებები და განათლების სამინისტროში მომუშავე ტექნოკრატი ადმინისტრატორები, რომლებიც შინაარსობრივი პროფილის ექსპერტებს დღეს ერთ პროდუქტზე ამუშავებენ, ხვალ მეორეზე ისე, რომ არაფერს ეკითხებიან პროცესზე, რომლის განვითარებაც ამ პროდუქტმა უნდა უზრუნველყოს.

ამაზე მეტი დანაშაული მხოლოდ ის თუ იქნება, მასწავლებლებისა და დირექტორების პარტიულ აქტივად გამოყენებას რომ ცდილობენ.

– ძალიან მძიმე სურათი დაგვანახეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნქციის მოშლაზე მითითებით, რას ფიქრობთ, რასთან შეიძლება მიგვიყვანოს განათლების პოლიტიკის დოკუმენტის ასეთმა დაზიანებამ და ზოგადად, 11 წლიანმა სწავლებამ, რას გამოიწვევს, სად იქნება საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში, საერთოდ თუ იქნება? რას ხედავთ პირადად თქვენ დღევანდელი მოცემულობით ახლო და შორ პერსპექტივაში მოსწავლის, სკოლის თუ განათლების განვითარების ნაწილში?

– დადასტურებული ფაქტია, რომ ზოგადი განათლების სისტემას დღეს კარგად არ აქვს საქმე – საერთაშორისო კვლევის შედეგებს არ ვგულისხმობ – მათზე არ არის საჭირო სწორება; მთავარი პრობლემაა ის, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი ისე არ მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს; არც ატმოსფეროა ისეთი, როგორიც განათლების მიზნების რეალიზებას სჭირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სკოლა ვერ ასრულებს კარგად მასზე დაკისრებული სოციალურ ფუნქციას.

ეროვნული სასწავლო გეგმა გამოკვეთს მიმართულებებს, რომლებზე მუშაობაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს. მისი დანერგვა ასოცირდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების მეტ ჩართულობასა და სკოლის ინსტიტუციურ განვითარებასთან. ეს პროცესი, სამწუხაროდ, ვერ არის დიდად წარმატებული – დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა, მასწავლებლების პარტიულ აქტივად გამოყენების მცდელობა, სკოლებში მხარდამჭერი სერვისების არათანმიმდევრული დისტრიბუცია მას მნიშვნელოვნად აფერხებს, მიუხედავად ამისა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოკვეთილი მიზნობრივი ორიენტირები ხელს მაინც უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკების განვითარებას. ვითარებაში, როცა ეროვნული სასწავლო გეგმა იქნება პროდუქტი და არა პროცესი; საკითხების ჩამონათვალი და არა პოლიტიკის დოკუმენტი, ცხადია, ამ ტიპის მცდელობებსაც აღარ ექნება ადგილი. სისტემას აღარ ექნება „კომპასი“, რომლის წყალობითაც დიდაქტიკისთვის, განვითარების პროცესისთვის სწორი მიმართულების მიცემა შეიძლება.

სკოლის გაუმჯობესებისა და განვითარების დისკურსი საერთოდ მოიშლება. საერთოდ უკანა პლანზე გადავა. სკოლა დაემსგავსება სივრცეს, სადაც რაღაცას ვასწავლით, რატომ ვასწავლით, რა მეთოდებით, არ ვიცით. და რადგან ხელისუფლება ძირითადად მომზადებაზე და შრომით ბაზარზე საუბრობს, ალბათ, სკოლა რაღაც მოსამზადებელი ცენტრივით გახდება, სადაც კაცმა არ იცის, რა პროცესები როგორ მიმდინარეობს. სკოლა არ არის მოსამზადებელი ცენტრი, ჯერ კიდევ ჯონ დიუი ამბობდა, რომ „სკოლა ცხოვრებისთვის მზადება კი არ არის, არამედ თავად ცხოვრებაა სკოლა“. ამდენად, სკოლის სოციალური ფუნქციის მოშლას გამოიწვევს – მოკლედ, ასე შეიძლება ვუპასუხოთ ამ კითხვას.

ეს არის ასე ვთქვათ ბეჭედის დასმა, იმიტომ, რომ პირდაპირი განცხადებაა – თქვენ კი არასოდეს გიხსენებიათ 11-წლიანი სწავლება, არც გიფიქრიათ, არც წამოგცდენიათ, რომ 11-წლიანი სწავლება რამის გაუმჯობესების საშუალება შეიძლება იყოს, ასე რომ, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, რაც აქამდე გილაპარაკიათ, გიკეთებიათ, გიმსჯელიათ, ექსპერტიზა გქონიათ, იქნება 11-წლიანი და მორჩა! თქვენ დასხედით და პროდუქტები დაალაგეთ, მასწავლებლებმა გაკვეთილი დადეთ პროდუქტად… 11-წლიან პროგრამაზე გადმოეწყვეთ და ასე.

არ არის სასიამოვნო დეტალური საუბარი – რა იქნება უარესად ახლო და შორ პერსპექტივაში. როდესაც რეფორმა ანონსდება, თანაც ამაზე პრემიერი, განათლების მინისტრი და მისი მოადგილე უნისონში საუბრობენ, განხილვის საგანი უნდა იყოს, რით შეიძლება გაუმჯობესდეს ვითარება და არა ის, თუ რა იქნება უარესად.

– 11-წლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოწყობას რაც შეეხება, რამდენად ვარაუდობთ, რომ მოსწავლეების მიერ პროგრამის ათვისება 100%-იანი იქნება, ეს შესაძლებელია, თუ კიდევ უნდა ველოდოთ, რომ პროგრამიდან რაღაცები ამოიყრება?

– უეჭველად ამოიყრება, ვინაიდან 11-წლიან ფორმატს, ვერც დღეს მოქმედი და ვერც რევიზირებული სასწავლო გეგმა ვერ მოერგება.

პირველ რიგში გადასაწყვეტია, 10+1 -თან გვექნება საქმე თუ 9+2 – თან. 10+1 პრაქტიკულად ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გაუქმებას ნიშნავს, რაც განათლების სამინისტროს დღევანდელი მესვეურებისთვისაც კი მეტისმეტია. შესაბამისად, მეტია ალბათობა მივიღოთ 9+2, ანუ ცხრაწლიანი საბაზო და ორწლიანი საშუალო საფეხური. ეს ფორმატი კი ვერ იქნება თავსებადი რევიზირებულ სასწავლო გეგმასთან.

– ანუ, ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ხელახალი რევიზია გახდება საჭირო? სულ ცოტა ხნის წინ, 10-წლიანი საბაზო საფეხურის შემოღებამ ასეთი სამუშაოების შესრულება უკვე გამოწვია…

– რა თქმა უნდა. 10+2 – ის ფორმატის მთავარი მახასიათებელი იყო პროფილური სწავლება. საბაზო საფეხურზე მოსწავლე სრულად ხედავდა სასკოლო საგნების მთლიან კონტურებს, საშუალო საფეხურზე კი საათობრივი ბადე ორ ნაწილად იყოფოდა. მის, დაახლოებით, 40-50 პროცენტს ავსებდა სავალდებულო ინტეგრირებული საგნები, რომლების საშუალებითაც ე.წ. „სპირალის პრინციპით“ ხდებოდა საბაზო საფეხურზე შეძენილი ცოდნის გაღრმავება; დანარჩენი საათები კი ეთმობოდა ე.წ. გაძლიერებულ კურსებს, რომელიც თითოეული საგნობრივი მიმართულებით იყო შემოთავაზებული. ბავშვს საკუთარი ინტერესისამებრ შეეძლო აერჩია რამდენიმე მათგანი.

პროგრამის ასე დაჯგუფება არ იყო იოლი. დიდი მუშაობა ჩატარდა იმისთვის, რომ პროგრამის განტვირთვის პრიორიტეტიც შენარჩუნებულიყო და საბაზო განათლებასაც სრულყოფილი ჩარჩო ჰქონოდა. ამისთვის, სხვადასხვა საგნებში საშუალო საბაზო საფეხურზე იქნა ჩამოტანილი სასწავლო თემები. ქიმიის სწავლების მე-7 კლასიდან დაწყება და კომპიუტერული ტექნოლოგიების 7-10 კლასებში სწავლებაც კი გახდა საჭირო ამ ეფექტის მისაღწევად.

11-წლიანი სწავლების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა ვეღარ შენარჩუნდება. მისი რეალიზება ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პირობებშიც არ იყო იოლი.

– არაერთხელ დადებით კონტექსტში ახსენეთ 10 + 2 ის ფორმატში რევიზირებული სასწავლო გეგმა, რატომ არის კარგი 10+2 სისტემა, რომლის შედეგებსაც, ალბათ, უკვე ვეღარ დავინახავთ, რატომ მოგწონდათ?

– 10 + 2 მომწონდა იმიტომ, რომ მოსწავლეს მეტ თავისუფლებას აძლევდა და სკოლის ფუნქციის გაძლიერებას განაპირობებდა.

აღსანიშნავია, რომ მე-12 კლასის სათანადოდ გამოყენების პრობლემა სისტემას ყოველთვის ჰქონდა. ყველა თანხმდებოდა რომ 2006 წელს მისი დამატება მიღწევა იყო, თუმცა, ვერცერთ ეტაპზე ვერ მოხერხდა მისი რეალურად ათვისება. ჯერ იყო და აბიტურის საკმაოდ ბუნდოვანი იდეა იქნა შემოტანილი, შემდეგ აქცენტი CAT-ის გამოცდებზე გადავიდა, ბოლოს გარდამავალი პერიოდის სტანდარტებიც კი იქნა შექმნილი იმ დრომდე ვიდრე სკოლებში 10 + 2 ფორმატის პილოტირება მიმდინარეობდა.

10 + 2 იყო მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურის პრობლემის საინტერესო გადაწყვეტა, რომელსაც სისტემაში საინტერესო პროცესების წახალისება შეეძლო. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. მასში ზოგადი განათლების ხედვა ჩანდა. 11-წლიანი სწავლება კი სრულიად იმპერატიული მოდელია. მასში ზოგადი განათლების კომპონენტი საერთოდ არაფერ შუაშია. ჩანს, რომ წესიერად კონსულტაციებიც კი არ გაუვლიათ. ეს ჩვეულებრივი „ტერორისტული აქტია“ მთავრობის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ თავად რასაც იტყვის, ის არის მთავარი და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა! როგორც კალიგულამ დასვა ცხენი სენატორად, კობახიძემაც ისე მოახვია თავს 11-კლასიანი სკოლა განათლების სისტემას.

– და ბოლოს, გაქვთ იმედი, რომ ამხელა სამუშაოების გატარების აუცილებლობა და საამისოდ დიდი დროის საჭიროება ამ გადაწყვეტილების განუხორციელებლობამდე მიგვიყვანს? ადრეც ყოფილა არაერთი საგანმანათლებლო რეფორმის იდეა, რომელიც არ განხორციელებულა…

– მგონია, რომ ასეც მოხდება. იმედს არ ვკარგავ, ის ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ ძალიან არასერიოზულ ინიციატივაზე ვსაუბრობთ.

ასევე იხილეთ:

რას გულისხმობს სასკოლო რეფორმა, რომლის პრეზენტაციაც მალე შედგება – განათლების მინისტრი დეტალებზე

ბოლონიის პროცესი – „თუ საქართველო გადავა სწავლების 11-წლიან სისტემაზე, ეს გამოიწვევს რამდენიმე პრობლემას“

პასუხი 11 კლასის ბოლონიის პროცესთან შეუთავსებლობაზე – „ჩვენ გვინდა, ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური