„11-წლიან სწავლებაზე გადასვლა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გამართლებული“ – ისტორიკოსი პედაგოგის პოზიცია
ავტორი: დათო ფერაძე, პედაგოგი, ისტორიკოსი, განათლების ხარისხის ექსპერტი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
მე-12 კლასის გაუქმება (11-წლიან სწავლებაზე გადასვლა)
ეს საკითხი, პირველ რიგში, დაკავშირებულია საერთაშორისო აღიარების ბიუროკრატიულ და ფორმალურ რისკებთან (ბოლონიის პროცესი, ლისაბონის კონვენცია), მაგრამ მის უკან დგას სწავლა-სწავლების უდიდესი გამოწვევა.
უმაღლესი განათლებისთვის მზაობის დაქვეითება. წესით 12 კლასი უნდა ყოფილიყო საუნივერსიტეტოდ არჩეულ საგნებში სწავლის გაღრმავების ეტაპი. ასე რომ ყოფილიყო, მისი გაუქმება შეამცირებდა „აკადემიური სიმწიფის“ მიღწევის დროს. 11-წლიანი სკოლის ბაზაზე თუ გადვალთ, მაშინ, სახელმწიფომ უნდა შექმნას მექანიზმი, რომელიც 11-წლის შემდეგ, მოსწავლეებს ადრევე ჩართავს უნივერსიტეტის მოსამზადებელ პროგრამებში ან უფრო სწრაფად მისცემს პროფესიულ ცოდნას. დღეს არსებითად რა მნიშვნელობა აქვს იქნება თუ არა „ბუტაფორიული“ 12 წლიანი სწალება? ათწლიანიც რომ იყოს, შინაარსობრივად რა იცვლება? სინამდვილეში ათი წლის მერე რეპეტიტორებზე ხდებიან მოსწავლეები დამოკიდებული.
ანუ, ისევ ფრომალური საფრთხეა აქაც: მართალია, ე.წ. ბოლონიის სისტემა პირდაპირ არ ითხოვს 12-წლიან სწავლებას, არ არსებობს რაიმე ნომატიული აქტი, ამას რომ ითხოვდეს, მაგრამ ამ სისტემის შემავალი ევროპული უნივერსიტეტების უმეტესობა მოითხოვს 12-წლიანი სწავლების ეკვივალენტს. 11-წლიანი სკოლის ატესტატი მათ თვალში შეიძლება იყოს არასრული კვალიფიკაცია. ეს გამოიწვევს დამატებითი წლების ან გამოცდების საჭიროებას ქართველი აბიტურიენტებისთვის. თუკი სახელმწიფომ გადაწყვიტა 11 წელი, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ამ 11 წელში ისეთი მაღალი ხარისხის სტანდარტი დაინერგება (მაგ. საერთაშორისო შეფასებების დახმარებით), რომ ევროპული უნივერსიტეტები იძულებულნი გახდებიან, აღიარონ ჩვენი ატესტატი.
მე-12 კლასის გაუქმებით უბრალოდ გადაინაცვლებს რეპეტიტორებთან მომზადების პროცესი ერთი წლით ადრე. ეს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ფორმალიზმს სკოლაში.
ამიტომ, თუ სწავლის დროის შემცირება მოხდება, საჭირო გახდება სასწავლო პროგრამის გაწმენდა ზედმეტი ბიუროკრატიული ტვირთისგან და აქცენტის გაკეთება შედეგზე დაფუძნებულ სწავლებაზე.
მაგრამ, მოხდება კი ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც სკოლა დღესდღეობით, ხშირ შემთხვევაში, რჩება არა დემოკრატიულ, არამედ ფორმალურ ინსტიტუტად, სადაც ნეპოტიზმის პირდაპირი პრდუქტი დირექტორები ახორციელებან მენეჯმენტს? ხარისხის პრობლემა არ არის მხოლოდ 12 წლის არსებობა-არარსებობა. ის ფესვგადგმულია სასწავლო პროცესის სტრუქტურაში, ნაცნობობით და ზემოდან დარეკვით შერჩეულ კადრებში. თუკი გაუქმდება მე-12 კლასი, მაგრამ არ გაუქმდება სკოლის, როგორც „მოსწავლეთა თავშესაფრის“ ფუნქცია (სადაც მთავარია დასწრება და არა ცოდნა), თუ არ განადგურდება ნეპოტისტური მეტასტაზები, ჩვენ მხოლოდ უარეს შედეგს მივიღებთ: საერთაშორისო პრობლემებით და შენარჩუნებული შიდა უხარისხობით.
11-წლიან სწავლაზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუკი ამ ერთ წელს იმდენად გავაძლიერებთ სკოლის შინაარსს და დემოკრატიულ გარემოს შევქმნით, რომ მოსწავლე იყოს მოტივირებული და მზად უმაღლესი განათლებისათვის.
გამოსავალი არის ხარისხში. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პოტენციური გზები:
1. სტანდარტების გაძლიერება და საერთაშორისო გამოცდები: მხოლოდ PISA-ს და სხვა საერთაშორისო შეფასებების შედეგების გაუმჯობესებით შეგვეძლება დავარწმუნოთ ევროპული უნივერსიტეტები ჩვენი 11-წლიანი ატესტატის ეკვივალენტურობაში.
2. შეთანხმება უნივერსიტეტებთან: აუცილებელია ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ატესტატის აღიარებას.
3. სკოლის დემოკრატიზაცია: სკოლა უნდა გადაიქცეს თავისუფალი აზრისა და კრიტიკული აზროვნების ცენტრად, და არა მხოლოდ ფორმალურ დაწესებულებად.
საბაზო საფეხურის გახანგრძლივება მე-9-დან მე-10 კლასამდე (აქამდე განხორციელებული ცვლილების შეფასება)
ტრადიციულად, საბაზო საფეხური (VII-IX კლასები) მოსწავლეებისათვის იყო გარდამავალი პერიოდი, სადაც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო საგნობრივი ცოდნის ფუნდამენტური დაგროვება და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბება. ამ საფეხურის მე-10 კლასის ჩათვლით გაგრძელება (VII-X კლასები) პოტენციურად შეიძლება ამ შესაძლებლობის ზრდად მივიჩნიოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე უფრო მეტად ფორმალურ ცვლილებად აღიქმება.
თუ მე-10 კლასი, რომელიც აქამდე საშუალო საფეხურის ნაწილი იყო, უბრალოდ „მექანიკურად“ დაემატება საბაზოს, მაგრამ არ შეივსება შინაარსობრივად და უნიფიცირებული სტანდარტებით (რაც, როგორც ვიცი, არ არსებობს), ის მხოლოდ სწავლის ვადის გახანგრძლივება იქნება. საბაზო საფეხურის მთავარი მიზანია, მოსწავლემ მიიღოს ზოგადი განათლების სრული მინიმუმი. თუ მე-10 კლასი ამ მინიმუმს გააძლიერებს, კარგია, მაგრამ ხშირად ამ ასაკში მოსწავლეები უკვე იწყებენ ინტერესების გაღრმავებას, რასაც ახალი სტრუქტურა შეიძლება შეეწინააღმდეგოს.
მე-10 კლასის საბაზო საფეხურში მოქცევა წესით, უნდა ნიშნავდეს, რომ სწავლის ხარისხის დაქვეითების ტენდენცია (რაც, ხშირად მე-6 კლასის შემდეგ იწყება) შეიცვალოს და უფრო მეტი დრო მივცეთ ძირითადი საგნების სრულყოფილად ათვისებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის. მაგრამ თუ ამ ცვლილებას არ მოჰყვება სწავლების მეთოდოლოგიის რადიკალური განახლება, სადაც დემოკრატია და მოსწავლის აქტიური ჩართულობა იქნება პრიორიტეტი, საბაზო საფეხურის ამგვარი ცვლილება მხოლოდ იმ პერიოდს გაახანგრძლივებს როდესაც სკოლა იქნება არა როგორც „განვითარების კერა“, არამედ ისევ დარჩება, როგორც სავალდებულო “თავშესაფარი”, სადაც მოსწავლეებს უწევთ ფორმალობების გავლა.
მინდა ვცდებოდე, მაგრამ ეს ცვლილება დღეს უფრო ფორმალისტურია.
ასევე იხილეთ:
„რაც უფრო მალე დაასრულებენ ბავშვები და ახალგაზრდები ამ სიყალბეში „სწავლას“, მით უკეთესი მათთვის“
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი