მოსწავლეებში 13 წლიდან თამბაქოს მოხმარების დაწყების მაჩვენებელი კვლავ მაღალია – NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები გამოიკვლია. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში 13 წლის ასაკში თამბაქოს მოხმარების დაწყების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, მაგალითად თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობას და თამბაქოს სიცოცხლის მანძილზე მოხმარებას, კლება შეინიშნება. მოსწავლეებში მზარდია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ტენდენციაც, რომელთა უმეტესობაც ნიკოტინს შეიცავს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD) მეთოდოლოგიით სკოლის მოსწავლეების კვლევა 2019 წელს ჩაატარა და შედეგები ახლახანს გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში შერჩეული იყო (მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევა) 280 (245 სახელმწიფო და 35 კერძო) სკოლა. მონაწილეობდა 279 სკოლა (245 სახელმწიფო და 34 კერძო) და 543 (485 სახელმწიფო და 58 კერძო) კლასი. მონაწილეობაზე უარი თქვა მხოლოდ 1-მა კერძო სკოლამ (0.36%). კითხვარი იყო ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, მონაწილეობა მიიღო 3092-მა თექვსმეტი წლის მოსწავლემ.
თამბაქოს ხელმისაწვდომობა
მოსწავლეთა 44.2%-მა (ბიჭები – 47.5% და გოგონები – 41.2% განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია. მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. ამ წელს ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 60% იყო ანუ 4 წელში ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი შემცირდა 15.8%-ით (ბიჭებში 13.5%; გოგოებში 17.8.%); ESPAD 2019-ის საშუალო მაჩვენებელი, ანუ კვლევაში მონაწილე ევროპის 35 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი 60%-ია. 50%-ზე ნაკლები მაჩვენებელი არის მხოლოდ 6 ქვეყანაში და მათ შორისაა საქართველო.
თამბაქოს მოხმარება უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში
მოსწავლეთა 12%-მა განაცხადა, რომ მოწია უკანასკნელის 30 დღის განმავლობაში. მაჩვენებელი ბიჭებში (17%) ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გოგონებში (7%).
2015 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა ისეთი ბიჭების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც თამბაქო საერთოდ არ აქვს მოწეული.
თამბაქოს მოხმარების დაწყების ასაკი
მოსწავლეთა 21%-მა მოწევა (ბიჭების 28% და გოგონების 14%) 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 3%-მა (ბიჭების 4% და გოგონების 1%) ამავე ასაკში დაიწყო ყოველდღიური მოწევა.
ელექტრონული სიგარეტი
ელექტრონული სიგარეტის ოდესმე მოხმარება – 33% (ბიჭების 43%, გოგონების 25%). ელექტრონული სიგარეტი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში – 7% (ბიჭების 11% და გოგონების 4%).
2015 წლის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ახალგაზრდების წილი, რომელთაც ერთხელ მაინც აქვს მოწეული ელექტრონული სიგარეტი როგორც ბიჭებში ისე გოგონებში.
9%-მა (ბიჭების 13% და გოგონების 5%) ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოწია. 2%-მა (ბიჭების 3% და გოგონების 1%) ყოველდღიურად გამოყენება დაიწყო ამ ასაკში. ელექტრონული სიგარეტის მოხმარება დაიწყო: 24% – ცნობისმოყვარეობისთვის; 4% – მეგობრების შეთავაზებით, 2% – თამბაქოსთვის თავის დასანებებლად
ჩილიმი
მოსწავლეთა 5%-მა (ბიჭების 7% და გოგონების 4%) ჩილიმი მოწია უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში; 8%-მა (ბიჭების 11% და გოგონების 6%) უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და 11%-მა (ბიჭების 14% და გოგონების 8%) 12 თვეზე ხანგრძლივი პერიოდის წინ. მოსწავლეთა 75%-მა აღნიშნა, რომ არასოდეს მოუხმარია ჩილიმი. 2015 წელთან შედარებით, ბიჭების მნიშვნელოვნად დაბალ წილს აქვს მოხმარებული ჩილიმი.
გახურებადი თამბაქო
მოსწავლეთა 8%-ს ოდესმე მოუხმარია გახურებადი თამბაქო. 3%-მა (ბიჭების 3% და გოგონების 2%) გახურებადი თამბაქო მოიხმარა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. გახურებად თამბაქოზე კვლევა 2019 წელს პირველად ჩატარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა განახორციელა: თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევა: თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD); ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონის კვლევა და საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ინდექსის კვლევა. გამოვლენილ ტედენციებთან დაკავშირებით უწყებამ შეხვედრა ონლაინ ფორმატში გამართა.
მიღებული მონაცემებით, საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან (2016) 28.2%-მდე (2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში (ESPAD) 18%-დან (2015) 12%-მდე შემცირდა (2019). კვლევის თანახმად, მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსში. თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსის კვლევის შედეგების მიხედვით 57 ქვეყანას შორის 77 ქულით საქართველო ბოლოდან მე-6 ადგილზეა.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE