,,ნაეკი” საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოთხოვნებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
,,გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებზე პასუხს მოსწავლეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრისაგან უახლოეს დღეებში მიიღებენ. განცხადებათა უმეტესობა (98%) ქულის მომატების/”დამრგვალების”, ასევე გამოცდის გადაბარების თხოვნაა, ან ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
როცა მოსწავლე ვერც ერთ კითხვას ვერ გასცემს სწორ პასუხს, 5.0 ქულას მაინც მიიღებს (შეფასება 5.0-დან იწყება), ზღვრის დასაძლევად მას მხოლოდ 5.5 ქულის მიღება სჭირდება, რაც სიმბოლური ბარიერია. ამ ქულის მიღება დაახლოებით 15 უმარტივეს კითხვაზე სწორი პასუხითაა შესაძლებელი. ბარიერის თუნდაც მინიმალურად დაწევა გამოცდის გაუქმების ტოლფასი იქნება, რადგან სისტემა მინიმალურ კომპეტენციასაც ვეღარ შეამოწმებს.
რაც შეეხება ინტერნეტის სიჩქარეს, რომელსაც მოსწავლეები შეფერხებას, ხარვეზს ან ე. წ. “გაჭედვას” უწოდებენ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ტესტის დავალების ეკრანზე მიღება ან პასუხის დაფიქსირება ინტერნეტის სიჩქარის გამო მხოლოდ რამდენიმე წამით შეიძლება შეყოვნდეს. აღნიშნული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ არც საგამოცდო დროზე და, მით უმეტეს, არც შედეგზე არანაირად არ აისახება.
მოსწავლეები, რომლებმაც 2016 წლის მაისში რომელიმე საგანში ვერ დაძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ამ კონკრეტული გამოცდის ჩაბარებას ერთი წლის შემდეგ შეძლებენ – ეს ინფორმაცია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის თავიდანვე ცნობილია ხოლმე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე