„ნოდარი მასწავლებლის სიდიდე რომ არ ვიცოდი – გული მეტკინა“ – გულისამაჩუყებელი მოგონება გეოგრაფიის პედაგოგზე
ავტორი: დინა მირცხულავა, ფილოლოგი (2024 წელი, 9 აგვისტო.)
„სკოლაში გეოგრაფიას ნოდარ ფეიქრიშვილი მასწავლიდა.
ეს უზადოდ თავშეკავებული და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი ჩვენს ბავშვურ გამოხტომებს და სიცელქეს ოლიმპიური სიმშვიდით უყურებდა და სულ მიკვირდა, რანაირად შეუძლია მეთქი ასე, რომ ჩვენს კლასზე “ნაწყენმა” მეორე წუთას გრძელი ჯოხი აიღოს, დაფაზე ჩამოკონწიალებულ გაცრეცილ გეოპოლიტიკურ რუკასთან მიიტანოს და გაკვეთილი ამ სიტყვებით დაიწყოს:
– რუკის წაკითხვა უნდა შეგეძლოთ, ბავშვებო …
წლები გავიდა, სკოლიდან გავფრინდით და ნოდარი მასწავლებელი სკოლის მოგონებების ერთ ფურცელს შევატოვეთ.
უნივერსიტეტში ყოფნისას საქართველოს ერთი – ერთი პერიოდის შესწავლის მომენტში, სურათის უკეთ გასაგებად ისტორიკოსმა დათო ჩიტაიამ გეოპოლიტიკური რუკა შემოიტანა და საუბარი ასე დაიწყო:
რუკა შედგენილია ჩვენი დროის უდიდესი კარტოგრაფის ნოდარ ფეიქრიშვილის მიერ და ეს დიდი … არა, უდიდესი ბედნიერება და ფუფუნებაა ჩვენს თანამედროვეობაში.
რამდენიმე წამიანი გაშეშების მერე წამოვიყვირე:
– ჩემი მასწავლებელი იყო ძეგვის სკოლაში!
– რა ბედნიერი ყოფილხარ, ცხოვრებას რამხელა შანსი მოუცია შენთვის – მხოლოდ ეს მითხრა პროფესორმა და თემა განაგრძო.
სკოლაში დავბრუნდი და ბავშვობის მოგონებები ამოვქექე, გეოგრაფიიის ყველა გაცდენილი გაკვეთილი შემენანა.
ნოდარი მასწავლებლის სიდიდე რომ არ ვიცოდი – გული მეტკინა.
მერე ვერსად შევხვდი, რომ ეს ამბავი მომეყოლა და ბოდიში მომეხადა.
მაგრამ იმ შემთხვევამ ძალიან დიდი ცხოვრება მასწავლა.
ამ ცხოვრებას – შენს გზაზე შემხვედრი იღბალი ჰქვია, ადამიანების სახით რომ მოდიან და უნდა “გამოიყენო”, თანაც ისინი ხომ საკუთარ ცოდნას ასე უსასყიდლოდ და ალალად ანიავებენ.
ამ უცხოობაში, ამ უენობაში სწორედ ნოდარი მასწავლებელი მეხმარება, ვცდილობ ჩემს გზაზე შემთხვევით თუ მიზანმიმართულად გამოჩენილი ადამიანები დავაფასო, მათი სიდიდე გავიგო და რაც შეიძლება, მეტი ვისწავლო, მეტი “გამოვტყუო”….
პროფესორებს, ექიმებს, ექთნებს კუდში დავყვები და ათას კითხვას ვუსვამ, არ მინდა დარჩენილ ცხოვრებაში ნოდარი მასწავლებელი გამომრჩეს სადმე.
და ბედნიერი დავყურებ ხოლმე მერე საკუთარ დახასიათებას, სადაც გაკრული ხელით მიაწერენ: Élevè est curieuse ! (სტუდენტი ცნობისმოყვარეა).
მადლობა, ნოდარი მასწავლებელო!“ 💕
ასევე იხილეთ:
„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე
- „რომ აპატიებ და მაინც რომ გახსოვს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- „დღემდე მესიზმრება სკოლა“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- ზედსართავი და რიცხვითი სახელების მართლწერა – სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by განათლებული ბლოგი