„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე
ავტორი: ნინო ხარაიშვილი, მასწავლებლის განათლების მაგისტრი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩნის დაწყებითი სკოლის წამყვანი მასწავლებელი. სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.
მასწავლებლობა ჯადოსნური პროფესიაა, მით უფრო, თუკი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ასწავლი და შენი სკოლა პატარა რაიონის პატარა სოფელშია.
თითქოს მართლა ჯადოქარი ხარ, ამ პატარა ანთებულ თვალებს დღე რომ უნდა გაუფერადო, გაულამაზო და თან ასწავლო. პატარა სოფლებში სხვანაირი სკოლებია, სხვანაირი ბავშვებითა და მასწავლებლებიც, უნებურად, სხვანაირები ვხდებით.
ჩვენ ერთად ვეძებთ სკოლის ეზოში ხეებიდან ჩამოცვენილ კაკლებს… ერთად გვიხარია, თუკი რომელიმე დედიკო ქალაქიდან ან რაიონიდან განსხვავებულ ტკბილეულს ამოიტანს, რადგან ის ტკბილეული მერე სკოლაში მოაქვთ პატარებს და ერთმანეთის გარდა, მასწავლებლებსაც გვინაწილებენ. ამით ხომ ყველაზე მთავარს სწავლობენ, ნებისმიერ ცოდნაზე აღმატებულს და ღირებულს -იყვნენ კარგი ადამიანები… მერე რომელიმე მომიახლოვდება მორიდებით და ხელში ჩუმად მიდებს ორ ცალს, საგანგებოდ შენახულს ჩემი პატარა შვილებისთვის. ასეთები არიან, იმაზეც კი ფიქრობენ, რომ სახლში წავუღო შვილებს…
მეც ვფიქრობ, რა ცოდნა მივუტანო, რა გავატანო, როგორ მივაწოდო, რომ მერე მთელი ცხოვრება ტკბილ მოგონებად წაჰყვეთ, გონებაში აღებეჭდოთ და როცა გაუჭირდებათ, ამ მოგონებების სიტკბომ გაუფერადოთ მძიმე წუთები. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ბავშვობიდან კი არ მოვდივართ, ეს ბავშვობა მუდმივად თან დაგვყვება… მე დღემდე მახსოვს, როგორი იყო ჩემი დაწყებითის მასწავლებელი. დღემდე ისეთი სამკაულები მომწონს, მას რომ ეკეთა, უნებურად მომწონს, რადგან ისე მიყვარდა, ყველაფერი ისეთი შემიყვარდა, მას რომ ჰქონდა და ეს ვერ გაახუნა დრომ, ვერც შეცვალა, იმდენად მტკიცეა… მეშინია, რამე ისეთი არ შემეშალოს ამ ნამცეც ადამიანებთან, დაღს რომ დაასვამს მათ სათუთ სულს. ორად ორი პროფესიაა, რომლებში დაშვებული შეცდომაც ადამიანს ღუპავსო, -მასწავლიდნენ უნივერსიტეტში, -ექიმობა და მასწავლებლობა. ექიმის მიერ დაშვებული შეცდომა მყისიერად ღუპავს ადამიანს ხორციელად, მასწავლებლის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგებს კი წლების მერე ვიმკით.
ნეტავ რას ნიშნავს კარგი მასწავლებლობა? თეორიების ცოდნას, მეთოდთა ნაირსახეობების ფლობას?! როგორია კარგი გაკვეთილი? შეიძლება, ცარცისა და დაფოს გარდა არაფერი გამოიყენო, მაგრამ ისეთი გაკვეთილი ჩაატარო, გონებიდან რომ არ ამოუვათ ბავშვებს… არ ვიცი, ვფიქრობ… ვფიქრობ და ვცდილობ, ვისწავლო… ვცდილობ ვისწავლო მხოლოდ ბავშვებთან კი არა, თითოეულ მშობელთან კომუნიკაციის შემდეგ… ისინი ხომ მოლოდინით სავსე თვალებით მიყურებენ, რას ვეტყვი მათთვის ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფას ადამიანებზე.
როდესაც ჩემი პატარა შვილები დედას მეძახიან, გულის კუნჭული მინათდება. ზუსტად ასეთი ჯადოსნური სიტყვებია ჩემთვის „ნინო მასწავლებელო“, სიამაყით და სითბოთი რომ მავსებს.
წარმოუდგენლად დიდია პატივი მასწავლებლობისა, მაგრამ უდიდესია პატიჟიც. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მასწავლებლობას არ აქვს სამუშაო საათები, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მასწავლებელი ხარ, ყველგან მასწავლებელი ხარ, სადაც არ უნდა იყო. მასწავლებლობას დაწერილთან ერთად დაუწერელი კანონებიც აქვს, ერთი კი ყოველთვის უცვლელია – უნდა გიყვარდეს ბავშვი. უნდა გიყვარდეს და სხვა ყველაფერი თავისით მოვა. სიყვარული იმდენად მრავლისმომცველია, თავად წარმოშობს იდეებს, სიყვარულით მოცული გონება სხვაგვარად მუშაობს.
ისევ იქ ვბრუნდები, ჩემს ფიქრებში, სანამ გაკვეთილი დაიწყება, რას ნიშნავს კარგი მასწავლებლობა? გენიალურმა მიხეილ თუმანიშვილმა თქვა, რომ კარგი რეჟისორობა სპექტაკლის კარგად დადგმა კი არაა, არამედ ისაა, სპექტაკლის დაუდგმელობა რომ არ შეგიძლიაო.
ალბათ, ასეა.. კარგი მასწავლებელი ისაა, ვისაც არ შეუძლია, გაკვეთილი რომ არ ჩაატაროს.
=
რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება