GE

ომბუდსმენმა „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ მხრიდან არასრულწლოვნის ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველმა შპს „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ მხრიდან, არასრულწლოვნის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

2020 წლის აპრილში ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR-ს) არასრულწლოვანი დათას დედა იურიდიული დახმარებისთვის დაუკავშირდა. დათას ძალიან უნდოდა შპს „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ საზაფხულო ბანაკში მიეღო მონაწილეობა. გამომდინარე იქედან, რომ დათას აუტისტური სპექტრის შეზღუდვა აქვს, დედამ სკოლას მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ აცნობა, რაზეც სკოლის მხრიდან თანხმობა მიიღო, თუმცა საზაფხულო ბანაკში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე დათას ბანაკში გამგზავრებაზე უარი ეთქვა. დედამ სამართლებრივი დახმარებისთვის PHR-ს მიმართა, რომელმაც საჩივარი მოამზადა და განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტს მიმართა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა შპს „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ მხრიდან, არასრულწლოვანი დათას მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

ირიბი დისკრიმინაცია აღნიშნულ საქმეში გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის გონივრულ მისადაგებაზე უარის ფორმით. სახალხო დამცველმა სკოლას შემდეგი რეკომენდაციები გაუზიარა: მომავალში, ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოთ თქვენ მიერ შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოთ იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური