პარლამენტში თარჯიმანთა სერტიფიცირებისა და „ნაფიცი თარჯიმანის“ დამკვიდრებაზე კანონპროექტს განიხილავენ
„საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაცია“ ქვეყანაში პროფესიონალი თარჯიმნების რეესტრის შექმნას და ზოგადად სფეროს რეგულირებას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი ორგანიზაციას პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე „თარჯიმნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.
თარჯიმანთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მთარგმნელობით სფეროში ძალიან ბევრი დარღვევა არსებობს, ამიტომ მომხმარებლების და სპეციალისტების უფლებების დასაცავად რეგულაციების შემოღება აუცილებელია.
„ჩვენი პროფესია რეგულაციებს ითხოვს, რადგან მთარგმნელობით სფეროში ადგილი აქვს რიგ დარღვევებს: ირღვევა ჩვენი შრომითი უფლებები, ადგილი აქვს ჩვენს პროფესიულ დისკრიმინაციას და ჩვენი ღირსების შელახვას.
მთარგმნელობით სფეროში უკონტროლობის და განუკითხაობის ფონზე, ფინანსურად და მორალურად ზარალდება ერთის მხრივ კლიენტი, მეორე მხრივ პროფესიონალი თარჯიმანი. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოხდეს ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა, სადაც ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებია მოცემული:
1) თარჯიმანთა და თარგმანთა ერთიანი რეესტრის შექმნა
2) თარჯიმანთა სერტიფიცირება, ლიცენზიის გაცემა და თარჯიმნის სტატუსის მინიჭება
3) ტერმინი „ნაფიცი თარჯიმნის“ დამკვიდრება
4) ხელმოწერების ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლა
5) თარჯიმნის ხელმოწერის და ბეჭდის დაფიქსირება და მათთვის იურიდიული ძალის მინიჭება
6) თარგმანის საფასურის უნაღდო ანგარიშსწორება და სახელფასო საბარათე სისტემაზე გადასვლა.
თარჯიმნების აღრიცხვა და მათი გაერთიანება „საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციაში“ გაუადვილებს კლიენტს კვალიფიციური მთარგმნელობითი მომსახურების მიღებას. ასოციაცია იზრუნებს წევრი თარჯიმნების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩატარდება ტრენინგები, კონფერენციები, შეკრებები. ასევე მოსამზადებელი კურსები თარჯიმანთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. თარჯიმანთა მსოფლიო ფედერაციის (FIT) წევრობა ასოციაციას საშუალებას მისცემს გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოში დანერგოს ევროპის ქვეყნების გამოცდილება“, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE