პარტიები განათლების პროგრამის გარეშე – „გირჩი“ პროგრამას არ წერს, ელისაშვილის „მოქალაქეები“ კი ჯერ პრეზენტაციას გეგმავენ
31 ოქტომბერს საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს. პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა დასარწმუნებლად 15 დღეზე ნაკლები დარჩათ. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტი მკვეთრად მაღალია და ამდენად, ამ ადამიანების დარწმუნება პოლიტიკურ გაერთიანებებს სწორად გათვლილი დაპირებებისა და გეგმის საფუძველზე შეუძლიათ.
მიუხედავად ამისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პარტიებიდან საკმაოდ მცირედს აქვს წინასაარჩევნო პროგრამა თუ ქვეყნის მოწყობის თავიანთი ხედვები დოკუმენტის სახით წარმოდგენილი.
პროგრამაში ჩვენი და ჩვენი მკითხველის ინტერესი, ცხადია, განათლების მიმართულებას უკავშირდება, თუმცა არიან ისეთი პარტიებიც, ვისთვისაც განათლება არც ამომრჩეველთან შეხვედრებზე და სხვა საჯარო გამოსვლებშია პრიორიტეტული და შესაბამისად, მათ მიმართ ინტერესიც ნაკლებია. თუმცა არსებული პარტიებიდან არის რამდენიმე, რომელთა ლიდერების გამოსვლებშიც ისმის, რომ დიახ, განათლება და განათლების რეფორმა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთების რიცხვშია პარტია „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“.
სამწუხაროდ, „გირჩის“ დეტალურ ხედვას განათლების მიმართულებით დოკუმენტის სახით მკითხველს ვერ შევთავაზებთ, ვინაიდან როგორც პარტიაში განგვიმარტეს, ისინი წინასაარჩევნო პროგრამას არ წერენ და ცხადია, არც განათლების მიმართულების ხედვების წარმოდგენა შეუძლიათ დოკუმენტის სახით.
იხილეთ პოლიტიკური პარტიების ხედვები განათლებაზე
რაც შეეხება კიდევ ერთ პარტიას – „მოქალაქეები“, ორგანიზაციამ უკვე დაასახელა ათეულიც, თუმცა მრავალი ღიად გაცხადებული დაპირების მიუხედავად, ჯერ ისევ არ გაუმართავს პროგრამის, მათ შორის განათლების მიმართულების პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების პროგრამები და ხედვები განათლების მიმართულებით EDU.ARIS.GE-ზე უკვე განთავსებულია, პარტიების ნაწილი დამატებით კითხვებსაც პასუხობს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამომრჩევლის ინტერესი სხვა პარტიებისგანაც უნდა დაკმაყოფილდეს და ჩვენ ღია ვართ კომუნიკაციისთვის.