GE

რა კითხვებს ვერ პასუხობს განათლების პროგრამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველო“

როგორც ცნობილია, EDU.ARIS.GE-ზე შეიქმნა სპეციალური სივრცე edu.aris.ge/elections2020, სადაც განთავსებულია პოლიტიკური პარტიების პროგრამები და წინასაარჩევნო ხედვები განათლების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა პარტიებსა და მათ ლიდერებს განათლებასთან დაკავშირებული კითხვებით მივმართეთ და მათი პასუხებიც გამოვაქვეყნეთ, პროცესი ისევ გძელდება.

პარტიებთან კომუნიკაცია საინტერესოა ჩვენი მკითხველისთვის და სასარგებლოა პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინაიდან მივეცით შესაძლებლობა უშუალოდ სამიზნე აუდიტორიას ესაუბრონ და კიდევ უფრო ნათლად აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

პროგრამის შესაბამისი კითხვები გაეგზავნა პარტიას „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (იხ. პროგრამა) თუმცა პასუხები არ მიგვიღია და ვინაიდან გვსურს მკითხველი არ დავტოვოთ ინფორმაციის გარეშე, წარმოგიდგენთ კითხვებსა და საკითხებს, რაზეც პარტიამ პასუხები ვერ გასცა:

EDU.ARIS.GE: პარტია „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში განათლების ნაწილში ვკითხულობთ – „2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოდ გამოყოფილი თანხის რაოდენობა“.

მაგალითად, „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა 2014 წლიდან დღემდე შემცირებული არ არის და 4100000 ლარს უდრის წელიწადში (2015 წლის გარდა).

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი გაანგარიშება წლების მიხედვით, რომელ კონკრეტულ სტუდენტურ სტიპენდიებს (წახალისებას) ეხება თქვენი განცხადება? მუნიციპალიტეტის, სახელობითი, საუნივერსიტეტო, სხვა?

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: პარტია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში განათლების ნაწილში ვიგებთ, რომ 2020 წლის მონაცემებით 19 874 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული ფინანსური დავალიანების გამო.

პარტია „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში აპირებთ თუ არა ამ ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტების სტატუსის გადახედვას? თუ აპირებთ, გთხოვთ, გვითხარით რა პრინციპით და რამდენ სტუდენტს შეეხება ეს სავარაუდოდ?

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, საშუალოდ რა მოსწრება და აკადემიური შედეგები ჰქონდათ ამ სტუდენტებს სტატუსის შეჩერებამდე?

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: პარტია „ევროპული საქართველოს“ მონაცემებით, პროფესიულ სასწავლებლებში, 2017 წელს ჩარიცხული სტუდენტების თითქმის ერთ მესამედს (29%), 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა.

მოცემული დებულებებიდან, გთხოვთ, შეარჩიეთ მხოლოდ ერთი, რომელიც უფრო ახლოს არის პარტიის ხედვებთან იმ პრობლემებზე, რომლებიც დღევანდელ პროფესიულ განათლებაშია:

ა) პროფესიული განათლების სტუდენტების ნაკლები კვალიფიკაცია;

ბ) დამსაქმებლის ნაკლები სურვილი კვალიფიციური შრომის სათანადო ანაზღაურების.

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: პარტია „ევროპული საქართველოს“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რამდენ წელიწადში ხედავთ განათლების ნაწილში თქვენი ხედვების შესრულებას? ოთხი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, რომელ ადგილზე ხედავს პარტიის ლიდერი საქართველოს ადგილს PISA-ს და PIRL-ის კვლევებში? ასევე, რამდენ ქართულ უნივერსიტეტს ხედავს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში THE-ს, QA-ს, US NEWS-ისა და ARWU-ს რეიტინგში?

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, ვინ იქნება თქვენი კანდიდატი(ები) (გვარი და სახელი) საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე?

პარტიისგან პასუხი არც ამ კითხვაზე მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: პარტიისთვის რომელ ადგილზეა განათლების განვითარება პრიორიტეტით სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის? ასევე, გთხოვთ, ჩამოგვითვალოთ თქვენი პრიორიტეტების პირველი სამეული.

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

განათლება – ევროპული საქართველო (№2)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური