პედაგოგი: მადლობა ყველა ბავშვს, ვინც ბარიერს გადასცდა, ვინც თავის თავს აჯობა და სასწაული შედეგი დადო
ინგლისური ენის სპეციალისტი და პედაგოგი, ნია თხელიძე, 2022 წლის აბიტურიენტთა უცხოურ ენაში მიღებულ შედეგებს ეხმიანება და საკუთარ წერილში მადლობას უხდის თითოეულ იმ აბიტურიენტს, რომლებსაც არ მიუღიათ უმაღლესი ქულები, მაგრამ აჯობეს საკუთარ თავებს:
„დღეს ტელეფონი არ დამიდია …
– Ms. Nia, იცით რა მაგრად ვწერე?
– აუ, ისეთი იდიოტობები შემშლია, მაგრამ ჰუ ქეააარზ? მორჩაა…
– მეცხრე კლასში, მახსოვს, ეს თემა თქვენთან რომ გავიარეთ …
– მას, ძან ცუდი ხომ არაა 77 ?
– წელს მე არ გავსულვარ, გეფი ავიღე, მაგრამ ჩვენებმა იცით რა მაგრად დაწერეს?
ეს “მაგრად” ზოგისთვის 60-ია, ზოგისთვის 80 და ზოგისთვის სულაც ბარიერი.
სასწაული შეგრძნებაა, როცა საკუთარი აბიტურიენტები 75+ ქულებით გირეკავენ, მაგრამ მაინც მეუხერხულება ამ ქულების ფრიალი როცა ძალიან ბევრი 60 ან 50 ან 40 ქულიანი ბავშვების სახელები არსად არაა გაჟღერებული. ვისაც არ ჰქონდა ე.წ. კერძო რეპეტიტორის ფუფუნება და არც classroom teacher – ში გაუმართლა. ან ორივე ჰყავდა, მაგრამ არ არის ეს უცხო ენა მისი ძლიერი მხარე და მოკალი.
ერთ-ერთ ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, სადაც მთელი დღე იპოსტებოდა იმედგაცრუებული აბიტურიენტების წერილები, თუ როგორ აწყენინეს დედას და მამას დაბალი ქულით, თუ როგორ აიკლეს ნათესავებმა, რომ ჟუჟუნას შვილიშვილმა 80 აიღო და რა ქნა შენმა. სასწაულად ვსტრესავთ ჩვენ ბავშვებს, განა ვინმე სხვა, ჩვენ.
ჩემი ბიძაშვილი იყო წელს აბიტურიენტი, რომელიც ინგლისურზე ცუდად გახდა და სასწრაფომ გაიყვანა. ისიც არ ახსოვდა საერთოდ რამე დაწერა თუ – არა. ისე, რომ არც ვიმჩნევდით, ყველა მაინც დაძაბული ველოდებოდით ამ დღეს. რომ გათენდა დილიდან მისი ოთახის ფანჯარას ვუყურებდი, აბა, რას გამოგვძახებს და უცბად უბედნიერესმა გამოგვყვირა, 40 ავიღეო და მეეჭვება მაღალ ქულიან ოჯახებში ისეთი ბედნიერების ყიჟინის ხმა ყოფილიყო, როგორც – ჩვენთან ამ ქულაზე.
ჰოდა, მადლობა ყველა ბავშვს, ვინც ბარიერს გადასცდა, ვინც თავის თავს აჯობა და სასწაული შედეგი დადო, ვინც მაქსიმუმიდან მაქსიმუმი აიღო, ვინც ისე ინერვიულა, რომ c1 დონეზე რომაა, b2 ძლივს აჩვენა გამოცდაზე. კარგი იქნება, თუ დავიმახსოვრებთ, რომ სტრესთან გამკლავების გზებს მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ დამამთავრებელი კლასი პირველი ყველაზე დიდი შეჯახებაა იმ ენით აღუწერელ სტრესთან, რომლიდანაც კიდევ კაი ხანი ვერ გამოდის ზოგი.
არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ბავშვებს, ვინც ე.წ. Gap year აიღო. სასწაულად გამეხარდა ამ გადაწყვეტილებების გაზიარება, იმედი მაქვს, რომ დიპლომების ასაღებად წინასწარ განსაზღვრული ასაკის ფენომენი მალე მოიშთობა და ყველა მაშინ ჩააბარებს, როცა იგრძნობს ამის მზაობას და მხოლოდ იმაზე ჩააბარებს, რაც მას აინტერესებს და არა – ვინმე სხვას.
პ.ს. სულ ვუყვები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს – პირველად IELTS გამოცდაზე რომ გავედი, დარწმუნებული ვიყავი, რომ 9-ს ავიღებდი. სხვებისგანაც იგივე მოლოდინი იყო. გამოცდიდან რომ გამოვედი უგონოდ კმაყოფილი, გზაში მივხვდი, რომ საერთოდ სხვა თემა დავწერე, ანუ თემას საერთოდ ავცდი. „მოთქმა ხმითა თავ ბოლო ერთი“ მქონდა გამართული ალბათ, ერთი კვირა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით ქვეყანა არ დაქცეულა (გამსვლელი ქულა კი გამომივიდა სხვა „სქილების“ ხარჯზე, მაგრამ დავაქუცმაცე ის ფურცელი), ის უნივერსიტეტები აღიარებდნენ ჩემს საბოლოო ქულას და არ იყო საჭირო „I am too cool“ მზერით სტიპენდიის ინტერვიუზე გასვლა. მერე კიდევ მილიონჯერ გვეძლევა შანსი, გამოვამჟღავნოთ ჩვენი შესაძლებლობები და ე.წ. სიკარგე. მთავარია, სიზარმაცეს არ მივცეთ ჩვენზე გაბატონების უფლება.
ჰოდა, წარმატებები ბავშვებო! არ გამოგივიდათ წელს? რისთვისაა შემდეგი წელი? სხვა უნივერსიტეტი გინდოდათ და დაგაკლდათ ქულები? ყოველ წელსაა მობილობის გამოცდები, ასე რომ, მთავარია, მოინდომოთ. მაქსიმალური აიღეთ ყველა გამოცდაში და მხოლოდ ერთგან დაგაკლდათ ერთი ქულა და ნერვები გეშლებათ? ფრთხილად, პერფექციონიზმი არცთუ ისე სახარბიელო თვისებაა, რომელიც ძალიან, ძალიან, ძალიან ართულებს (უაზროდ) ბევრ რამეს. ასე რომ – take it easy, kiddo“.
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები
- „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამათავისუფლეს“ – სკოლის დირექტორის მიმართვა მოსწავლეებსა და მშობლებს by სოციალური ქსელები
- „იმედია, შეფასება სასკოლო სისტემის ნაწილი აღარ იქნება – დღევანდელ გაკვეთილზე შენ დაიმსახურე უმაღლესი შეფასება…“ by სოციალური ქსელები