„საერთოდ ქრება მომავალი დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესია, თუ როგორ ვართ? სად ვართ?“
დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლეებლო პროგრამა მთავრობის მიერ დამტკიცებული და 12 თებერვალს გამოქვეყნებული პროგრამების ჩამონათვალში არ იძებნება.
ამ გარემოებას ეხმიანება დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნათია უჩავა საკუთარ Facebook გვერდზე 16 თებერვალს და განათლების რეფორმის ავტორების საყურადღებოდ კონკრეტულ კითხვებსაც სვამს:
„დაწყებითი კლასის მასწავლებლებზე მინდა ვისაუბრო, რომლებიც რატომღაც ყოველთვის ხელწამოსაკრავები არიან.
ასეთი მითი არსებობს: „დაწყებითი კლასები ყველაზე ადვილია”. ალბათ ამ მითის მას სჯერა, ვისაც დაწყებითი კლასი მხოლოდ 2+2 -ის სწავლება ჰგონია, ან წერა-კითხვის… თუმცა, ეს უკანასკნელი რომ მივანდოთ, დიდი ეჭვი მაქვს, ნახევარი თავს ვერ გაართმევს.
დაწყებით კლასებს თავისი სპეციფიკა აქვს და განსხვავებულია სხვა საფეხურისგან.
დაწყებითი საფეხური სკოლის ფუნდამენტია და დღეს საჯარო სკოლებში, თუ რომელიმე საფეხური მაღალ დონეზე მუშაობს და ასრულებს საკუთარ მოვალეობას, ეს პირველ რიგში სწორედ დაწყებითი საფეხურია (პირველ რიგში თქო, ანუ არ გამოვრიცხავ, რომ სხვა საფეხურებიც მუშაობდნენ). ეს არაა მხოლოდ ჩემი აზრი.
მთავარ სათქმელს რომ არ ავცდე, მივუბრუნდები დაწყებითი კლასის მასწავლებლების მნიშვნელობას.
დაწყებითი საგნის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ოთხი წელი ვისწავლე, მაძლევდა იმ თეორიულ ცოდნას, რომელიც პრაქტიკაში დაგვჭირდებოდა: პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს, სწავლებისა და აღზრდის მეთოდებს. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაწყებით კლასში ერთმა სპეციალისტმა (დაწყებითი განათლების) ასწავლოს შესაბამისი საგნები? იმიტომ, რომ დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის სტაბილური და სანდო ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს, მის შინაგან სამყაროს სწავლობს, ყველა საგანზე ცდილობს განუვითაროს მოსწავლეს ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც მას სჭირდება.
საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში არ ამართლებს!
მთლიანობის განცდა დარღვეულია საგნობრივი სწავლების დროს, განსაკუთრებით პირველ კლასში. წარმოიდგინეთ, როგორი ემოციური პერიოდია და ამ დროს ყველა საგანზე სხვადასხვა მასწავლებელი შედის თავისი ხასიათით, მოთხოვნებით, მიდგომებით…
საერთოდ, რატომ მოიფიქრეს დაწყებითები, თუ საგნობრივი სჯობდა?
მოსწავლეზე თუ ვფიქრობთ, ასეა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული. მოსწავლეზე თუ ვფიქრობთ-მეთქი… კიდევ დავწერ ხაზგასმით.
და რა ხდება დღევანდელ რეალობაში? უნივერსიტეტების ჩამონათვალში საერთოდ გამოშიგნულია ფაკულტეტები, მათ შორის მე პირადად ვერ ვიპოვე დაწყებითი განათლების პროგრამა. (თუ თქვენ მიპოვით, მეტყვით რომ დატოვებულია, პროგრესისკენაა შეცვლილი მხოლოდ გამიხარდება და აღარ ვინერვიულებ.) აღარაა საჭირო? რის ნიადაგია საგნობრივი სწავლება? საერთოდ ქრება მომავალი დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესია, თუ როგორ ვართ? სად ვართ?
ისე, დაწყებითი საგნის მასწავლებლები რომ ყველაზე მეტად დავიჩაგრეთ ახალი სახელფასო პოლიტიკის დროს და გადავყლაპეთ უსიტყვოდ, ახლაც ასე იქნება? სავარაუდოდ, კი.
ხელწამოსაკრავები აბა რისთვის ვართ?!
პ.ს. პროფესია, ბავშვები, სკოლა რომ გვიყვარს, ამაზე მოდი ნუ ვიდავებთ და თავს ნუ შევიქებთ. ამიტომ ვართ წლები სკოლაში. აქ საუბარია იმაზე, რომ ვქრებით ნელ-ნელა და უკუსვლით მივდივართ“.