GE

პიროტექნიკით ახალი წლის დღეებში ათეულობით ბავშვი დაშავდა

ახალი წლის აღნიშვნის მიზნით პიროტექნიკის გამოყენებამ კვლავ დააზიანა ადამიანთა ჯანმრთელობა. ზოგმა ხელის თითები დაკარგა, ზოგმა მხედველობა დაიზიანა…

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას ახალი წლის ღამეს ექვსმა არასრულწლოვანმა მიმართა, რომლებსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ. ბავშთა კლინიკის ყველაზე პატარა პაციენტი 7 წლის არის. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი 10 წლის გოგონას აქვს, რომელსაც ორივე მტევნის კომბინირებული დაზიანება აღენიშნება. დაზიანება მოიცავს მტევნის დამწვრობას, მყესებისა და კუნთების გაგლეჯას, ასევე სხვადასხვა ძვლის მრავლობით მოტეხილობებსა და რამდენიმე თითის ამპუტაციაც მოხდა პიროტექნიკის აფეთქების მომენტშივე. შესაბამისად, ექიმების თქმით, მტევნის მთლიანობის სრული აღდგენა შეუძლებელი იყო. მსგავსი დაზიანებები იყო მარცხენა მტევანზე 10 წლის სხვა პაციენტის შემთხვევაშიც.

31 დეკემბრიდან ათეულობით პაციენტს მოემსახურა თბილისის დამწვრობის ცენტრიც. აქედან ორ შემთხვევაში, რვა და ცხრა წლის ბავშვებს სერიოზული დაზიანებები აქვთ. პატარებს დამწვრობა ჰქონდათ მიღებული მტევნებსა და სახის არეში.

რეგიონებში პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან კლინიკაში 13 პაციენტი გადაიყვანეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პიროტექნიკით სხეულის დაზიანების სულ 30 შემთხვევა დაფიქსირდა.

კანონის მიხედვით, არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის გაყიდვა აკრძალულია, თუმცა ექიმების ინფორმაციით, ბავშვებისთვის მას ბებიები, ბაბუები და მშობლები მაინც ყიდულობენ, რის გამოც ყოველ ახალ წელს ათეულობით ბავშვი ზიანდება.

წყარო: ფორმულა, 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური